ნაციონალისტური რიტორიკა და მასების მობილიზაცია – ქართული და აფხაზური პოლიტიკური ელიტების ნაციონალისტური რიტორიკის გავლენა მასების მობილიზაციაზე
პოლიტიკურ რიტორიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანებზე გავლენის მოხდენისა და მათი მობილიზაციის თვალსაზრისით. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი არისტოტელე, რიტორიკას განიხილავდა ადამიანების ნების დამორჩილების საშუალებას, რომელსაც ცალკეული ადამიანები, საკუთარი შეტყობინებების ერთგვარი ინტერპრეტაციის გზით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად იყენებდნენ სხვა დანარჩენების დარწმუნების მიზნით .
თანამედროვე ეპოქაში კიდევ უფრო გაიზარდა პოლიტიკური რიტორიკის მნიშვნელობა და შესაბამისად საჯარო სიტყვის ძალა. „პოლიტიკური ლიდერები იმარჯვებენ სიტყვით, მარცხდებიან სიტყვით, თავს ესხმიან და თავს იცავენ ისევ სიტყვის მეშვეობით“ .
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა რიტორიკულმა მეტყველებამ ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოებში შეიძინა. როგორც არისტოტელე აღნიშნავს, „აზრის კარგად გამოთქმის ცოდნა განსაკუთრებით ცუდად მოწყობილ სახელმწიფოშია საჭირო, სადაც იმარჯვებენ არა ისინი რომელთა მხარეზეც სიმართლეა, არამედ, ისინი, რომლებმაც კარგი ლაპარაკი იციან“ . აქვე, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმაც, რომ რიტორიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ორ მხარეს − შინაარსსა და ფორმას. რომელთაგან უმთავრესი მაინც შინაარსობრივი მხარეა.
ამრიგად, ქართულ კონტექსტში, ნაციონალისტური რიტორიკის მნიშვნელობის გაანალიზება, ამ შემთხვევაში, წარსულის გადააზრების მიზნით, ფართო ინტერესის საგანს წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მტკივნეულ და დღემდე მოუგვარებელ პრობლემაზე, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის წინსვლას, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებას.
წინამდებარე სტატიის მიზანია განსაზღვროს, თუ რა შედეგი გამოიღო ქართული და აფხაზური პოლიტიკური ელიტების ნაციონალისტურმა რიტორიკამ ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის შუღლის გაღვივებისა და ეთნიკური ნიშნით მათი მობილიზაციის თვალსაზრისით, 1989-1992 წლებში, რომელიც შემდგომ მწვავე ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.
ეთნიკური მობილიზაცია - პროცესი, როდესაც ხდება ჯგუფების ორგანიზება ეთნიკური იდენტობების გარკვეული მახასიათებლების გარშემო (მაგ., ენა, წეს-ჩვეულებები, ისტორია) გარკვეული კოლექტიური მიზნების მიღწევის მიზნით, როგორც წესი, სხვა ერთობასთან კონფლიქტის ატმოსფეროში. კერძოდ, მაშინ, როდესაც ეთნიკური ლიდერები იწყებენ ეთნიკური ჯგუფის რესურსების მობილიზებას მათი უკმაყოფილების საფუძველზე, რომელიც დაკავშირებულია კოლექტიური „ჩაგრულობის“ შეგრძნებასთან.
როგორც ქართული, ასევე აფხაზური ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკური ელიტების წარმომადგენლებიდან ყურადღება გამახვილებულია მათზე ვინ დიდი ავტორიტეტითა და მხარდაჭერით სარგებლობდნენ მასებში. შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლოთ. ესენია: საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და იმ დროისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა.
ელიტების რიტორიკა შესწავლილია მათი საჯარო გამოსვლებზე, ყრილობებზე, მიტინგებზე, დემონსტრაციებზე წარმოთქმული სიტყვების, მოწოდებების, განცხადებების, სატელევიზიო, რადიო მიმართვების, ინტერვიუების, ამ პერიოდში მიღებული ოფიციალური დოკუმენტების შინაარსობრივი ანალიზის გზით. კერძოდ, ნაშრომი ეყრდნობა ქართულ და აფხაზურ პრესაში („საქართველოს რესპუბლიკა”, „აფხაზეთის ხმა“, „საბჭოთა აფხაზეთი“, „აღდგომა“, „ქართული აზრი“) გამოქვეყნებულ ქართველი და აფხაზი ელიტების ტექსტებს. შესწავლილია სხვადასხვა კრებულებში გამოქვეყნებული მიმართვები და სხვ., მათ შორისაა ვლადისლავ არძინბას ინტერვიუებისა და გამოსვლების კრებული “Мы шли на смерть, чтобы жить“ (2011) და „რეგიონალიზმის კვლევის ცენტრის“ ეგიდით გამოცემული პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული: „რეგიონული კონფლიქტები საქართველოში − სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. აფხაზეთის ასსრ (1989-2001)“. ამ უკანასკნელის (და არამხოლოდ მის) საფუძველზე შესწავლილია ნაციონალისტური რიტორიკის თვალსაზრისით საინტერესო ქართული და აფხაზური ოფიციალური დოკუმენტები: „ლიხნის დეკლარაცია“, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ უზენაესი და უმაღლესი საბჭოების მიერ მიღებული დადგენილებები, დეკლარაციები, განკარგულებები და სხვა. კვლევაში გამოყენებულ იქნა, ასევე, მეცნიერთა აკადემიური პუბლიკაციები, ქართული და აფხაზური ინტერნეტ-წყაროები და სხვა.
საკვლევი პერიოდი მოიცავს 1989-1992 წლებს (1992 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის საომარი მოქმედებების გაჩაღებამდე), რათა ნათელი გახდეს როგორ ხდებოდა შეიარაღებული კონფლიქტისათვის საფუძვლების შემზადება და კონკრეტულად ნაციონალისტური რიტორიკა რა როლს ასრულებდა მიმდინარე პროცესების ესკალაციაში.
