რა განსხვავებაა საქართველოს კანონმდებლობაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის?
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან უქმდება ორი კანონი – ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება პირველი კანონის გაუქმებას მოჰყვა, რადგან ამ გადაწყვეტილებით უქმდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია. გაჩნდა მოსაზრებები და შეფასებები, ასევე შიშები რომ საქართველომ შესაძლოა ასევე გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში.
ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ბუნებრივია ხელს ცოტა რამ თუ შეუშლის, თუმცა არის შინაარსობრივი სხვაობა სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციასა და აფხაზეთის მთავრობას შორის. ამ სხვაობებისა და სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინება კი „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1922 წლის აპრილს შეიქმნა, ხოლო 1990 წლის დეკემბერში ის საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა. ამ თარიღის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია არ ცნობს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ ერთეულს. მიუხედავად ამისა 1992 წლის ივნისში სოჭის [დაგომისის] ხელშეკრულებასა და სხვა გვიანდელ საერთაშორისო დოკუმენტებში ტერმინი სამხრეთ ოსეთი კვლავ ფიგურირებს. მაგალითად 2008 წლის ე.წ. სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაშიც რამდენჯერმეა ნახსენები ეს ტერმინი.
2007 წლის მაისში თბილისის გადაწყვეტილებით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სადაც ქართული იურისდიქცია ფუნქციონირებდა ჩამოყალიბდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია.
შედეგად ცხინვალის რეგიონში ჩამოყალიბდა ორი ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომელთაგან ერთს, სეპარატისტულს რუსეთი უმაგრებდა ზურგს, მეორეს – თბილისი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დროებითი ადმინისტრაციის ტერიტორია სრულად მოხვდა ოკუპაციის ქვეშ და ადმინისტრაცია მას შემდეგ თბილისიდან ახორციელებს საქმიანობას.
ამ დროებითი ორგანოს ლეგიტიმაცია იდგა 2006 წელს ქართული მხარის მიერ ადგილზე ჩატარებული არჩევნების შედეგებზე, თუმცა ის არჩევნები საქართველოს მთავრობას ოფიციალურად, იურიდულად არასდროს უცნია და ეს საკითხი მხოლოდ პოლიტიკური პროცესის ნაწილად მიიჩნეოდა.
ქართულმა ოცნებამ თავისი გადაწყვეტილების ასახსნელად ორივე – ლეგიტიმურობისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი გამოიყენა. განსხვავებული ვითარებაა თბილისიდან მოქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გარშემო.
აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი საქართველოს პირველი რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაში იყო ჩაწერილი. ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი გამყარდა 1931 წლის გადაწყვეტილებითაც. რეგიონს იგივე სტატუსი შეუნარჩუნდა 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციასა და მის შემდგომ შესწორებებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო 1991 წლის სექტემბრის არჩევნების შედეგად არის დაკომპლექტებული. ეს არჩევნები ლეგიტიმურად არის ცნობილი, რადგან ის ომამდე ჩატარდა და გამოხატავდა ადგილობრივი მოსახლეობის ნებას. ომის პერიოდში ქართველი დეპუტაციისგან შეიქმნა უზენაესი საბჭო და ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭო [მთავრობა]. მსგავსი სტრუქტურა ჩამოაყალიბა აფხაზურმა მხარემაც.
საქართველოს პარლამენტმა 1994 წელს აფხაზეთის არ-ის უმაღლესი საბჭო დაითხოვა, თუმცა 1995 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ, იგივე უმაღლეს საბჭოდ ცნო 1991 წელს არჩეული დეპუტაცია, რომელიც არ მონაწილეობდნენ ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში. სტატუსი აღუდგა 26 დეპუტატს და დღემდე უნარჩუნდებათ მათ.
დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიის ადმინისტრაციის სამართლებრივი სტატუსი განსხვავებით სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა უფრო მყარია. საქართველოს არ გაუუქმებია აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი და ლეგიტიმაცია მიანიჭა ომამდელ საკანონმდებლო ორგანოს.
თუმცა პოლიტიკური ნების შემთხვევაში არც აფხაზეთის ავტონომიის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოზე გაჭირდება იურიდიული ხარვეზების პოვნა. უზენაესი საბჭოს დეპუტაცია ოცდაათი წლის წინ არის არჩეული. შემადგენლობის არჩევნების გზით განახლება ვერ ხერხდება, ეს კი გარკვეულ სამართლებრივ ხარვეზს ქმნის. აფხაზეთის ავტონომიის მთავრობაც მსგავსი ლეგიტიმაციის პრობლემის წინაშე დგას.
ბუნებრივია ამ ორგანოების გაუქმებას პოლიტიკური ნება ჭირდება, რომელიც იურიდიულ და სამართლებრივ ხარვეზებს კარგად გამოიყენებს. თუმცა ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციისგან განსხვავებით გაცილებით იზრდება გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ფასი.
ამ გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი განმარტება საკმარისი არ იქნება. პოლიტიკურ შემადგენელზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ ქართული ოცნებისგან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თითქმის არ არსებობს პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც მას შეაჩერებს.
ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ იკვეთება, თუმცა საზოგადოებისთვის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის გაუქმებაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება