რას ელის აფხაზეთი საქართველოში ჩასატარებელი არჩევნებისგან?
ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნების წინ აფხაზეთის პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ვინც ხელისუფლებაში მოვა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ წავა. ისინი ყველა ქართველ პოლიტიკოსს ჰყოფენ ორად: ვისაც ახალი ომი უნდა, და ვინც მზადაა კომპრომისზე წასასვლელად.
მაგალითად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ “უკრაინა ცდილობს გააფართოოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას არასტაბილურობის დამატებითი სარტყელი რუსეთის გარშემო“. ასევე, მისი თქმით, ის საქართველოს ხელისუფლებისგან (ძველიც და ახალიც) თავშეკავებისა და პრაგმატიზმის გამოვლენას ელის, რადგან “ომი მათთვის მომგებიანი არ არის“.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ “საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ფორმულირებებისაგან, რომლებიც არ უწყობს ხელს ურთიერთობების დარეგულირებას“. კერძოდ, ეს ეხება დეფინიციის “ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.
შამბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი “განხილვას არ ექვემდებარება“, ხოლო აფხაზური მხარისთვის საკვანძო საკითხად რჩება “საომარი მოქმედებების არ განახლება და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა“.
აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი რაულ ლოლუა შეშფოთებულია, რომ “ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი არმიის “მაქსიმალური მობილიზაციისკენ” მოუწოდებს და გამოთქვამს სურვილს “საქართველოზე უკრაინაზე უარესი არ დაემართოს“.
აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელმა რუსეთში, ოლეგ ბარციცმა, თავის მხრივ, თქვა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები “ავლენენ ცინიზმს და გადაჭარბებულად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში.”
“დასავლეთის ოფიციალური პირების მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე მოგვაგონებს დასავლეთის ლიდერების ქმედებებს უკრაინაში. მაგრამ თუ უკრაინაში იყო ლიდერი, რომელიც მზად იყო შეეწირა საკუთარი ხალხი, საქართველოში ასეთი ლიდერები ჯერჯერობით არ არიან.” – ამბობს ბარციცი.
რას ელის აფხაზეთი საქართველოში ჩასატარებელი არჩევნებისგან?