წინასწარ შემუშავებული ვარაუდით: ქართული და აფხაზური პოლიტიკური ელიტების აგრესიულმა ნაციონალისტურმა რიტორიკამ, რომელიც გამოყენებულ იქნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი დაპირისპირებული ელიტების ხელში მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლაში, ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და ეთნიკური ნიშნით მათ მობილიზაციას შეუწყო ხელი.
ზვიად გამსახურდიას რიტორიკის შეფასებისას, პირველ რიგში, თვალშისაცემია, მისი წინააღმდეგობრივი რიტორიკა, განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში. მკვეთრი ცვლილებაა მისი, როგორც დისიდენტისა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ტონს და აქცენტებსა და მისი, როგორც ქვეყნის პირველი პირის ტონს და აქცენტებს შორის.
პროფესორ ზურაბ დავითაშვილის თქმით, გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში გახშირდა წერილები ქართველი ერის განსაკუთრებულობასა და გამორჩეულობაზე, რაც ეთნიკურ უმცირესებაში გაღიზიანებასა და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ქცევის შიშს იწვევდა. იგი თავის გამოსვლებში აქცენტს აკეთებდა ქართველების, ქრისტიანობის როლზე, დამსახურებებზე, მისიაზე არა მარტო ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე, სადაც, იგნორირებული იყო ეთნიკური უმცირესობების როლი და დამსახურებები ქვეყნის წინაშე. ერთ-ერთი მისი ლექციების კრებულიდან „საქართველოს სულიერი მისია“, სადაც ის ხაზს უსვამს ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების, ქართული ენის განსაკუთრებულ როლს მსოფლიოში, საყურადღებოა შემდეგი ფრაზები: „…სულიწმიდა ქართული ენის, ანუ ქართული მოდგმის მეშვეობით განახორციელებს თავის მისსიას, როდესაც ამხელს კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს“ .
ამერიკელ ქართველოლოგს, სტივენ ჯონსს, თუ დავიმოწმებთ, გამსახურდიას აზრით, ქართველი ხალხი საკუთარ ქვეყანაშივე იყო შევიწროებული და მას, როგორც ისტორიულად პრივილეგირებულ საზოგადოებას უნდა ესარგებლა ავტოქტონურ სამშობლოში განსაკუთრებული უფლებებით. „მკვიდრ მოსახლეობას თანდაყოლილი უფლებები აქვს და არამკვიდრს არა“ პრინციპი, ჯონსის განცხადებით, არა მხოლოდ საქართველოს, სხვა მოწინავე დასავლური ქვეყნებისთვისაც იყო დამახასიათებელი. გამსახურდიას და მის ოპონენტებს [რომელთა დიდი ნაწილიც მასზე უფრო რადიკალური და არაპრაგმატული იყო] ქართველი ხალხი მიაჩნდათ, როგორც ისტორიულად წინ მდგომი ერთადერთი საზოგადოება, რომელსაც უნდა ესარგებლა ოდითგან მინიჭებული უფლებებით თავის სამშობლოში .
გამსახურდიას და მისი გუნდის განცხადებებმა და დამოკიდებულებებმა სხვა ეთნიკური ჯგუფებისადმი მათი მხრიდან გამოხატულება ჰპოვა და ერთგვარი მობილიზაცია მოახდინა მათი იმ თვალსაზრისით, რომ ადგილობრივ აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ პრესაში გახშირდა სტატიები ამ ხალხთა ისტორიულ დიდებაზე, მათ განსაკუთრებულობაზე და იმ წვლილზე, რაც მათ შეუტანიათ კაცობრიობის საგანძურში. პრესის ფურცლებზე კინკლაობა და ნამდვილი ლანძღვა-გინებაც კი ქართველებსა და სხვა ეროვნებებს შორის ჩვეულებრივი ამბავი გახდა .
რაც შეეხება გამსახურდიას მიერ, უშუალოდ აფხაზების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, მისი ცნობილი მიმართვის შემდეგ, დაიწყო ფართო საზოგადოებაში გაჟღერება თეზისმა აფხაზების ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებისა და არამკვიდრობის, მათი არაქართველური წარმომავლობის შესახებ. „აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს არ არსებობდა. აფხაზი იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი და აფხაზები იყვნენ დასავლეთ ქართველები, ასე რომ აფხაზი ერი იყო ქართველი ერი, იგივე დასავლეთ ქართველი ერი, ხოლო ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები დღეს აღარ არსებობენ, მაგრამ სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით. აფსუა ანუ აფსარნი ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური, ადიღეური მოდგმის ტომია….“ – აღნიშნავს ის თბილისში გამართულ ერთ-ერთ ხალხმრავალ მიტინგზე . მიმართვით მომიტინგეებს არწმუნებს, რომ ისინი [აფსუები] არ არიან ჩვენი ქვეყნის ნაწილი და არ აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ლეგიტიმური უფლება, შესაბამისად მოუწოდებს მათ დაგვითმონ ჩვენი ტერიტორია და საკუთარი თვითგამორკვევა მოახდინონ საკუთარ ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში და არა საქართველოში. აქვე, გამსახურდიას მოტივების შეფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს კონტექსტიც. კერძოდ, ის, რომ აღნიშნული მიმართვა პასუხი იყო აფხაზური მხარის მიერ გამოთქმულ სურვილზე აფხაზეთი გამოყოფოდა საქართველოს და შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში.
