“საქართველომ უნდა ისწავლოს “კი“-ს თქმა“ – ჟურნალისტის პოზიცია აფხაზეთიდან

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

საქართველოს პოზიციაზე აფხაზეთთან დაკავშირებით

სოხუმის აეროპორტმა, თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ხელახლა დაიწყო ფუნქციონირება. ჯერჯერობით ის მხოლოდ რუსულ ავიახაზებს მოემსახურება.

საქართველოს ხელისუფლებამ ამ მოვლენას, როგორც მოსალოდნელი იყო, მკაცრი კრიტიკით უპასუხა. თუმცა აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი თვლის, რომ თბილისის ასეთი პოზიცია არაეფექტიანია და რეალობასაა აცდენილი.

გაზეთ ჩეგემსკაია პრავდა-ში გამოქვეყნებულ სვეტში ხაშიგი წერს, რომ საქართველომ დროა გადახედოს საკუთარ მიდგომას აფხაზეთის მიმართ და მუდმივი “არა“-ს პოლიტიკა უფრო მოქნილი სტრატეგიით ჩაანაცვლოს.

ინალ ხაშიგი:

სამყარო თვალსაჩინოდ იცვლება — სწრაფად, კალეიდოსკოპიური სისწრაფით.

დონალდ ტრამპი მეგობრობს ვლადიმირ პუტინთან და კონფლიქტშია ბრიუსელთან.

თბილისი აჰყვა იმავე ბრიუსელთან კამათს და პარალელურად მეგობრულად ვაჭრობს მოსკოვთან.

ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ ფანტასტიკის სფეროდ ჩანდა, დღეს ყოველდღიურ რეალობად იქცა.

უცვლელი დარჩა მხოლოდ საქართველოს ოფიციალური დამოკიდებულება აფხაზეთში მიმდინარე პროცესების მიმართ.

გარდა იმისა, შეუერთდება თუ არა საქართველო კვლავ დსთ-ს, ОДКБ-ს ან სხვა მოსკოვის მიერ ინიცირებულ ალიანსებს, მის ხედვაში აფხაზეთისადმი ცვლილება თითქმის შეუძლებელია — თითქოს დრო და გარემოებები მას არ ეხმარება.

სწორედ ამიტომ სოხუმის აეროპორტის გახსნაზე თბილისის რეაქცია სრულიად პროგნოზირებადი აღმოჩნდა — ძველი პოზიცია კვლავ განმეორდა: “არ შეიძლება!“

მაგრამ რამდენად პროდუქტიულია ეს პოზიცია?

თუნდაც სურვილი მართლაც ჰქონდეს, თბილისს არ შეუძლია ხელი შეუშალოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას — ისევე როგორც ვერ ახდენს გავლენას ამ ორ მხარეს შორის თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე.

საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს ჩარევას სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში.

თანაც, რაც უფრო მეტად იზღუდება აფხაზეთის კავშირები დანარჩენ მსოფლიოსთან, მით უფრო მჭიდროვდება მისი ურთიერთობა რუსეთთან.

საინტერესოა, რომ აფხაზეთ-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენით მხოლოდ სოხუმი არ არის დაინტერესებული — ინიციატივას მხარდაჭერა მოსკოვშიც აქვს. იმ მოსკოვში, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს. იმდენად აქტიურად, რომ ხელისუფლებას უკვე პრორუსულობის იარლიყიც მიენიჭა.

არ არის გამორიცხული, რომ მმართველი პარტია, “ქართული ოცნება“, იმედოვნებს: კრემლი დაეხმარება აფხაზეთის “დაბრუნებაში“.

მეორე მხრივ, თბილისი მუდმივად ახსენებს, რომ აფხაზები ჩვენი “ძმები“ არიან და პირდება მათ კეთილდღეობას იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნდებიან საქართველოს შემადგენლობაში.

ამ ფონზე კი, თბილისიდან წამოსული მორიგი პროტესტი სოხუმის აეროპორტის ამოქმედებაზე არათუ არაეფექტიანი, არამედ აშკარად კონტრპროდუქტიული ჩანს.

ამ გზით საქართველოს ხელისუფლება ერთდროულად იღებს უკმაყოფილებას რუსეთში — იმავე რუსეთში, რომელსაც გარკვეულ იმედებს უკავშირებს — და ამძაფრებს უნდობლობას აფხაზთა მხრიდან.

ცხადია, თბილისს არც ჩემი რჩევა სჭირდება. მაგრამ მაინც ვთავაზობ უფრო რაციონალურ ტაქტიკას აფხაზეთის მიმართულებით.

პირველ რიგში, სცადეთ თქვათ “კი“ იქ, სადაც თქვენი უარი მაინც არაფერს ცვლის. ეს პოზიცია შესაძლოა პოზიტიურ ემოციურ ფონად იქცეს როგორც თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებში, ისე საქართველოსა და რუსეთს შორის საქმიანი კავშირების კონტექსტში.

მაშინ, არ არის გამორიცხული, რომ ის გლობალური ცვლილებები, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში უკვე რეალურად მიმდინარეობს, ერთ დღეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსაც შეეხოს.

მსგავსი სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4-5 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე გააკეთა.
აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?