“აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში პრეზიდენტია დამნაშავე” – ინტერვიუ აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ინტერვიუ ადგურ არძინბასთან

აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას რუსეთთან ურთიერთობებში კრიზისის მთავარ დამნაშავეს თვლის.

“ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორ იზიდა ჭანიასთან ინტერვიუში, რომელსაც JAMnews შემოკლებული ვერსიით გთავაზობთ, ადგურ არძინბამ კრიზისის მიზეზებზე და მისგან გამოსავლის ხედვაზე ისაუბრა.

იგი რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების მთავარ პირობად ასლან ბჟანიას 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას მიიჩნევს.

სკანდალური პროტოკოლი

[ოქმის] შინაარსი ჩამოყალიბდა აბსოლუტურად ლეგალურ საფუძვლებზე, რომელიც ეფუძნება ადრე გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

გადაწყვეტილებები აფხაზეთის ელექტროენერგიით კომერციული ტარიფებით უზრუნველყოფისა და საჯარო სექტორის გარკვეული კატეგორიის თანამშრომელთა თანადაფინანსების შემცირების შესახებ, შეესაბამება ადრე მიღებულ შეთანხმებებს.

სახელმწიფო მოხელეთა თანადაფინანსება

აფხაზურმა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის თანადაფინანსებაში მონაწილეობის წილი 85%-მდე გაზარდოს. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას უნდა ჰქონოდა ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის გეგმა ამ ხარჯების დასაფარად.

ჩვენ არაფერი ვიცით ასეთი გეგმის არსებობის შესახებ, ბიუჯეტის შემოსავლების მკვეთრი ზრდა არ მომხდარა. არ არსებობს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროები.

ამ პირობებში ჩვენი ხელისუფლება რეგულარულად სთხოვდა მოსკოვს, გადაედო თანადაფინანსებაში წილობრივი მონაწილეობის გადანაწილება, რითაც თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან.

ელექტროენერგიის ტარიფები

არის დეფიციტი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ [აფხაზეთის] ხელისუფლებამ მოახდინა მაინინგის ლეგალიზება და მოხმარება გაიზარდა 1 მილიარდი კილოვატ საათით.

აფხაზეთსა და რუსეთს შორის მიღებულ იქნა სამოქმედო გეგმა “რესპუბლიკის” ენერგომომარაგების ოპტიმიზაციისა და მისი ენერგეტიკული სისტემის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით. ეს პროგრამა ითვალისწინებდა სოხუმის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შემცირებას, აღრიცხვის მოწყობილობების რაოდენობის გაზრდას და ა.შ., მაგრამ არცერთი ეს პუნქტი არ განხორციელებულა.

აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია

ასლან ბჟანიამ აიღო ისეთი ვალდებულებები, რომლებიც სცილდებოდა მის უფლებამოსილებებს – ვინაიდან მას არ შეუძლია აიღოს ვალდებულება პარლამენტის მიერ გარკვეული კანონების მიღებასთან დაკავშირებით.

მას მხოლოდ კანონპროექტების შემუშავებისა და პარლამენტში მათი შემდგომი წარდგენის გარანტიის უზრუნველყოფა შეუძლია.

აფხაზ ოპოზიციონერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობა

ასლან ბჟანიამ არაერთხელ განაცხადა რუსული ტელეარხებით, რომ აფხაზეთში არიან ანტირუსული ძალები, და, როგორც ჩანს, მსგავსი რიტორიკაა მოსკოვში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ამ გზით ის ცდილობს გაამართლოს თავისი წარუმატებლობა საგარეო პოლიტიკაში.

მოსკოვისთვის ასლან ბჟანია ცუდი პრეზიდენტია

მოსკოვი ყველანაირად გვიხსნის: „ძვირფასო აფხაზო ხალხო. არასწორი პრეზიდენტი აირჩიე“.

ასლან ბჟანია ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაში ოპოზიცია არის დამნაშავე. მაგრამ ჩვენი ბრალია, რომ ის არ მიიწვიეს 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე, პუტინის ინაუგურაციაზე და ა.შ?

2020 წლამდე ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი იყო ხელისუფლებაში, მათ შორის მეც და მოსკოვთან შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. დიახ, იყო გარკვეული დავა და უხეში ჩარევები, მაგრამ ეს ნორმალური პროცესია.