კიდევ ერთ, 1989 წლის ივნისში, „სახალხო ფრონტის“ ყრილობაზე გამოსვლისას წარმოთქმულ სიტყვაში გამსახურდია აკრიტიკებს „ფრონტის“ წარმომადგენლებს იმის გამო, რომ ისინი სამომავლო კონსტიტუციის პროექტში ათანაბრებდნენ საქართველოში ქართველი ერისა და სხვა ერების წარმომადგენელთა ინტერესებს. კერძოდ, უკმაყოფილოა აფხაზების და ოსების უფლებების გაფართოებაზე ზრუნვის ფაქტით. „კვლავ გათანაბრებაა, მეგობრებო… საქართველო არის ქართველების ქვეყანა, ეს აქსიომა უნდა იყოს არეკლილი ამ ქვეყანაში… მიმდინარეობს ისევ და ისევ კრემლისეული პოლიტიკა ოსების და აფხაზების პრივილეგირებისა საქართველოში, რატომღაც აფხაზები და ოსები არის გამოყოფილი და სახალხო ფრონტი იბრძვის აფხაზების და ოსების უფლებების დასაცავად. მათ ძალიან კარგი დამცველი ჰყავთ კრემლის სახით, თქვენ საქართველოს ინტერესები დაიცავით. საქართველოს ინტერესებს სჭირდება დაცვა, მათ ინტერესებს არ სჭირდება”.
ამავე გამოსვლაში ქვეყანაში შექმნილ დემოგრაფიულ სიტუაციას აფასებს და შიშობს, რომ მის სიტყვებს თუ დავიმოწმებთ, არაქართული ეთნიკური ჯგუფების პრივილეგირება და მათი ხელოვნური ზრდა ქართველების დისკრიმინაციას იწვევს. აკეთებს მოწოდებასაც „… თანდათანობით უნდა დაიწყოს ამ უკანონოდ შემოჭრილი არაქართული მოსახლეობის განსახლება საქართველოდან. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია“ .
შემდგომ წლებში, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გამსახურდიას რიტორიკა და პოლიტიკაც აფხაზი ხალხისადმი (და არამარტო მათდამი) მნიშვნელოვნად შეიცვალა. მეტად კეთილგანწყობილი და ტოლერანტული გახდა, რაც, რა საკვირველია, პოლიტიკური სტრატეგიის ცვლილების და იმ პასუხისმგებლობის გააზრების შედეგია, რაც, ახლა უკვე, ქვეყნის პირველ პირს აკისრია.
1991 წლის მარტში გამოქვეყნდა ზვიად გამსახურდიას მიმართვა აფხაზი ხალხისადმი, სადაც ის ქართველებს და აფხაზებს ერთიანობისკენ მოუწოდებს, რადგან მათ ერთი ისტორია, საერთო წარმოშობა და ტრადიციები აქვთ. მათი წინაპრები უხსოვარი დროიდან ერთად ცხოვრობდნენ ერთ მიწაზე, ერთად ლოცულობდნენ ტაძრებში, ყოველთვის ერთად იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ და ა.შ.. გამოხატავს პატივისცემას აფხაზური ენის, კულტურის, სკოლის, თეატრის მიმართ. დამოკიდებულება აფხაზი ხალხისადმი მკვეთრად შერბილებული და დადებითია. მიმართვის შემდეგ ნაწილში აქცენტი კეთდება ქართველთა და აფხაზთა საერთო მტერზე, მესამე ძალაზე, რუსეთსა და აფხაზ ინტელიგენციაზე, რომელნიც მიზანმიმართულად ცდილობენ „ორ მონათესავე ხალხს შორის მეგობრული კავშირების დარღვევას და მათ დაპირისპირებას ერთმანეთთან. … აფხაზეთის ამოგლეჯვას საქართველოს ცოცხალი სხეულიდან“. ამიტომ, მოუწოდებს აფხაზ და ქართველ ხალხებს შეინარჩუნონ ერთიანობა და არ მისცენ მტერს გამარჯვების საშუალება.
გამსახურდიას რიტორიკაში მისი დევნილობის პერიოდში გამოიკვეთა მესამე ტენდენცია, როდესაც რუსეთის იმპერიისა და სეპარატისტი ლიდერების გარდა გამსახურდიას, შევარდნაძის ხელისუფლების სახით, კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი მტრული ძალა უპირისპირდება. ამ ფაქტმა მის რიტორიკაშიც ჰპოვა ასახვა, მათ შორის აფხაზებისადმი მიმართვებშიც. მაგალითად, 1992 წლის 12 ივლისის აფხაზეთის მოსახლეობისადმი მიმართვაში. მიმართვას იწყებს შევარდნაძის და მხედრიონის კრიტიკით. აფხაზეთის მოსახლეობას არწმუნებს, რომ შევარდნაძის „ნეოსტალინისტური მაფიოზური ხუნტა“, რომელიც, მისი სიტყვებით, ყველანაირად ცდილობს ეროვნული და კუთხური შუღლის გაღვივებას, სისხლისღვრასა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას აფხაზეთში საფრთხეს წარმოადგენს მთელი საქართველოსთვის. ამიტომ მოუწოდებს აფხაზეთის მთელ მოსახლეობას მობილიზაციისაკენ, კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერისა და „დამნაშავე ბანდებთან“ ბრძოლისკენ, „…საუკუნოვანი ძმობისა და ერთობის აღდგენისა და დამნაშავეობასთან ბრძოლაში დარაზმვისაკენ .
