ივანიშვილის ბოდიში
JAMnew-ის რედაქტორი აფხაზეთში ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გულწრფელად აპირებს ბოდიშის მოხდას ოსებისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, მაშინ მან ასევე უნდა მოუხადოს ბოდიში აფხაზებს.
საქართველომ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, ოს ხალხს 2008 წლის ომის გამო ბოდიშს დაჰპირდა. უფრო მეტიც, ივანიშვილი ქართულ „ნიურნბერგის პროცესის“ ორგანიზებასაც გვპირდება.
ძალიან თამამი განცხადებაა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სიტყვებია. მეტიც, ეს წინასაარჩევნო პერიოდში ითქვა, არავინ იცის ვინ როგორ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სულიერმა ლიდერმა ქართველებში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან არაპოპულარული შეფასება გააჟღერა და ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლებას დაადანაშაულა, ვფიქრობ, ეს არის ივანიშვილის რეალური დღის წესრიგი.
მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ მონანიება არ არის მხოლოდ გზა ივანიშვილისა და ქართული ოცნებისთვის ერთხელ და სამუდამოდ გაუმკლავდნენ მათ მთავარ შიდა პოლიტიკურ მტერს, პარტია “ნაციონალურ მოძრაობას”, არამედ მიუთითებს იმაზე, თუ როგორი უბედურება მოიშორეს ქართველებმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მთავარი ოპოზიციური პარტიაა საქართველოში, რომელიც 2008 წლის ომის დროს ხელისუფლებაში იყო. პარტიის დამფუძნებელი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
და რადგან ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ ისტორიული შეცდომების გამოსწორებაზე და არა მიხეილ სააკაშვილთან და მის პარტიასთან ანგარიშსწორებაზე, მაშინ ლოგიკური იქნება, თუ ივანიშვილი ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამდა აფხაზებთან მიმართებაში და ბოდიშს მოუხდიდა 1992 წლის აგვისტოში ომის დაწყებისთვის.
გარდა ამისა, თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ საქართველოს პარლამენტმა უნდა გააუქმოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“.