ახლა რუსეთში ხელისუფლება ისევ იგივეა, აფხაზეთში კი უკვე სხვა ხელისუფლება და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. ამ დროისთვის, ბჟანიას ხელისუფლება ობიექტურად ყველაზე უარესია მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენ გვაღიარა.

რა შუაშია ოპოზიცია?

ბჟანია საქართველოს ეფლირტავება

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ასლან ბჟანიამ დაიწყო საქართველოსთან ფლირტი: ქართველი პოლიტიკოსების ფარული ვიზიტი, დოკუმენტი საგარეო პოლიტიკური კონცეფციის სახით, რომელიც ასახავდა მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას და მრავალდონიან მოლაპარაკებებს საქართველოსთან… ანუ მან თავიდანვე აჩვენა აფხაზურ საზოგადოებასაც და რუსეთსაც, რომ არასანდო პარტნიორია, არასანდო პოლიტიკოსია.

როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან

ჯერ ასლან ბჟანიას უნდა მოვიშოროთ. სანამ ეს ადამიანი აფხაზეთში ხელისუფლებაშია, ურთიერთობები კიდევ გაუარესდება მოსკოვთან.

მეორე: რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება გადატვირთვა – ორივე მხრიდან ბევრი არარეალიზებული მოლოდინია. მაგრამ ამავდროულად, ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი პოზიტიური რამ, რის საფუძველზეც ჩვენ კიდევ უფრო დინამიურად უნდა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები მოსკოვთან.

განხეთქილება ოპოზიციაში

რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ, ოპოზიციაში განხეთქილება არ არის, აფხაზურ საზოგადოებაში ყოველთვის იყო მიღებული ყველა პროცესისადმი დემოკრატიული მიდგომა. ყველას ყოველთვის განსხვავებული აზრი აქვს, და ეს კარგია.

მაგრამ განხეთქილება არ არის. უფრო მეტიც, ასლან ბჟანიას საქმიანობის შესახებ ყველას ერთი და იგივე შეფასება აქვს. ჩვენ ყველა მას ვაფასებთ, როგორც ადამიანს, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა აფხაზეთს, ჩვენს ხალხს და აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს აფხაზეთი ამ კაცისგან.

უძრავი ქონების გაყიდვა რუსებზე

[აფხაზეთში უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვაზე] აკრძალვის მოხსნის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვიყავი და ასე ვრჩები.

ჯერ არ ვართ მზად.

აფხაზი ხალხის მთავარი შიში არის ი,ს რომ ისევ უმცირესობაში აღმოჩნდეს საკუთარ მიწაზე. როდესაც ჩვენ შევძლებთ ამ ისტორიულად გამოყოლილი შიშის დაძლევას, მაშინ შესაძლებელი იქნება ამ თემაზე საუბარი.

ჩვენ მზად ვართ სამომავლოდ ამაზე ვიმსჯელოთ – ეს საკითხი ასე თუ ისე დღის წესრიგში დგას. როცა აფხაზეთში ძალაუფლება იცვლება, საჭიროა გულწრფელი, ღია საუბარი [რუსეთთან] ჩვენი ინტელიგენციის, პარლამენტარებისა და ორივე მხარის საზოგადოების ჩართულობით. მოდი ვილაპარაკოთ ძმებივით და მერე საერთო ენის გამონახვასაც შევძლებთ.

მაგრამ ზეწოლის ქვეშ ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ რაიმე საკითხს, ეს შეუძლებელია. რადგან თუ ერთხელ დაემორჩილებით ზეწოლას, ის მხოლოდ გაიზრდება და მას დასასრული აღარასიდეს ექნება.

საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში

ეს იქნება საბედისწერო არჩევნები. თუ ასლან ბჟანია ძალაუფლებას შეინარჩუნებს, მაშინ აფხაზური სახელმწიფო აღარ იარსებებს, აფხაზი ხალხის ინტერესები მინიმალურ დონეზე დაიწევს, რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდება და ძალიან არასასურველ პროცესებს მიაღწევს.

მაშასადამე, ჩნდება შეკითხვა: ვიყოთ თუ არ ვიყოთ; ჩვენი ერი გადარჩეს თუ გაქრეს?

ინტერვიუ ადგურ არძინბასთან

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.