მნიშვნელოვანია, ზვიად გამსახურდიას რიტორიკის შეჯამების ნაწილში, ხაზი გაესვას მის მოტივებს. კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მისი აგრესიული რიტორიკა აფხაზი თუ სხვა ეთნიკური ჯგუფებისადმი არ წარმოადგენდა პიროვნული სიძულვილის გამოხატულებას ამ ხალხებისადმი, შესაბამისად არ იყო ფაშიზმის თუ ნაციზმის დოქტრინებით მოტივირებული. როგორც ამერიკელი ქართველოლოგი სტივენ ჯონსი, მის რიტორიკასთან დაკავშირებით, აღნიშნავს „…ის არც ლატენტური ეთნიკური სიძულვილის გამოღვიძება იყო და არც აგრესიული პოლიტიკური კულტურის გამოხატვა. ეს უფრო სახელმწიფოს კოლაფსით გამოწვეულ, განსაკუთრებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფიზიკურ დაუცველობასა და უსაფრთხობის განცდაზე იყო დამოკიდებული. … როცა სახელმწიფოს აღარ შეეძლო ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების შენარჩუნება, ეროვნული სოლიდარობა გამოსავალი იყო …“ ამგვარად, არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, ეროვნული სოლიდარობის მიღწევა-შენარჩუნების საშუალებად წარმოედგინა გამსახურდიას ნაციონალისტურ თემებზე აქცენტების გაკეთება. „ზვიად გამსახურდია და მისი მიმდევრები ეთნონაციონალისტურ იდეოლოგიას არა მარტო ძალაუფლების მოსაპოვებლად იყენებდნენ, არამედ გამსახურდია აპელირებდა იმ წარმოდგენებითა და შიშებით, რომელიც მაშინ ეთნიკურად ქართველებში აქტუალური იყო – საქართველოს დაშლის და ეთნიკურად ქართველების დემოგრაფიული კლების შეგრძნება“ .
თუმცა, რა მიზეზები და მოტივებიც არ უნდა ვეძიოთ მისი არაინტეგრაციული რიტორიკის მიღმა, ფაქტია, რომ არ იყო სწორად გათვლილი რისკები და მისმა ემოციურმა, წინდაუხედავმა განცხადებებმა ეფექტურად მანიპულირების საშუალება მისცა სეპარატისტ და მათ მხარდამჭერ რუს იმპერიალისტ ლიდერებს, რომელნიც, მუდმივად ციტირებდნენ (ციტირებენ დღემდე) გამსახურდიას გამონათქვამებს, პირველ რიგში, საკუთარ ეთნიკურ ჯგუფებში ქართული ხელმძღვანელობისა და ქართველი ხალხის მიმართ მტრული განწყობების გაღვივებისა და მათდამი შიშის ჩასანერგად.
რაც შეეხება მეორე ტიპის, აფხაზებისადმი კეთილგანწყობილ მიმართვებს. ესეც პირველ რიგში, პოლიტიკური სტრატეგია იყო, სეპარატისტულად და ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე აფხაზთა და სხვა მისი [გამსახურდიას] მოწინააღმდეგე ძალების წინააღმდეგ მიმართული. მიზანი მდგომარეობდა მათ დარწმუნებაში, რომ ქართველ-აფხაზი ხალხის დაპირისპირება მესამე ძალის ინტერესებში შედის, ამ ძალის სახით მათ საერთო მტერი ჰყავთ. აფხაზი და ქართველი ხალხი კეთილდღეობისათვის მათი კონსოლიდაცია ამ მტრის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა მოხდეს, რათა შენარჩუნდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობა ერებს შორის.
თუმცა, აფხაზ ხალხში მაღალი იყო საკუთარი ელიტებისადმი ნდობა, რომელნიც, როგორ უკვე აღინიშნა, მუდმივად ახსენებდნენ მათ ქართული ხელმძღვანელობის „უზნეო“ განცხადებებს ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსახლების, არამკვიდრობის შესახებ და მუქარას აფხაზეთის ტერიტორიიდან მათი გასახლების შესახებ.
აფხაზი ნაციონალისტი ელიტებიდან, ქართველებისადმი აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა (ამავდროულად, დიდი ავტორიტეტით და მხარდაჭერით სარგებლობდა აფხაზ ხალხში), იმ დროისათვის, აფხაზეთის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა. მის მიმართვებში, განცხადებებში, ინტერვიუებსა და წარმოთქმულ სიტყვებში კარგად იკვეთება მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის, ქართული ოფიციალური ხელმძღვანელობის მიმართ. თვალსაჩინოა მისი სეპარატისტული მისწრაფებებიც.
აფხაზი პოლიტიკური ელიტებისა და ასევე ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაციონალისტურ რიტორიკაში, ზოგადად, რამდენიმე საკითხზე ხდება ყურადღების გამახვილება, რასაც ისინი იყენებენ იმის დასასაბუთებლად, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ არის და მისი შემადგენლობიდან უნდა გამოვიდეს. ძირითადად ხდება ისტორიულ ფაქტებზე აპელირება, კერძოდ, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის დაღმასვლა საბჭოთა პერიოდში, მუდმივი დისკრიმინაცია, რომელსაც, მათი თქმით, განიცდიდნენ ქართველებისგან, ქართველი მენშევიკების, სტალინ-ბერიას რეპრესიები აფხაზი ხალხის მიმართ, აფხაზური კულტურის, აფხაზური ენის, ანბანის შევიწროება, მათი ძალდატანებით გაქართველება და სხვა. მოხმობილია „ჩაგვრა-შევიწროების“ ფაქტები მიმდინარე პერიოდიდანაც.
თითოეული ამ ასპექტზე ყურადღება არის გამახვილებული არძინბას გამოსვლებსა და მიმართვებში.
ჯერ კიდევ აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევამდე, 1989 წლის 2 ივნისს, სხვა აფხაზ ინტელიგენციასთან ერთად აფხაზეთის ასსრ-მ არძინბა წარმომადგენლად მიავლინა სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა სხდომაზე, სადაც მან ისაუბრა აფხაზი ხალხის უფლებების შელახვაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე. იგი აჟღერებს სეპარატისტულ მოთხოვნებს. ეხება მცირერიცხოვანი ერების პრობლემას, ხაზს უსვამს ავტონომიების სტატუსის პრობლემას, რომელიც, მისი თქმით, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მათ სხვა ეროვნებებთან შედარებით და თუ არ მოხდება მათი უფლებების გაფართოება (15 მოკავშირე რესპუბლიკის მსგავსად) ეროვნულ ნიადაგზე მწვავე კონფლიქტები და სერიოზულილ გართულებანი, მისი განცხადებით, გარდაუვალი იქნება .
