მშვიდობა, რომელიც არ არის
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ვებ-გვერდზე. სტატიის სათაური, ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია უცვლელად. ყველა უფლება ეკუთვნის “სოციალური სამართლიანობის ცენტრს”. გამოქვეყნების თარიღი: იანვარი, 2023 წელი.
მოკლე შინაარსი
მედეა ტურაშვილის სტატია “მშვიდობა, რომელიც არ არის” საქართველოში მომხდარ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგებზე საუბრობს. ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების რეგულარული მტკიცება, რომ ქვეყანაში “მშვიდობაა”, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც “მშვიდობა” არაა მხოლოდ ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის არარსებობა.
ავტორის აზრით, იმისთვის რათა საქართველოში ნამდვილმა “მშვიდობამ” დაისადგუროს შემდეგი ნაბიჯებია საჭირო:
1) საქართველოს ხელისუფლებამ და ზოგადად, საზოგადოებამ აფხაზები და ოსები არა მხოლოდ რუსეთის პროპაგანდის მსხვერპლებად და მარიონეტებად უნდა დაინახოს, არამედ, აქტორებად, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი საჭიროებები და ინტერესები.
2) საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ უნდა ესაუბრებოდნენ de facto ლიდერებს, პოლიტიკურ ელიტებს, თუ საჯარო უწყებების წარმომადგენლებს.
3) სახელმწიფომ ნებისმიერი კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად, გადაადგილება, ვაჭრობა, პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტები მხოლოდ გეოპოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოების პრიზმით აღარ უნდა აღიქვას.
4) უმნიშვნელოვანესია გაგრძელდეს სამოქალაქო დიალოგის ფორმატების სისტემატური მხარდაჭერა.
5) მშვიდობის მშენებლობაში ქალთა მონაწილეობა საუბარს უნდა გასცდეს და რეალურ მონაცემებსა თუ შედეგებში აისახოს.
6) უნდა გაძლიერდეს სამშვიდობო განათლება, რომელიც არის ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში ეთნიკური და რელიგიური ნაციონალიზმის დაძლევის საშუალება.
7) საქართველომ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს მედია, განსაკუთრები კი სოციალური ქსელები, რომლებიც მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
8) ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ შექმნას კონფლიქტებთან და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებული კრიტიკული ცოდნა.
შესავალი
30 წელზე მეტია საქართველო შეიარაღებული კონფლიქტების დამანგრეველ შედეგებს ებრძვის: დევნილები ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე, აფხაზები და ოსები ცხოვრობენ ომის განახლების მუდმივ შიშში, გალელი ქართველები მომწყვდეული არიან ნაციონალიზმის, მილიტარიზმისა და ავტორიტარიზმის მარწუხებში, ადამიანები იხრჩობიან მდინარე ენგურში გამყოფი ხაზის გადაკვეთის მცდელობისას, ომებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები ჯერ ისევ ეძებენ და ელოდებიან საყვარელი ადამიანების ნეშტებს, აფხაზები ვეღარ საუბრობენ მშობლიურ ენაზე და ახლა აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ავიწყებენ მათ მშობლიურ ენას, ტრავმირებული კაცების და ზოგადად საზოგადოების მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობა ყოველდღიური პრაქტიკაა, თუმცა ამაზე საუბარი სირცხვილია; თბილისის მიერ კონტროლირებადი, სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებების მხოლოდ 20%-ს მიუწვდება ხელი საბავშვო ბაღზე, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული, გამყოფი ხაზისპირა სოფლების მოსახლეობა 2002-2014 წლებში 33 %ით შემცირდა. ეს ჩამონათვალი ძალიან გრძელია.
ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება ამაყად საუბრობს მშვიდობაზე. „ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“… „მიუხედავად პროვოკაციებისა ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას“… „ეს არის ერთადერთი გამონაკლისი, მას შემდეგ რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა“ … „დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“…. – ეს არის ბოლოდროინდელი გზავნილები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისა, თუ მმართველი გუნდის წევრებისგან რეგულარულად ისმის.
რა არის მშვიდობა?
დიდი ხანია ცნობილია, რომ მშვიდობა არ ნიშნავს ომის და შეიარაღებული კონფლიქტის არარსებობას. მშვიდობის გატოლებას ომის არარსებობასთან ის ნაკლი აქვს რომ, ის არ პასუხობს მნიშვნელოვან შეკითხვას: რატომ არის, რომ სწორედ ამ „მშვიდობიანობის“ პერიოდში ყალიბდება და ძლიერდება ისეთი იდენტობები, სოციალური სტრუქტურები და ინსტიტუტები, რომლებიც შესაძლებელს ხდის ომის, ძალადობის და შეიარაღებული კონფლიქტის ხელახალ გაღვივებას?
ცივი ომის პერიოდში ორ ბანაკს შორის სამხედრო ბალანსი და მათი მარიონეტული ომები იყო ძირითადი კვლევის და შესწავლის საგანი. მშვიდობა, ამ დროს, გაიგივებული იყო მაღალი დონის მოლაპარაკებების გზით სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებასთან. ამ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ლეგიტიმური აქტორები კი მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენლები შეიძლება ყოფილიყვნენ.
დეკოლონიზაციის და ცივი ომის შემდგომ წარმოშობილმა შიდა-სახელმწიფოებრივმა ომებმა ნათელი გახადა, რომ მშვიდობის შესასწავლად უპირველესად კონფლიქტების და მისი სოციალური განზომილების გაგება იყო საჭირო. „ახალ ომებში“, როგორც ამას მერი კალდორი უწოდებდა, ძნელია გამიჯვნა, სად მთავრდება ომი და იწყება მშვიდობა. შესაბამისად, სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა გაჭიანურებული, თუ გაყინული კონფლიქტების ცნება. მკვლევრები იწყებენ კონფლიქტების ისეთი ძირეული მიზეზების შესწავლას, როგორიცაა სტრუქტურული და კულტურული ძალადობა, დეპრივაცია, დისკურსების და ნარატივების მნიშვნელობა, იდენტობის პოლიტიკა, სიხარბის გავლენა და ა.შ.
