ივანიშვილის ბოდიში
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის და საარჩევნო სიის პირველი ნომრის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, სადაც მან ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა, აფხაზეთში ქართულ-აფხაზური ომის თემა კვლავ აქტუალური გახდა.
ამჯერად სოხუმში იმაზე საუბრობენ, რამდენად გულწრფელი იყო ივანიშვილის განცხადება და ასევე, რამდენად მზად არის საქართველო ბოდიში “აფხაზეთის ომისთვისაც” მოიხადოს. თემას აფხაზი ექსპერტები ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი განიხილავენ.
სრული ტექსტი:
ინალ ხაშიგი: გამარჯობა, „ჩეგემსკაია პრავდას“ ეთერში დღეს განვიხილავთ როგორც საშინაო პოლიტიკას, ასევე საგარეო გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. სტუდიაში ჩვენი მუდმივი პოლიტიკური ექსპერტი ასტამურ ტანიაა. ბოლო პერიოდში გავრცელებული პროტოკოლი შიდაპოლიტიკური პრობლემის საგანი გახდა, რამაც გააძლიერა დაძაბულობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით , რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ამ კრიზისის განხილვის გარეშე საუბარი.
ასტამურ ტანია: როცა ეს დოკუმენტი წავიკითხე, ეჭვი გამიჩნდა მის ავთენტურობაზე. ეს ეხება როგორც სტილს, ასევე შინაარსს. ის შესაძლოა შედგენილი იყოს გარკვეული დისკუსიების საფუძველზე და გაურკვეველია ვინ მიიჩნევს მას ავთენტურად. თუმცა, თუ შესაძლებელია დადგინდეს, არის თუ არა ეს რეალური დოკუმენტი, ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა. ასეთი დოკუმენტები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უბრალოდ არ გამოდის.
ყოველ შემთხვევაში, ეს გახდა ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვის საინფორმაციო კამპანიის სტიმული. რუსეთთან ურთიერთობების კრიზისი ის სიტუაციაა, რომელიც პირველად არ ჩნდება. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ვითარებისთვის კრიზისის დარქმევა ხმამაღალი ნათქვამია. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, თუ ის ნამდვილად მოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე. საკითხები, რომლებიც პერიოდულად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, ეს ეხება ბინებს, ჩვენს დღის წესრიგში ათ წელზე მეტია არის. რაც შეეხება საკავშირო ურთიერთობებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის, ისინი არ შეცვლილა. აფხაზური საზოგადოების რეაქცია დაკავშირებულია ძველ შიშებთან რომელიც ხშირად გამხდარა ჩვენი დისკუსიის ნაწილი.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის დაბადების ტრავმა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენ დიდი ხანი ვკარგავდით კონტროლს ჩვენს ტერიტორიაზე და ეკონომიკაზე. ამჟამად ჩვენი იდენტობისა და კულტურის დაშლის საფრთხე არც აბსტრაქტულია და არც წარსულში დარჩა. აფხაზეთში დემოგრაფიისა და ენის საკითხები არ წყდება. ისინი რომ მოგვარებულიყო, ალბათ საზოგადოების დამოკიდებულება სხვაგვარი იქნებოდა.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გულწრფელი საუბრები აფხაზ და რუს კოლეგებს შორის უფრო ხშირად ხდება. რუსეთთან ჩვენი თანამშრომლობა ასიმეტრიულ ასპექტებს ატარებს და არასწორია აფხაზეთის წარმოდგენა, როგორც რუსეთის კისერზე მჯდომი სახელმწიფო. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ჩვენი ისტორია ომის შემდეგ.
აფხაზები ჯიუტი ხალხია. ჩვენ შევედით საკავშირო ურთიერთობებში ჩვენი ტერიტორიის დასაცავად და ეროვნული გადარჩენის უზრუნველსაყოფად. ამის სანაცვლოდ, ჩვენ დავუთმეთ ჩვენი ტერიტორია რუსული სამხედრო ბაზების განლაგებისთვის. ჩვენ რუბლის ზონაში ვართ, გვაქვს საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცე. ეს ყველაფერი რუს კოლეგებს უნდა ავუხსნათ, რადგან ზოგჯერ ძნელია პატარა ერის პრობლემების დანახვა დიდი სახელმწიფოს სიმაღლიდან. სასურველია ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა, რათა ჩვენს პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ.