აფხაზეთის განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს აფხაზეთის სტატუსის დაღმასვლა საბჭოთა ხელისუფლების წლებში. არძინბა, მიმართვაში, ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 1921 წელს, როდესაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოცხადდა აფხაზეთში მან სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან, რაც ნიშნავდა ორი რესპუბლიკის თანასწორუფლებიანობასა და სუვერენიტეტზე დამყარებული ფედერაციის შექმნას. გარდა ამისა, მოჰყავს სხვა ფაქტებიც ამ პერიოდის აფხაზეთის სუვერენულობის დასადასტურებლად, კერძოდ ის რომ მათ ჰქონდათ საკუთარი გერბი და ალამი. მისი თქმით, სუვერენულობა ვლინდებოდა ასევე მთელი რიგი კოდექსებისა და საკანონმდებლო აქტების არსებობით. შემდეგ კი აფხაზეთი 1931 წელს ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაიქმნა. ამაში ბრალს ეთნიკურად ქართველ სტალინს სდებს .
ყრილობაზე დამსწრე დეპუტატების დარწმუნებას ცდილობს იმაშიც, თუ როგორ განიცდიდა აფხაზი ერი, აფხაზური კულტურა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნისას ჩაგვრას, შევიწროებას დისკრიმინაციას ქართული მხარისაგან ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან. „… აფხაზი ერი არაერთხელ დამდგარა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით მას შემდგე რაც 1931 წელს აფხაზეთი შეიყვანეს საქართველოს სსრ შემადგენლობაში და გარდაქმნეს ავტონომიურ რესპუბლიკად. მიმდინარეობდა რეპრესიები აფხაზების, განსაკუთრებით აფხაზი სახელმწიფო და პარტიული ლიდერების, ასევე ინტელიგენციის წინააღმდეგ. მასობრივი რეპრესიები შეეხო აფხაზ გლეხობასაც. შეწყდა რადიოგადაცემა აფხაზურ ენაზე. 1945-1946 წლებში დაიხურა აფხაზური სკოლები. დაიწყო მასობრივი, იძულებითი გადასახლებები. აფხაზეთიდან გადაასახლეს ბერძნები, თურქები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები და მათი სახლები გადაეცა საქართველოს რაიონებიდან გადმოსახლებულებს. ასეთი პოლიტიკის გატარების შედეგად აფხაზები უმცირესობაში აღმოჩნდნენ საკუთარ ძირძველ სამშობლოში“ – აღნიშნავს ის .
აშკარაა არძინბა ამ მიმართვაში წამოყენებული მთელი რიგი ბრალდებების გზით (საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოდგენილი ფაქტების მოხმობით) როგორ ცდილობს დაარწმუნოს დამსწრე საზოგადოება აფხაზების წინააღმდეგ გატარებულ ქართულ შოვინისტურ პოლიტიკაში, რომელიც ამ ეთნიკური უმცირესობის სრულ ლიკვიდაციას ისახავს მიზნად და შესაბამისად ეს აძლევს მას ლეგიტიმურ უფლებას მოითხოვოს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლა, რათა აფხაზი ერი სრულად არ განადგურდეს.
უკვე მომდევნო, 1990 წელს, მას შემდეგ რაც არძინბას აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ირჩევენ, მის რიტორიკას უკვე თან სდევს გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯებიც, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, 1990 წლის 25 აგვისტოს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიღებული დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. თბილისმა ის ბათილად და იურიდიული ძალის არ მქონედ გამოაცხადა. აღნიშნულ და სხვა სამართლებრივ-პოლიტიკურ დოკუმენტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა იურიდიული საფუძველი მოემზადებინა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გასაყვანად და რომელთაც, თავის მხრივ, მასების მობილიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, შემდეგ თავში, უფრო ვრცლად იქნება საუბარი.
ნაციონალისტური რიტორიკის თვალსაზრისით, საინტერესოა არძინბას 1991 წლის მიმართვა ზვიად გამსახურდიასადმი, სადაც ის ეხმიანება გამსახურდიას იმ მიმართვას (1991 წლის მარტის მიმართვა: აფხაზი ხალხისადმი), სადაც აფხაზი და ქართველი ერის მეგობრობის, ნათესაობის და ძმობის შესახებ საუბრობს. არძინბა იზიარებს აფხაზი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის, თვითმყოფადი კულტურების მჭიდრო კავშირის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას და გამოთქვამს სურვილსა და მზადყოფნას, როგორც ახლა, მომავალშიც ყველაფერი გააკეთოს ამ კავშირების შენარჩუნებისა და აფხაზეთსა და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის, რაც თანასწორუფლებიან რესპუბლიკათა სახელშეკრულებლო ურთიერთობაზე იქნება დამყარებული . მიმართვის ამ ნაწილიდან კარგად ჩანს, რომ ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობის მომხრე არძინბა [თუ მის სიტყვებს დავიმოწმებთ] აფხაზეთს არ განიხილავს საქართველოს ნაწილად და მშვიდობიან, მეგობრულ ურთიერთობის შენარჩუნებას ორი თანასწორუფლებიანი რესპუბლიკის არსებობის შემთხვევაში მიესალმება. ცდილობს თავი წარმოაჩინოს მშვიდობისმოყვარე ადამიანად, რომელიც ზრუნავს არა მხოლოდ აფხაზებზე, არამედ აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ხალხების (რუსების, ქართველების, სომხების, ბერძნების და სხვების) ინტერესებზეც, რომელთაც განიხილავს აფხაზეთის სრულუფლებიან მოქალაქეებად და იბრძვის მათი ეროვნული კულტურის განვითარებისათვის. მიმართვის ეს ორი ნაწილი წარმოადგენს კონტრასტის წარმოჩენის მცდელობას, ერთი მხრივ, აფხაზური მხარის მშვიდობისმოყვარე, სამართლიან პოლიტიკასა და მეორე მხრივ, აფხაზების უფლებებისა და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის შემლახავ, ქართული მხარის უკანონო