სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” (“რონდელის ფონდი”) ვებ-გვერდზე. სტატიის სათაური, ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია უცვლელად. ყველა უფლება ეკუთვნის “რონდელის ფონდს”. გამოქვეყნების თარიღი: 2022 / 04 / 14.
აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში პოპულარულ სოციალურ ქსელებში, მათ შორის, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, აფხაზეთის ომის თემასთან დაკავშირებით აფხაზი მომხმარებლების განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება. აფხაზი მომხმარებლები, ძირითადად ახალგაზრდები, აქვეყნებენ და აზიარებენ ინგლისურ და რუსულენოვან პოსტებს ჰეშთეგებით #abkhaziaisnotgeorgia, #abkhaziaisabkhazia, #weareabkhazia, სადაც თავს აცნობენ საზოგადოებას, შემდეგ კი ჰყვებიან ისტორიებს, თუ „როგორ შეიჭრა საქართველო აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992 წელს, რათა მოეხდინა მისი ოკუპაცია და გაენადგურებინა აფხაზი ერი“.
ეს პოსტები, საერთო ონლაინკამპანიის ფარგლებში, როგორც წესი, ერთი ნიმუშით იწყება – My name is _სახელი_, I was born in Abkhazia (ჩემი სახელია _სახელი_, მე დავიბადე აფხაზეთში) და შემდეგ აგრძელებს თხრობას „დამოუკიდებელი აფხაზეთისა და ქართველების მხრიდან აფხაზების მიმართ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების“ შესახებ. ასევე ხშირია გზავნილები, რომ „აფხაზეთი მსოფლიოსგან იზოლირებული რესპუბლიკაა“, „აფხაზები მცირე, თუმცა უძველესი ხალხია თავისი ენითა და კულტურით“, „ქართველები აფხაზების ისტორიიდან წაშლას ცდილობენ“, „ქართველებს აფხაზების ხმის ჩახშობა სურთ“, „აფხაზეთი არც საქართველოა და არც რუსეთი – აფხაზეთი აფხაზეთია“ და ა.შ.
აფხაზების ონლაინკამპანიის პარალელურად, გააქტიურდნენ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლებიც, რომლებიც აფხაზების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპირწონედ, აფხაზეთში „ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“, „რუსეთის მიერ აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაზე“, „ქართველების აფხაზეთიდან ეთნოწმენდაზე“ და სხვა მოვლენებზე ლაპარაკობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით პოპულარული გახდა და ბევრი გაზიარებაც აქვს ქართველი მომხმარებლის შექმნილ პოსტს, რომელიც მსოფლიოს 1992 წელს გაგრაში „ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“ უყვება.
პოსტი იწყება მიმართვით “Dear world, unfortunately we did not have internet back then” – „ძვირფასო მსოფლიოვ, სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ინტერნეტი არ გვქონდა“ და შემდეგ აზიარებს ინფორმაციას „გაგრის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა“ შესახებ. საპასუხოდ, იმავე ნიმუშის მიხედვით (Dear world, unfortunately we did not have internet back then…), აფხაზმა მომხმარებლებმაც დაიწყეს პოსტების გაზიარება, სადაც ჰყვებიან იმ ადამიანებზე, რომლებიც „აფხაზეთში ქართულ აგრესიას ემსხვერპლნენ“.
ქართველებსა და აფხაზებს შორის სოციალურ ქსელებში გამართული ინფორმაციული ომი სიახლე არ არის, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის აქტივობამ თავისი მასშტაბებითა და დინამიკით ყველა ასეთი „აფეთქება“ დაჩრდილა. ზოგიერთ სოციალურ ქსელში, მაგალითად, Facebook-ზე, აფხაზეთის თემის გარშემო დაწერილ პოსტებზე აფხაზი და ქართველი მომხმარებლების მიერ გაჩაღებულ კამათს მანამდეც ხშირად ვხვდებოდით, მაგრამ ახლა ამ დავამ თითქმის ყველა პოპულარული სოციალური ქსელი მოიცვა. ამ დინამიკის მიზეზები, ცხადია, პირდაპირ გამომდინარეობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან და სწორედ მასთან დაკავშირებული ფაქტორებით უნდა აიხსნას.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ და თანმხლებმა დანაშაულებმა სამოქალაქო პირების მიმართ მთელი მსოფლიოს საინფორმაციო სივრცე მოიცვა. მსოფლიოს ისტორიაში ალბათ ყველაზე კარგად დოკუმენტირებული ომი 2022 წლის თებერვლის ბოლოდან მოყოლებული მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიებისა და გამოცემების დღის წესრიგის მთავარი თემაა. ამ ვითარებაში, ცხადია, რუსეთის წარსულში ჩადენილი სამხედრო კამპანიებიც თავიდან მოექცა ყურადღების ცენტრში, მათ შორის, 2008 წლის რუსულ-ქართული და 1992-93 წლების აფხაზეთის ომი. საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით, დასავლეთი, ამ ომების კონტექსტში რუსეთს მუდმივად აკრიტიკებდა, თუმცა უკრაინაში დაწყებულმა სამხედრო ავანტიურამ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება უფრო მეტად მყარი და, ფაქტობრივად, შეუქცევადი გახადა.