როცა ახლა ცდილობენ სიტუაციის გეოპოლიტიკურ კონტექსტში გადატანას, თითქოს საუბარია აფხაზეთის ორიენტაციის შეცვლაზე რუსეთიდან დასავლეთისკენ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. დასავლეთის ან აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტიც რომ აღმოჩნდეს აფხაზეთის სათავეში, ის ვერ შეცვლის ძირითად ფაქტორებს. აფხაზეთი რუსეთის გეოპოლიტიკურ ველს მხოლოდ მაშინ ჩამოშორდება, თუ რუსეთი თავად მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. საკუთარი ინიციატივით ამის გაკეთება, ყველას ესმის, რომ უდიდესი გამოწვევა იქნება ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის.
ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა წარმოაჩინოს სიტუაცია, როგორც ბრძოლა დასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის, მხოლოდ ადგილობრივი ელიტის მცდელობაა წარმოაჩინოს საკუთარი უპირატესობა ოპონენტთან მიმართებაში.
ინალ ხაშიგი: თუნდაც ამ დისკურსის არავის სჯეროდეს, ის მაინც შიდაპოლიტიკური თამაშის ელემენტად იქცევა. ჩვენ უკვე გავიარეთ მსგავსი ეტაპები, როდესაც შიდა მტრების ძიებას იწყებ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდებოდა ერთი დიდი სახელმწიფოს ფარგლებში, აბეზღებდნენ არა მხოლოდ გარედან, მეზობლები და ჩვენი თანამემამულე აფხაზებიც კი.
მნიშვნელოვანია ამ საინფორმაციო სივრციდან გასვლა, რომელიც ბოლო დროს მსგავსი ნარატივებით ივსება. ახლა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთში ბარიკადებია: აქეთ არის რუსეთი, იქით-დასავლეთი. ეს სურათი შორს არის რეალობისგან. სამაგიეროდ, ჩვენ არ გვაქვს დისკუსია რეფორმებზე, მმართველობის სისტემებზე, ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
ასტამურ ტანია: უცნაური იქნებოდა, რომ ხელისუფლებას არჩევნებამდე დაეწყო ლაპარაკი რეფორმებზე. ძველი ტრადიციაა, რომ ამომრჩეველს რეფორმებს ჰპირდება ხელისუფლებაში მოსვლის წინ. რაც შეეხება ოპოზიციურ ბლოკს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ აქვთ საკუთარი პრობლემები და ეს შემთხვევითი არ არის.
არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან გავლენიანი პოლიტიკური ძალა აფხაზეთში. ისინი უფრო მეტად წარმოადგენენ ექსპერტთა საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შევიდნენ პარლამენტში, არც ერთი ორგანიზაცია არ ატარებდა დასავლურ დღის წესრიგს. ისინი ორიენტირებული არიან აფხაზეთის დღის წესრიგზე და რეფორმებზე.
რაც შეეხება მოძრაობა Харах Пицунда (სამოქალაქო მოძრაობა აფხაზეთში) ჩემი აზრით, ესეც ნაკლებად გავლენიანი ორგანიზაციაა. Харах Пицунда ჰქონდა პერიოდი, როცა საჯარო აქციებს მართავდნენ, მაგრამ ორგანიზაცია ამის იქით არ წასულა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მისგან ხელოვნურად ცდილობენ რაიმე დიდის და დასავლური გავლენის მქონის შექმნას.
რაც შეეხება აქტივისტზე და ჟურნალისტზე თავდასხმას, ჯობს გამოძიების შედეგების დაველოდოთ. ეს, რა თქმა უნდა, ბინძური მეთოდია და დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ. არ არის საჭირო გამოძიებას თან სდევდეს ზედმეტიპროპაგანდა. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს – ან საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს, ან ყველაფერი შეჩერდება. ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შეუწყნარებელი დამოკიდებულება მსგავსი ქმედებების მიმართ, რადგან აფხაზური საზოგადოება პატარაა.
შეგიმჩნევიათ, როცა აფხაზეთში პოლემიკაა და ჩვენი ტრადიციების მიხედვით, როგორც წესი, ამბობენ, ამა თუ იმ სამეფოში, ამა თუ იმ სახელმწიფოში, ვიღაც. ეს ტრადიცია, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანი ხვდება, რომ შეცდა და ეძლევა გამოსწორების საშუალება და მეორეც, რომ პირად მტრობაში არ გადაიზარდოს. ჩვენ ზედმეტად ვაფასებთ მედიასივრცის გავლენას აფხაზურ საზოგადოებაზე.
