“თვითონ სიტყვის თავისუფლება გამოცხადდა უცხოურ აგენტად” | ეხო კავკაზა

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

უცხოელი აგენტები აფხაზეთში

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „ეხო კავკაზას“ ვებგვერდზე. ტექსტი და ტერმინოლოგია უცვლელადაა გადმოცემული. ყველა უფლება ეკუთვნის „ეხო კავკაზას“.პუბლიკაციის თარიღი: 2025 წლის 25 მარტი

ავტორი: ხატია ხასაია

თითქმის ერთი თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებულ აფხაზეთში პირველი რუსი „უცხოელი აგენტი“ გამოჩნდა, რომ უკვე ახალი სახელებიც დაემატა სიას. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ამ სტატუსით ცნობილი აფხაზი ჟურნალისტები, იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა აღიარა.

არშბას სიაში მოხვედრა ბევრს განსაკუთრებით უცნაურად მოეჩვენა, რადგან მას რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს.

რამდენიმე საათით ადრე, სანამ ორ აფხაზ ჟურნალისტს „უცხოელი აგენტის“ სტატუსს მიანიჭებდნენ, რუსულმა ტელეკომპანია „НТВ“-მ რეპორტაჟი გაავრცელა, რომელსაც ბევრი „საჯარო დასმენად“ მიიჩნევს. მასალაში ამბობდნენ, რომ აფხაზეთში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები USAID-ის დაფინანსებას იღებენ, ავრცელებენ ანტირუსულ განწყობებს და ეჭვქვეშ აყენებენ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის „სისწორეს“.

რეპორტაჟში ჭანია და არშბა „საკუთარ საზოგადოებაში უცხოებად“ მოიხსენიეს, ხოლო ორი საათის შემდეგ მათ ოფიციალურად მიენიჭათ სტატუსი, რომელიც „სხვისი სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედ პირებს“ გულისხმობს – ანუ „უცხოელი აგენტებს“.

იზიდა ჭანია გამოცემა „ნჟნაია გაზეტას“, ხოლო ნიზფა არშბა საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ ხელმძღვანელობს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მათი სიაში შეყვანა ტრადიციული ფორმულირებით ახსნა:

ნიზფა არშბა: „ავრცელებდა არასანდო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ პოლიტიკაზე, ასევე საარჩევნო სისტემაზე. არის უცხოური გამოცემის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.“

იზიდა ჭანია: „მონაწილეობდა უცხოელი აგენტების მასალებისა და შეტყობინებების ფართო გავრცელებაში. როგორც უცხოური გამოცემის თანამშრომელი, ავრცელებდა არასანდო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ პოლიტიკაზე, ასევე საარჩევნო სისტემაზე. თანამშრომლობს ონლაინ პლატფორმასთან, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციასთან, რომელიც შეტანილია იმ უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად არის მიჩნეული.“

მსგავსი არგუმენტებით გაამართლა რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთში პირველი „უცხოელი აგენტის“ გამოცხადებაც – ეს სტატუსი „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარ რედაქტორ ინალ ხაშიგს მიენიჭა. მას ბრალად დასდეს „ფეიკების“ გავრცელება რუსეთის ხელისუფლებაზე და კავშირები უცხოელ პოლიტიკოსებთან.

“აფხაზეთი რუსეთი არ არის”

ინალ ხაშიგისთვის „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მინიჭება სხვებისთვის გამაფრთხილებელ სიგნალად აღიქვა. მაშინვე, პროსახელისუფლებო Telegram-არხმა „АМРА-life“ მიანიშნა, რომ სიაში მალე ახალი აფხაზი ჟურნალისტებიც გაჩნდებოდნენ.

პირველი კანდიდატი ამ სტატუსისთვის იზიდა ჭანია იყო, თუმცა გავრცელდა ჭორები, რომ მას შეიძლება რუსული მოქალაქეობაც ჩამოერთვას – როგორც ეს აფხაზი ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან მიქაას და კან კვარჩიას შემთხვევაში მოხდა.

ჭანია და შემდეგ უკვე ნიზფა არშბა პროსახელისუფლებო ანონიმურმა წყაროებმა დაადანაშაულეს 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში, რომელიც აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომით დასრულდა.

რუსული ტელეკომპანია „Рен ТВ“ კი არშბას „დამნაშავეობას“ მისი ერთ-ერთი მასალით ამყარებს, სადაც ის აფხაზური მიწების რუსი ინვესტორებისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება – საკითხი, რომელიც აფხაზეთში ისედაც ფართო უკმაყოფილებას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ნიზფა არშბა ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელმაც გაბედა და სოჭში იმ საავადმყოფოში ჩავიდა, სადაც აფხაზეთში ფეხში დაჭრილი რუსი ტურისტი მკურნალობდა. მამაკაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის საზოგადოებრივ ადგილას შიშველი ტორსით გამოჩნდა. ეს ინციდენტი როგორც აფხაზურმა, ასევე რუსულმა ხელისუფლებამ და მედიამ გაუთქმელ თემად აქცია.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ნიზფა არშბას საქმეში ის არის, რომ ის, განსხვავებით აფხაზთა უმრავლესობისგან, ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი არ არის. მისი ერთადერთი პასპორტი აფხაზურია, თუმცა ამას არ შეუშლია რუსეთის იუსტიციის სამინისტროსთვის ხელი, რომ ის „უცხოელ აგენტთა“ სიაში შეეყვანა.

„რაც შეეხება ჩემს „უცხოელ აგენტად“ გამოცხადებას: მე არ ვარ რუსეთის მოქალაქე და არც არასდროს ვყოფილვარ. და აფხაზეთი – არ არის რუსეთი,“ – განაცხადა არშბამ მოკლე ვიდეომიმართვაში, სადაც საკუთარ ახალ სტატუსს გამოეხმაურა.