გადაწყვეტილებებს შორის. ასევე, აღნიშნულია ისიც, რომ მათ (აფხაზებს) აფხაზეთი სსრ კავშირის შემადგენელ ნაწილად მიაჩნიათ, სადაც ვრცელდება მისი იურისდიქცია და ხაზგასმულია ისიც, რომ „სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები მნიშვნელოვნად აფართოებენ ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებებს და სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტის თანახმად, ახალ ფედერაციაში ყველა რესპუბლიკას თანაბარი უფლება ენიჭება, მაშინ როცა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტები, ხელყოფენ აფხაზეთის კონსტიტუციურ უფლებებს და გამსახურდიას დაპირებანი, აფხაზი ხალხის ეროვნული და კულტურული უფლებების პატივისცემის თაობაზე, მათი სახელმწიფოებრიობის თაობაზე, უბრალო სიტყვებად რჩება“. მიმართვაში განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამს აფხაზეთში პრეფექტების დანიშვნის საკითზე და ბრალს დებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს კანონის დარღვევაში, როდესაც მათ არ შეათანხმეს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან პრეფექტის კანდიდატურები, რომელიც აფხაზეთში დაინიშნა და რომელთა წარდგენაც წესით ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს უნდა მოეხდინა. შემდეგ, კატეგორიული ტონით აღნიშნავს შემდეგს: „აფხაზეთში კონსტიტუციური ძალაუფლება ხორციელდებოდა და კვლავაც განხორციელდება სახალხო დეპუტატთა საბჭოების მეშვეობით და არავის, აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს სახით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს გარდა, არა აქვს უფლება წყვეტდეს მმართველობის საკითხებს. დღევანდელ შემთხვევაშიც, აფხაზეთის კონსტიტუციისადმი ოდნავი ელემენტარული პატივისცემის პოზიციებიდანაც კი პრეფექტების დანიშვნას მის ტერიტორიაზე წინ უნდა წამძღვარებოდა ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღება, რომელიც დაადგენდა ადგილობრივი მმართველობის ახალ ფორმას“ − აღნიშნულია მიმართვაში. შემდგომ, ასეთივე კატეგორიული ტონით აფრთხილებს გამსახურდიას, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისი უხეში დიქტატურის პირობებშიც კი, რომელიც აღვივებს აფხაზეთში ეროვნებათაშორის შუღლს, ისინი იღებენ და მომავალშიც მიიღებენ ყველა ზომას, რათა დაიცვან თავისი მრავალეროვნული მოსახლეობის ინტერესები“. მისი სიტყვებით, ის [გამსახურდია] ვერ დააშინებს ხალხს მუქარის შემცველი განცხადებებით, ვერც ფიზიკური ანგარიშსწორებით, სახლების დაწვით, სამუშაოდან დათხოვნით, რომელსაც აქტიურად მიმართავს ქართული ხელმძღვანელობა აფხაზეთში მცხოვრები ხალხების ნების დასამორჩილებლად. აქვე, ის ეხება 1991 წლის მარტის რეფერენდუმის საკითხს საბჭოთა კავშირის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის მოქალაქეთა მონაწილეობა საბჭოთა კავშირის მომავლის შესახებ საკითხის გადაწყვეტაში − მისი სრული უფლებაა, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და საერთაშორისო პაქტით მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ .
მიმართვის ბოლოს კიდევ ერთხელ ხაზს უსვმას იმას, რომ დამოუკიდებელ საქართველოში მიღწეული არ იქნება აფხაზეთის ნამდვილი დამოუკიდებლობა და ამიტომ აფხაზი ხალხი მიისწრაფვის სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის შენარჩუნებისაკენ, რომელშიც აფხაზეთი იქნება ერთ-ერთი თანაბარუფლებიანი სუვერენული რესპუბლიკა .
მასების მობილიზაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა არძინბას 1992 წლის 14 აგვისტოს რადიოთი მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი, როდესაც უკვე უკიდურესად გართულებულია სიტუაცია და ფაქტიურად ამ დღეს იწყება შეიარაღებული დაპირისპირებაც. აფხაზ ხალხს, პათეტიკური ტონით, ატყობინებს, რომ მათ მიწაზე შეიჭრა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ფორმირება, რომელნიც,მისი სიტყვებით, „სიკვდილსა და ნგრევას თესავენ პატარა აფხაზეთის ტერიტორიაზე“. „…ჩვენს მიწაზე შემოიჭრა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ფორმირება, რომელთა შორის არიან დანაშაულებრივი ელემენტები, რომელნიც სიკვდილსა და ნგრევას თესავენ ჩვენს მიწაზე, მაგრამ არ ყოფილა და არც არის საფუძველი ასეთი ბარბაროსული აქციებისა პატარა აფხაზეთის ტერიტორიაზე“ .
ცდილობს აფხაზი ერი წარმოაჩინოს, როგორც მშვიდობისმოყვარე და ცივილიზებული, რომელნიც პრობლემების გადასაწყვეტად მშვიდობიან და მოლაპარაკების გზებს სთავაზობდა ქართულ მხარეს, მაგრამ მათ (ქართულმა ხელმძღვანელობამ) არაცივილური გზით, ტანკებით, ქვემეხებით, მკვლელობებით და ძარცვით, უპასუხეს .
კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი ამ მიმართვის არის, როდესაც იგი აფხაზეთის მოსახლეობას არწმუნებს, რომ აფხაზებს, რომელთა მხარეზეცაა სიმართლე, აქვთ მთელი ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა და მთელი მსოფლიო მათ გვერდზე დადგება ქართველთა „ბარბაროსული“ აქციების ასალაგმად. „… უნდა ვთქვა, რომ მსოფლიომ იცის რა მდგომარეობაშია აფხაზეთი. მსოფლიო გადაჭრით განსჯის ამ ბარბაროსულ აქციას და მათი მორალური და მატერიალური დახმარება ჩვენთვის გარანტირებულია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს სათანადო მხარდაჭერა. დღევანდელ დღეს ნებისმიერი ვერტმფრენი, თვითმფრინავი, რომელიც ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, განადგურებული იქნება“ .