ის, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მედიის ყველა წარმომადგენელი შემდეგ გვხვდება ქორწილებსა და დაკრძალვებზე. ისინი მისაწვდომები არიან, ამიტომ ეს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს ჩვენს ქცევას. მიუხედავად პოლიტიკური ვითარებისა, აქ ხალხს აქვს ოჯახური და მეზობლური ურთიერთობები. ისინი აქედან წასვლას არ აპირებენ. ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს მჭიდრო ჰორიზონტალური კავშირები.
გახლეჩის მცდელობები და ჩვენთვის უჩვეულო ხისტი ურთიერთობების დანერგვა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განხილულ პროტოკოლში ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხია ასახული.
თუ ხელისუფლება ხუთი წლის განმავლობაში მოაგვარებდა ჩვენს დემოგრაფიულ, ენობრივ და კულტურულ პრობლემებს, რომლებზედაც დამოკიდებულია ჩვენი ხალხის სახე, ჩვენი მემკვიდრეობის შენარჩუნება და გაძლიერება, შესაძლოა, დღის წესრიგში მყოფი ზოგიერთი საკითხი მოეგვარებინათ.
ახლა კი ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე სახის სანქციები ან რეპრესიები იქნება, რატომ წარმოაჩენენ რუსეთს ცუდი მხრიდან? მეორეც, მისი გამოყენება კონკურენტული უპირატესობების მისაღწევად სახიფათოა, რადგან რუსეთი შეიძლება დიდხანს ვერ გაერკვეს სიტუაციაში და შედეგები ყველასთვის უარყოფითი იქნება.
ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ჩვენი „წითელი ხაზები“, რომლებიც არ უნდა გადაკვეთოთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ძალადობის არდაშვება არც არჩევნების წინ და არც მისი მიმდინარეობის დროს, რადგან ამან შეიძლება უკონტროლო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ფრთხილად უნდა ვიყოთ გამონათქვამებში. სამწუხაროდ, რამდენიმე მილიონი რომ ვიყოთ, ალბათ, განსხვავებული პოლიტიკური კულტურა გვექნებოდა და შეგვეძლებოდა ქუჩაში შეტაკებების თავიდან აცილება.
ინალ ხაშიგი: საქართველოში საარჩევნო რიტორიკაზე მსჯელობისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც, როგორც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, იდეოლოგიურმა ლიდერმა, განაცხადა, რომ აპირებს ბოდიში მოუხადოს ოს ხალხს 2008 წლის ომის გამო.
მან ასევე პირობა დადო, რომ ჩაატარებს ერთგვარ „ნიურნბერგის სასამართლო პროცესს“ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მიმართ, რომელიც ამ კონფლიქტში პასუხისმგებელ პირთა გამოძიებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთზე არაფერი უთქვამს, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ნაბიჯები ამ მიმართულებითაც შეიძლება გადაიდგას.
ასტამურ ტანია: საარჩევნო რიტორიკის თვალსაზრისით, ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯია, მართალია განცხადებაში შეიძლება დავინახოთ გულწრფელობა, მაგრამ საქართველოში ასეთი განცხადებები ხშირად გამოიყენება მტრის იმიჯის შესაქმნელად, სადაც ყურადღება გამახვილებულია რუსულ ოკუპაციაზე.
ივანიშვილის ეს განცხადება საარჩევნო კონკურენტებთან ბრძოლაშია გამოყენებული. ამან შეიძლება გამოიწვიოს წინა კონფლიქტების გამწვავება. სიმბოლური ჟესტები, როგორიცაა პასუხისმგებლობის აღიარება, მნიშვნელოვანია დიალოგის ხელშეწყობისთვის.
როდესაც საზოგადოება მზად არის აღიაროს თავისი შეცდომები, ის ხსნის შესაძლებლობებს მათი გამოსწორებისთვისაც. იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შესაძლებლობა იქნება ამ მიმართულებით სვლა გავაგრძელოთ.
აქტუალური გახდება კითხვები ფორმალური მოლაპარაკების პროცესის განახლების შესახებ, ასევე, თუ როგორ უნდა მოხდეს თანაარსებობა და პრობლემების გადაჭრა. დიალოგის განვითარებისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის „ქართული ოცნება“ უფრო შესაფერისი პარტნიორია აფხაზური მხარისთვის.
