ვის ინტერესშია აფხაზეთის რკინიგზის პროექტი?

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთის რკინიგზის პროექტი

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” (“რონდელის ფონდი”) ვებ-გვერდზე. სტატიის ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია უცვლელად. ყველა უფლება ეკუთვნის „რონდელის ფონდს”. გამოქვეყნების თარიღი: ივლისი, 2023 წელი.

ბოლო დროს რუსეთის ხელისუფლებისა და მედიის მხრიდან გახშირდა საუბარი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე. საინტერესოა, რატომ გახდა ეს საკითხი კვლავ აქტუალური, ვის მოუტანს სარგებელს და ვის მოუტანს ზიანს რუსეთსა და საქართველოს შორის 1993 წლიდან, აფხაზეთის ომის შედეგად, შეჩერებული სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა?

რუსეთის ხელისუფლების განცხადებები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, ყოველკვირეული ბრიფინგის დროს, რუსეთსა და სომხეთს შორის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, რუსეთი ყველა ძალისხმევას მიმართავს დაგეგმილი მასშტაბური „საგზაო რუკის“ განსახორციელებლად, რაც მოიცავს სახელმწიფოს მეთაურების დონეზე დოკუმენტების ხელმოწერას და მთავრობების წარმომადგენლების მონაწილეობით შესაბამისი კომისიების მუშაობას. ზახაროვამ დასძინა, რომ „ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი კეთდება ამ გეგმის განსახორციელებლად“.

სავაჭრო-სამრეწველო პალატა

ზახაროვას განცხადებამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე ოკუპირებული აფხაზეთის სატრანზიტო პოტენციალის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმაც. 12 მაისს რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბრისას, მან თქვა, რომ უნდა დაიგეგმოს სარკინიგზო ტრანზიტი აბრეშუმის გზის მარშრუტის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ჩინეთის, ირანის (ბანდარ-აბასი, ასტარა), აზერბაიჯანისა (ასტარა, გაბალა) და საქართველოს (მარნეული), მათ შორის აფხაზეთის, ტერიტორიას. კატირინის აზრით, საქართველოს გავლით სარკინიგზო ტრანზიტის გახსნა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის განტვირთვას და ტვირთების გადაზიდვის ხარჯების შემცირებასაც გამოიწვევდა.

კატირინის განცხადებიდან მალევე, 17 მაისს, ირანმა და რუსეთმა რაშტ-ასტარას სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რუსეთი გეგმავს ამ პროექტის 1.3 მილიარდი ევროთი დაფინანსებას. რუსეთის გეგმის მიხედვით, სარკინიგზო ხაზი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ნაწილი უნდა გახდეს, რომელმაც რუსეთი კასპიის ზღვის აუზის, სპარსეთის ყურესა და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი და ირანი, აზერბაიჯანის გავლით, სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია

30 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხზე რუსეთთან რაიმე სახის  მოლაპარაკება არსებობს და განაცხადა, რომ რკინიგიზის აღდგენა მხოლოდ საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი. რკინიგზის საკითხის განხილვა უარყო საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმაც.

რატომ გახდა რკინიგზის აღდგენის საკითხი კვლავ აქტუალური რუსეთისთვის?

საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე რუსეთის განცხადებების კონტექსტი ამჯერად განსხვავებულია. თუ ადრე ეს საკითხი უფრო მეტად სომხეთის ეკონომიკურ ინტერესებს უკავშირდებოდა, ამჯერად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი, დასავლეთის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში, თავად ცდილობს იმპორტ-ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტების განვითარებას. 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისთვის აფხაზეთის ტერიტორია და იქ არსებული ინფრასტრუქტურა სხვაგვარად მიმზიდველი გახდა, საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობის კონტექსტში. რუსეთს არა მხოლოდ აფხაზეთში არსებული რკინიგზის მიმართ გაეზარდა ინტერესი, არამედ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციასაც გეგმავს.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე წლებია მიმდინარეობს რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსეთის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და რკინიგზის გამტარუნარიანობა შეზღუდულია. გარდა ამისა, რუსეთის გეგმების განსახორციელებლად, საქართველომ რომც განაცხადოს თანხმობა, სრული რეაბილიტაცია სჭირდება ოკუპირებული ტერიტორიისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს.

აშკარაა, რომ ამ ბოლო დროს რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაცია მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვების გაზრდისა და ტურიზმის ხელშეწყობის მოტივით არ არის განპირობებული. ბოლო წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში გაზრდილია რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის მასშტაბები, სადაც ცალსახად იკვეთება რუსეთის ინტერესი. მაგალითად, 2023 წლის 23 მარტს აფხაზეთში პირველად დაფიქსირდა საკონტეინერო მატარებლის (სულ 62 კონტეინერი, რომლითაც 2700 ტონა ტვირთი გადაიზიდა) გადაადგილების შემთხვევაც. არსებული ინფორმაციით, ტვირთი ოჩამჩირის პორტში გემში ჩაიტვირთა და თურქეთის მიმართულებით წავიდა. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს სანქციების გვერდის ავლისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს.

ვის მოუტანს სარგებელს და ვის მოუტანს ზიანს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა?

რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით ზოგიერთი აქტორი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, ზოგიერთი კი – ზიანს.

ვინ მიიღებს სარგებელს?

რუსეთი: უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე დასავლეთთან დაპირისპირებისა და სანქციების პირობებში რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც მას დასავლური სანქციებისგან მიღებული ზიანის შემცირების შესაძლებლობას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სატრანზიტო რესურსი (გზები, რკინიგზა, პორტები, აეროპორტი) მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ მოსკოვისთვის ყველა ვარიანტი მისაღებია. აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით რუსეთი, ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ სარგებელსაც მიიღებს, რაც საქართველოზე ეკონომიკური და შესაბამისად პოლიტიკური გავლენის ზრდაში გამოიხატება.

სომხეთი: სომხეთი, რომლის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები მეზობლებთან (აზერბაიჯანი, თურქეთი) ჯერ კიდევ შეზღუდულია, წლებია ლობირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლის განახლებას. რკინიგზის ამოქმედების შემთხვევაში ერევანი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტისა და საქართველოს საზღვაო პორტების გარდა რუსეთთან დამაკავშირებელ დამატებით მარშრუტს განავითარებს, რაც მას მის წინაშე არსებული ლოგისტიკური გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

ოკუპირებული აფხაზეთი: ოკუპირებული აფხაზეთისთვის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სარკინიგზო მიმოსვლის განახლება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეკონომიკური კუთხით, აფხაზეთში აღდგება ინფრასტრუქტურა, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები, სარკინიგზო დერეფნის ამოქმედების შედეგად გაიზრდება დე ფაქტო ხელისუფლების შემოსავლები. პოლიტიკური კუთხით კი, ოკუპირებული რეგიონი საერთაშორისო პროექტის მონაწილე გახდება, რაც მის „დამოუკიდებელ“ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბიექტად წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

ვინ მიიღებს ზიანს?

საქართველო: აფხაზეთის დეოკუპაციისა და მასზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის დაბრუნების გარეშე რუსეთსა და საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ ირიბად აღიარების ტოლფასია, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველო დათანხმდება იმ ტვირთების მიღებასა და გატარებას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს არალეგალურად, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გარეშე გადაკვეთს, ხოლო თუ ამ ტვირთების სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი ოკუპაციის ხაზთან მოხდება, ეს ოკუპაციის ხაზის სახელმწიფო საზღვრად გაფორმების საფრთხეს წარმოშობს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ პირდაპირ წერია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ რუსეთის შემოთავაზებაზე დათანხმება, ავტომატურად ამ კანონში ცვლილებების შეტანასა და მის დასუსტებას გულისხმობს.

გარდა ამისა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირობებში, საქართველოს მხრიდან მსგავს რუსულ ეკონომიკურ პროექტში ჩართვა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას ნიშნავს, რაც, დასავლეთისგან დაშორების ხარჯზე, საქართველოში რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდას გამოიწვევს.

დასავლეთი: აშშ, ევროკავშირი და მათი მოკავშირე ქვეყნები, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული, მსგავს პროექტებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის კონტექსტში განიხილავენ. ამავე დროს, რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რეგიონში რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე დასავლეთის გავლენის შესუსტებასაც გამოიწვევს.

დასკვნა

ამრიგად, რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივა შორსმიმავალი რუსული გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც კრემლის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება: ერთი მხრივ, დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებასა და ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის საერთაშორისო ლეგიტიმაციასა და საქართველოზე გავლენის გაზრდას.

თუ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება რუსეთის წინადადებას აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესაბამისი ჩანაწერსაც გააუქმებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, რადგან ამით საქართველო მოახდენს რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციას, ხელს შეუწყობს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას, მნიშვნელოვნად დააზიანებს ურთიერთობებს დასავლეთთან და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ვერანაირი ეკონომიკური სარგებელი ამ პოლიტიკურ ზიანს ვერ დააკომპენსირებს. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ვითარებაში რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა დაუშვებელია.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.