იმავე დღეს, არძინბა გამოსცემს დადგენილებას, სადაც პირდაპირ მოუწოდებს აფხაზეთის ზრდასრულ მოსახლეობას (18-40 წ.) მობილიზაციისაკენ და გასცემს განკარგულებას მათი აფხაზეთის შინაგან ჯარის პოლკში გასაგზავნად .
ამ დადგენილების ერთგვარ გამართლებას წარმოადგენს სწორედ მისი წინმსწრები მიმართვა, რითაც იგი ცდილობს ლეგიტიმურად წარმოაჩინოს აფხაზური მხარის შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართვა.
ქართულ–აფხაზური ურთიერთობების ისტორიაში უკიდურესად უარყოფითი როლი შეასრულა 1989 წლის 18 მარტს ,,აიდგილარას“ ორგანიზებით სოფელ ლიხნში ჩატარებულმა აფხაზთა მრავალათასიანმა თავყრილობამ, სადაც დაიწერა ცნობილი ,,ლიხნის წერილი“. მიმართვა მოსკოვში სკკპ ცკ გენერალური მდივნის, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის გორბაჩოვის სახელზე გაიგზავნა. აფხაზურმა მხარემ მოითხოვა აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფა და მისი დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად გადაქცევა.
„ლიხნის წერილში“ კვლავ ისტორიულ ფაქტებზე ხდება აპელირება: ქართველთა მხრიდან აფხაზი ხალხის ჩაგრულობაზე, რომელსაც საქართველოს მენშევიკური მთავრობა, ჯერ კიდევ 1917-1921 წლებში აფხაზეთში მასობრივი გადასახლებების გზით ახორციელებდა.
აფხაზები დეკლარაციაში ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ ქართველების მიერ გატარებული ასიმილატორული პოლიტიკის, აფხაზების შევიწროების, ჩაგვრის გამო ეჭვის ქვეშ დგება აფხაზების, როგორც ეთნიკური ჯგუფის მომავალი. ამდენად, მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობიდან გადავიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში .
ხაზგასმულია, ეთნიკურად ქართველი სტალინისა და ბერიას მიერ აფხაზების იძულებით გადასახლების ფაქტი. საუბარია იმაზე, რომ ეს რეპრესიები, რომელსაც ახორციელებდნენ სტალინი და ბერია აფხაზების წინააღმდეგ, ადამიანების გარდა თავს დაატყდა აფხაზურ ენას, ისტორიას, კულტურას, რესპუბლიკის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ სტატუსს, ძველ გეოგრაფიულ დასახლებებს, აფხაზურ ანბანს.
„აიდგილარას“ ინიციატივით მიღებული ეს „წერილი“ წარმოადგენს მასების მობილიზაციის უშუალო და ყველაზე ნათელ შედეგს, რომელმაც გამოხატულება ჰპოვა ამ პერიოდის ყველაზე მრავალრიცხოვანი და აგრესიული მიტინგების, დემონსტრაციების დაწყებაში.
თავდაპირველად, ლიხნის დეკლარაციას სოხუმის უნივერსიტეტის ეთნიკურად ქართველმა სტუდენტობამ საპროტესტო დემონსტრაციით უპასუხა. თუმცა, ეს დემონსტრაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აიკრძალა, სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაგრძელდა და საბოლოოდ აფხაზ ნაციონალისტთა ერთი ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. პარალელურად საპროტესტო მიტინგები იმართება თბილისშიც. დაძაბულობა პიკს 1989 წლის აპრილში აღწევს და 9 აპრილით სრულდება.
ლიხნის კრების შედეგად გამოწვეულმა 9 აპრილის ფსიქოლოგიურმა სტრესმა აფხაზური ექსტრემიზმის განვითარებას დამატებითი მუხტი შესძინა და ამის ფონზე აფხაზეთის უნივერსიტეტის ქართული სექტორის სტუდენტ-მასწავლებლებმა უნივერსიტეტიდან გამოყოფა და თსუ ფილიალად გადაკეთება გადაწყვიტეს. დაიწყო ქართველი სტუდენტობის საპროტესტო აქცია, სოხუმში თსუ-ს ფილიალის შექმნის მოთხოვნით, რომელიც სულ უფრო ფართო მასშტაბებს აღწევდა. ვითარება თანდათანობით უმართავი ხდებოდა და ხელისუფლებას სხვა გზა არ რჩებოდა, თუ არა დასთანხმებოდა თსუ სოხუმის ფილიალის გახსნას.
1989 წლის 14 მაისს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა განკარგულება, რომელიც აკმაყოფილებდა ქართველი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სურვილს ქ. სოხუმში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის შექმნის შესახებ.
რა თქმა უნდა, აფხაზური მხარე კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა ამ გადაწყვეტილების, რასაც მოჰყვა ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის სეპარატისტულად განწყობილი ნაწილის მობილიზაცია. 15 მაისს, „აიდგილარას“ ინიციატივით, სოხუმის ცენტრში გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი, სადაც ერთხმად დაგმეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თსუ სოხუმის ფილიალის შექმნის შესახებ და იგი შეფასდა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის „საშინაო საქმეებში“ უხეში ჩარევა თბილისის მხრიდან აფხაზი ხალხის ეროვნული ინტერესების შელახვა. საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა და არ გააუქმა გადაწყვეტილება თსუ-ს სოხუმის ფილიალის შექმნის შესახებ.