თუ სხვა ძალები მოვლენ – მოწინააღმდეგე ძალები, თუნდაც აფხაზეთისა და ოსეთის წინააღმდეგ რაიმე სახის ძალის გამოყენებას არ აპირებდნენ , ისინი დიდხანს იქნებიან საკუთარი პროპაგანდისტული საარჩევნო დისკურსის მძევლები.
მათმა რიტორიკამ შეიძლება შეაფერხოს პრობლემების მოგვარება და გამწვავება გამოიწვიოს. რა შეიძლება გამოიწვიოს ამან? შესაძლოა, კონფლიქტის გამწვავება. ამის პროგნოზირება რთულია და ვფიქრობ, ახლა ქართველ პოლიტიკოსებსაც არ შეუძლიათ ზუსტი პროგნოზის გაკეთება.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმედის მომცემი ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გვექნება ამ მიმართულებით სიარულის გაგრძელების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, გაჩნდება კითხვები ოფიციალური მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, რა ვუყოთ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, როგორ შეგვიძლია თანაარსებობა და როგორ მოვაგვაროთ პრობლემები.
ინალ ხაშიგი: „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ, ივანიშვილმა, ზოგადად გამოკვეთა თავისი ხედვა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით: მთავარი გზავნილია, რომ ნებისმიერი არსებული კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ჯგუფი არსებობს, ასეთი მკაფიო პოზიცია არ აქვს.
ასტამურ ტანია: მათ არ აქვთ მშვიდობიანი დღის წესრიგი.“ ქართულ ოცნებასაც“ კი არ აქვს დღის წესრიგი. იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაწილი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ პუნქტად აირჩია, მხოლოდ საპირისპიროს ამბობენ.
ოპოზიცია მხოლოდ საპირისპირო ჭრილში საუბრობს, რამაც შეიძლება გადადოს პრობლემების გადაწყვეტა, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელი იყო. რა თქმა უნდა, სიტუაცია არ იძლევა სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობების სწრაფად გადაწყვეტის საშუალებას და მე სკეპტიკურად ვუყურებ ამას. მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მხარეებს შეუძლიათ, რაც შეცვლის ფონს და გააუმჯობესებს ურთიერთობების კლიმატს. ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია.
ინალ ხაშიგი: მხარდაჭერის უბრალო გამოხატვის გარდა, ალბათ, აფხაზურმა მხარემაც უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია.
ასტამურ ტანია: აქ მნიშვნელოვანია ვიხელმძღვანელოთ პრინციპით “არ ავნო”. აფხაზეთს არ აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ჩვენი თანამდებობის პირები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მათი სიტყვები კონკურენტებთან ბრძოლაში არ იქნას გამოყენებული.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდება ურთიერთობის დამყარება მათთან, ვინც გაიმარჯვებს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, უნდა დავიცვათ გარკვეული დისტანცია. რადგან ისინი ცდილობენ წარმოადგინონ, რომ აფხაზეთი არის ერთგვარი დაბრკოლება, ინსტრუმენტი რუსეთის ხელში, რომელსაც მუდმივად აწყდება საქართველოს ხელისუფლება, რასაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ურთიერთობებისთვის სარგებელი არ მოაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი მცირე სუბიექტია შეზღუდული ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო შესაძლებლობებით, ის სარგებლობს ამით. საზოგადოებას შეუძლია სწრაფად მობილიზება და სოლიდარობის დემონსტრირება. ამიტომ, აფხაზეთის ფაქტორის იგნორირება არ შეიძლება. რუსეთი, აფხაზეთთან დიალოგს წარმოებისას აღიქვამს მის სუბიექტურობას.
აფხაზეთი სახელმწიფოა და არა კვაზისახელმწიფოებრივი ერთეული. ეს შეიძლება არასრულყოფილია, მაგრამ ეს ჩვენი შემოქმედებითი ძალისხმევის შედეგია. ეს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის მოგვარებას – აფხაზეთი არ შეიძლება დარჩეს ბრჭყალებს გარეთ.
ინალ ხაშიგი: ამ პოზიტიურ ნოტაზე ვასრულებ გადაცემას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესი კონტროლირებადი დარჩება და არ გასცდება გარკვეულ საზღვრებს. იმედი მაქვს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიტიური განცხადებები გაგრძელდება.