შესაბამისად, აფხაზური მხარისთვისაც ნათელი გახდა, რომ ის სრულიად მოექცა რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის კონიუნქტურაში და დანარჩენი სამყაროსთვის საკუთარი პოზიციების დამტკიცების შანსები მიზერულიდან თითქმის ნულამდე შემცირდა. აფხაზური მხარის სოციალურ ქსელებში გააქტიურების და ონლაინკამპანიების წამოწყების ერთი-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის განცდა უნდა იყოს, რომ რუსეთის დაწყებულმა ომმა უკრაინაში მთლიანად შთანთქა აფხაზეთის, როგორც „დამოუკიდებელი შემთხვევის“, განხილვის პერსპექტივა. მათ ხელთ არსებული რესურსებით აფხაზი მომხმარებლები სოციალურ ქსელებში დანარჩენ სამყარომდე მათთვის საკვანძო გზავნილის მიტანას ცდილობენ – „რომ აფხაზეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის უფრო მეტია“, ვიდრე უბრალოდ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა თავისივე მეზობელი ქვეყნების მიმართ.
როგორც აფხაზი მომხმარებლები საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტებში ამბობენ, მათ „მოიგეს სამხედრო ომი, თუმცა დათმეს საინფორმაციო“. რუსეთის ომმა უკრაინაში ეს მარცხი საინფორმაციო ომში კიდევ უფრო მეტად გაამყარა. სოციალურ ქსელებში წამოწყებული კამპანიაც სწორედ ამ „შეცდომის“ გამოსწორებას და, აფხაზური მხარის თქმით, სამყარომდე აფხაზეთის ომის შესახებ „სიმართლის მიტანას“ ემსახურება. როგორც გამოქვეყნებულ პოსტებში და შემდეგ თანდართულ კომენტარებში აფხაზი მომხმარებლები წერენ, „არ შეიძლება უკრაინის მოვლენებისა და აფხაზეთის ომის გათანაბრება“, რადგანაც მეორე შემთხვევაში სამხედრო აგრესიის მსხვერპლი „არა საქართველო, არამედ აფხაზი ერი იყო“. საერთაშორისო მასშტაბით გააქტიურებულ დისკუსიას, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო პოლიტიკა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო და ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი საქართველო იყო, პროტესტის გრძნობით განმსჭვალული აფხაზი მომხმარებლები შემხვედრ ონლაინკამპანიას უპირისპირებენ. მათი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ქართველების მხრიდან „ისტორიის ფალსიფიცირებას“, სინამდვილეში კი, 1992-93 წლების მოვლენებში „აფხაზი ერი დაიჩაგრა“, რომელმაც საქართველოს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა მოუგო. შესაბამისად, უკრაინის ომის შემდეგ გაძლიერებული საუბრები რუსეთის ისტორიულად აგრესიულ როლზე სამეზობლოში, რომლის ერთ-ერთი თვალნათელი მაგალითი აფხაზეთის ომია, აფხაზურმა მხარემ მათ წინააღმდეგ მიმართულ გზავნილად აღიქვა და სოციალურ ქსელებში საპასუხო კამპანია დაუპირისპირა.
აფხაზური საზოგადოება, რომელიც იაზრებს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში მათ რეპუტაციაზეც პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს, ცდილობს „აგრესორისა“ და „მსხვერპლის“ ურთიერთმიმართების საკუთარი ხედვა მიიტანოს სამყარომდე – სადაც, აფხაზეთის ომის შემთხვევაში, აგრესორია არა რუსეთი და მსხვერპლი – არა საქართველო, არამედ აგრესორი თავად საქართველოა და მსხვერპლი აფხაზი ერია. ეს ონლაინკამპანია შეიძლება მსოფლიოში ფართოდ გაბატონებულ დისკურსთან დაპირისპირების ერთგვარ მცდელობად შეფასდეს – დისკურსისა, სადაც რუსეთი აგრესორია, საქართველო კი ერთ-ერთი სახელმწიფოთაგანი, რომელიც რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო პოლიტიკის ობიექტია.
კრემლის წამოწყებულმა ომმა უკრაინაში გავლენა მთელ მსოფლიოზე მოახდინა და გამონაკლისი ვერც რუსეთზე პირდაპირ დამოკიდებული აფხაზეთი იქნებოდა. აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ დაარსების შესაძლებლობაზეც გააქტიურდა საუბარი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში მნიშვნელოვანი შიდა სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს. შიდა და საგარეო მასშტაბური პოლიტიკური რყევების ფონზე აფხაზურ საზოგადოებაში გაძლიერდა ბუნებრივი მღელვარება და მომავლის მიმართ შიში. საზოგადოების ნაწილს აქვს მკაფიო აღქმა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში საგრძნობლად უშლის ხელს რეგიონის აღიარების პოლიტიკასა და აფხაზი ერის ისტორიული განვითარების მოსკოვისგან დამოუკიდებელ მოვლენად განხილვას. მოვლენების ასეთი განვითარება კი სოციალური ქსელების აფხაზ მომხმარებლებსაც აიძულებს მათ ხელთ არსებული ყველა გზა გამოიყენონ საკუთარი პოზიციების დასაცავად.