თუმცა, „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონი მოქალაქეობასთან პირდაპირ კავშირში არ არის. ეს სტატუსი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მიენიჭოს, მისი პასპორტის მიუხედავად. მაგალითად, 2023 წლის აპრილში „უცხოელი აგენტების“ რეესტრში შევიდა ბულგარელი საგამოძიებო ჟურნალისტი ხრისტო გოზევი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა არასდროს ჰქონია.

„რეპრესიები აუთსორსზე“

ოპოზიციურად განწყობილი Telegram-არხების შეფასებით, იზიდა ჭანია, ნიზფა არშბა და ინალ ხაშიგი „რეპრესიების აუთსორსის“ მსხვერპლნი გახდნენ. მათი აზრით, ჟურნალისტების შავ სიაში შეყვანა ყოფილი, მაგრამ არჩევნების შედეგად აღდგენილი აფხაზეთის ხელისუფლების ინიციატივაა.

„მათი „დანაშაული“ მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ღიად და დასაბუთებულად აკრიტიკებდნენ აფხაზი ჩინოვნიკების კორუფციულ სქემებს, რუსეთის ფინანსური დახმარების გაფლანგვას. მათ საჯაროდ წარმოაჩინეს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „აჩგუარას“ სარემონტო პროცესში არსებული სქემები, ათიათასობით კრიპტომაინინგის ფერმის უკანონო ფუნქციონირება, რომლებიც დღესაც პირადი მოგების წყაროს წარმოადგენს აფხაზი მაღალჩინოსნებისთვის, რუსეთის ჰუმანიტარული ენერგომომარაგების ხარჯზე,“ – წერს Telegram-არხი „D News“.

ამ დროისთვის დამოუკიდებელი მედიის ყველა ხელმძღვანელი აფხაზეთში „უცხოელ აგენტად“ არის გამოცხადებული.

„ფაქტობრივად, „უცხოელი აგენტი“ კი არა, თავად სიტყვის თავისუფლება გამოაცხადეს ასეთი სტატუსით,“ – აცხადებს აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლიანა კვარჩელია.

ყველა ჟურნალისტი, რომელიც „უცხოელი აგენტის“ სიაში მოხვდა, აქტიურად აკრიტიკებდა სამთავრობო ინიციატივებს, რომლებიც არაერთხელ გამხდარა მასობრივი პროტესტის მიზეზი. ამ ინიციატივებს შორის ბოლო იყო რუსულ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმება, რომელმაც საბოლოოდ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომა გამოიწვია.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, აფხაზურ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების დაცვა უნდა უზრუნველყოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი კი თანამდებობიდან უნდა გადადგეს

ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის არაერთმა საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას გადადგომა მოითხოვა. მთავარი მიზეზი მისი სამსახურებრივი მოვალეობის უგულებელყოფა და აფხაზეთის სუვერენიტეტისა და მოქალაქეთა უფლებების ეფექტურად დაცვის უუნარობაა:

„ჩვენ ველოდებით ახალი მინისტრის დანიშვნას, რომელიც მზად იქნება: თითოეული სანქციის შემთხვევაზე აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალური პოზიცია საჯაროდ გაახმიანოს; რუსეთის ფედერაციის წინაშე დიპლომატიური ინიციატივით გამოვიდეს; საზოგადოებას წარუდგინოს პერსონალური სანქციების მოხსნის გეგმა.“

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აიდგილარა“ მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები მოწმობს: ბადრა გუნბას ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოსული გუნდი სრულად ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ არჩეული „სუვერენიტეტის დათმობის“ კურსი ქმნის. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს მორიგების პოზიციას ირჩევს და მოვლენებს მხოლოდ გვერდიდან აკვირდება, ფაქტობრივად იმავე პოლიტიკას აგრძელებს.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სანქციების მექანიზმი საფრთხეს უქმნის რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს და შესაძლოა, მომავალში ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებასაც შეუწყოს ხელი.

საზოგადო მოღვაწე თენგიზ ჯოპუა გრძელვადიან პერსპექტივაში თავად რუსეთისთვისაც ხედავს რისკს. მისი თქმით, თუ კრემლი გააგრძელებს აფხაზური საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხების უგულებელყოფას, ის „აფხაზთა თვითშეგნების ცენტრებთან“ დაპირისპირდება, რაც საბოლოოდ რუსეთთან მიმართებით მთლიანი საზოგადოების განწყობის ცვლილებას გამოიწვევს.

„ბზარი უკვე გაჩნდა, და ის სწრაფად ფართოვდება. ნდობა შეუმჩნევლად შეიცვალა სიფრთხილითა და მოჩვენებითი გულწრფელობით – და ეს ცვლილება უკვე მაღალ წრეებში ვრცელდება, შემდეგ კი ქვედა ფენებსაც მოიცავს, სადაც ის არასდროს ყოფილა. ეს ჯერ კიდევ არ არის ანტირუსული განწყობა, მაგრამ მისი მოახლოების მკაფიო წინათგრძნობაა – და ეს ყველაზე სამწუხარო და სახიფათოა ამ პოლიტიკაში,“ – აცხადებს ჯოპუა.

საზოგადოება აფრთხილებს: თუ ხელისუფლებისგან უახლოეს მომავალში საჯარო რეაქცია არ იქნება და სიტუაციის მიჩუმათება გაგრძელდება, ეს ღრმა პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს, რომლის შედეგებიც ყველა მხარისთვის დამანგრეველი იქნება.

აფხაზეთში ხელისუფლების ლეგიტიმაციის დაკარგვის შედეგები ყველას კარგად ახსოვს.

მსგავსი სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4-5 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე გააკეთა.
აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.