მოვლენები შემდგომში კიდევ უფრო გართულდა. 1989 წლის 15 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განკარგულების საპირწონედ გამოსცა დადგენილება „ქალაქ სოხუმში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის შექმნის უკანონო ცდების მიზეზით აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში ეროვნებათშორისი ურთიერთობის არსებითი გამწვავების შესახებ“ (40). სადაც ხაზგასმულია, რომ ამ „უკანონო“ გადაწყვეტილებით ქართული ხელმძღვანელობა ეროვნებათშორის ურთიერთობებს ამწვავებს. ეს ბრალდებები მიმართულია იქითკენ, რომ ქართული ხელმძღვანელობა წარმოაჩინონ მთავარ დამნაშავედ „აფხაზ, ქართველ და აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობისა და ძმობის დარღვევაში“.
აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცემულ დადგენილებას თან ახლდა ეთნიკურობის ნიადაგზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება, როდესაც მოხდა აფხაზი სეპარატისტების მობილიზაცია ქართველთა წინააღმდეგ და 15-16 ივლისს, ექსტრემისტების მიერ უნივერსიტეტის ქართული ფილიალის შენობა დარბეულ იქნა. მასწავლებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი.
ნაციონალისტური რიტორიკის, ეთნიკური შუღლის გაღვივებისა და აფხაზური ხელმძღვანელობის მხრიდან მათი სეპარატისტული მისწრაფებების ლეგიტიმაციის მცდელობის თვალსაზრისით საინტერესოა, ასევე, 1990 წლის 25 აგვისტოს დეკალარაცია, აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს სესიაზე და აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს 1990 წლის 25 აგვისტოს დადგენილება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ . „მრგვალი მაგიდის“ აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თაოსნობით მოეწყო საპროტესტო მიტინგი, სადაც დაგმეს აფხაზი დეპუტატების ანტისახელმწიფოებრივი და სეპარატისტული გადაწყვეტილებები . შემდგომ, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ბათილად და იურიდიული ძალის არ მქონედ გამოაცხადა აფხაზთა მიერ მიღებული ორივე დოკუმენტი.
ოფიციალური დოკუმენტებში გამოხატული დავა და უთანხმოება შემდგომ წლებშიც გაგრძელდა.
აფხაზეთის ქართული მოსახლეობისა და ხელმძღვანელობის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია 1992 წლის 23 ივლისის, აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებამ აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმდების შეწყვეტის შესახებ. (რაც ასევე ბათილად გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფო საბჭომ). აღნიშნული დადგენილება თვითნებურად აუქმებდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციას (რომლის მიხედვითაც აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო) და აფხაზეთის ახალი კონსტიტუციის მიღებამდე აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუციის (რომლის თანახმადაც, აფხაზეთი, თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ავტონომიურ წარმონაქმნს საქართველოს სსრ შემადგენლობაში) მოქმედებას ადგენდა . აფხაზი ხელმძღვანელობის განაცხადმა რეგიონის დამოუკიდებლობაზე უკიდურესად დაძაბა სიტუაცია ცენტრსა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის, ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში. ცენტრსა და რეგიონს შორის დაწყებული იურიდიული ომი საბოლოოდ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო აფხაზეთში შინაგანი ჯარის ნაწილების შეყვანის გადაწყვეტილება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის საბაბით. რასაც შემდგომ ამ ნაწილებზე სეპარატისტების მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა და საბოლოოდ აფხაზეთის ომის დაწყება მოჰყვება.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ 1989-1992 წლებში, ქართული და აფხაზური პოლიტიკური ელიტების რიტორიკის შესწავლიდან ცხადი გახდა მათმა აგრესიულმა, კონფრონტაციულმა მიმართვებმა, განცხადებებმა, ასევე, მიღებულმა დეკლარაციებმა, დადგენილებებმა, განკარგულებებმა რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართული და აფხაზური ეთნიკური ჯგუფების დაპირისპირებასა და მათ შორის შუღლის გაღვივებაზე. მობილიზაციამ გამოხატულება სხვადასხვა ფორმით ჰპოვა. მობილიზაციის თვალნათელ გამოხატულებას წარმოადგენდა ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე მრავალრიცხოვანი მიტინგები, დემონსტრაციები და მანიფესტაციები. და ბოლოს, სამხედრო მობილიზაცია, როდესაც დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება მხარეებს შორის და უმძიმესი შედეგებით დამთავრდა კონფლიქტის მონაწილე ორი (ქართული და აფხაზური) მხარისათვის.
როგორც პროფესორი სტივენ ჯონსი აღნიშნავს, „ქართველები და სხვა ეთნიკური უმცირესობები ოდითგანვე ერთად მეგობრულად ცხოვრობდნენ დიდი ხნის მანძილზე. ჰქონდათ საზიარო ეზოები, ერთად დადიოდნენ სკოლაში და თანამშრომლობდნენ სამსახურში. ქართველებისა და აფხაზების შერეული ქორწინებები იშვიათობა არ იყო“ . შესაბამისად, ის რაც მოხდა იყო არა მასების, არამედ ელიტების მართული ძალადობის შედეგი. სწორედ ელიტების (და არა მხოლოდ პოლიტიკურის) რიტორიკა გახდა ქართველი და აფხაზი ხალხების ერთმანეთის წინააღმდეგ მობილიზაციის უშუალო მიზეზი. რა საკვირველია, ქართულ და აფხაზურ (ისევე როგორც ოსურ), ეთნიკურ ჯგუფებს შორის მტრული განწყობების გაღვივების მიზნით, გაცილებით ადრეული პერიოდიდან (ვიდრე 1989-92 წწ.) მიმდინარეობდა შეფარული თუ აშკარა პოლიტიკა, სხვადასხვა დროის, დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით. ყოველივე ამაში „ლომის წილი“, იმპერიალისტური ზრახვებით შეპყრობილ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მიუძღვის, რაც ცალკე განხილვის თემაა.