როგორ ვქმნით მშვიდობას?
ომების და კონფლიქტების ბუნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მშვიდობის და კონფლიქტების კვლევის რამდენიმე თაობა/სკოლა არსებობს და მკვლევრები და პრაქტიკოსები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეთოდებზე საუბრობდნენ (კონფლიქტის მართვა (Conflict Management), (კონფლიქტის მოგვარება (Conflict Resolution), მშვიდობის დამყარება (Peacekeeping), მშვიდობის კეთება (Peace Making) და ა.შ).
ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც დასავლური სამყარო ლიბერალიზმის გამარჯვებას ზეიმობდა, ყოფილი საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია დამანგრეველ ომებში და ძალადობრივ კონფლიქტებში ჩაიძირა. ამ პროცესების პარალელურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) მიიღო ე.წ. ბუტროს ბუტროს-გალის გეგმა „მშვიდობის დღის წესრიგი,“ რომელმაც მშვიდობის მშენებლობის (Peace Building) ცნება შემოიღო და ამით სათავე დაუდო მშვიდობის საკითხებზე მუშაობის ძალისხმევას.
მშვიდობის მშენებლობა არის კომპლექსური მეთოდი, რომელიც მუდმივად იცვლება და ახალ-ახალ კონცეფციებსა თუ გამოსავლებს გვთავაზობს, თუმცა, ზოგადი დახასიათებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მოიცავს:
თუმცა, თანამედროვე კრიტიკოსებს, უფრო მეტად და მეტად შეაქვთ ეჭვი, თუ რა რეალური საზოგადოებრივი გავლენა აქვს „მშვიდობის მშენებლობას“ თუ „კონფლიქტის ტრანსფორმაციას“ და რამდენად სასურველია გარე აქტორების ჩარევა საზოგადოებების „გადაკეთებაში“? შესაძლებელია თუ არა, რომ მშვიდობის მშენებლობა ყველა კონტექსტში ერთნაირი იყოს და რა როლი აქვს კულტურას, ტრადიციებს, ადგილობრივ კონტექსტსა, თუ სათემო მშვიდობის მშენებლობის გამოცდილებას? მშვიდობის და ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით ხომ არ ხდება ძალადობრივი სტრუქტურების და ინსტიტუტების კიდევ უფრო მხარდაჭერა და გაძლიერება? რა ეპისტემური და ძალაუფლებრივი იერარქია არსებობს დონორსა, როგორც ფინანსურ მხარდამჭერსა და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას შორის და სინამდვილეში ვისი პრიორიტეტებით ხდება მშვიდობის მშენებლობა? ხომ არ არის აცდენა მშვიდობის მშენებლობის ადგილობრივ საჭიროებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების/დონორების მიწოდებას შორის? ვისი ხმა უნდა ისმოდეს მშვიდობის მშენებლობის თუ კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში? და ა.შ.
ფემინისტური მშვიდობა: გულუბრყვილობა თუ რაციონალური არჩევანი?
ზემოთ დასმულ საკითხებზე საინტერესო კრიტიკას და კონცეპტუალურ პასუხებს ფემინისტური მშვიდობის თეორიული ჩარჩო გვთავაზობს. ფართო გაგებით, ფემინისტური მშვიდობა შეიძლება განვმარტოთ, როგორც სტრუქტურული და ინსტიტუციური ძალადობის არარსებობა, როგორ კერძო, ისე საჯარო სფეროში. აქ იგულისხმება, რომ სახელმწიფო, ბიუროკრატია, განათლების სისტემა, რელიგია და ოჯახი სწორედ ის სოციალური ინსტიტუტებია, სადაც ყალიბდება ძალადობის გენდერული მახასიათებელები. “მშვიდობის, ეკონომიკური სამართლიანობის და ეკოლოგიური მდგრადობის მიღწევა პირდაპირ კავშირშია სოციალური ურთიერთობების გათავისუფლებასთან დომინაციისა და დაქვემდებარებისგან (სუბორდინაციისგან); ჭეშმარიტი უსაფრთხოება მოითხოვს არა მხოლოდ ომის არარსებობას, არამედ უსამართლო სოციალური ურთიერთობების, მათ შორის, უთანასწორო გენდერული ურთიერთობების აღმოფხვრას.“
ფემინისტი ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ძალადობრივი კონფლიქტები და ომები არის ირაციონალური, დესტრუქციულია და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანებს და ამის გააზრება ქალებს უკეთ შეუძლიათ, არა იმიტომ, რომ ბუნებით მშვიდობისმოყვარენი არიან, არამედ, იმიტომ, რომ ქალებს საზოგადოებაში თავიანთი მარგინალიზებული პოზიციის წყალობით შესწევთ უნარი, დაინახონ მილიტარიზმის დამანგრეველი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე და ამიტომ სწორედ მათ უნდა შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური გაერთიანება, რათა დაუპირისპირდნენ ამ სისტემებს.
ფემინისტი მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სწორედ ერთმანეთზე გადაჯაჭვული ძალადობრივი სოციალური სტრუქტურები და დისკურსები, როგორიცაა მილიტარიზმი, პატრიარქატი და ნაციონალიზმი, განაპირობებენ ძალადობრივი სტრუქტურების და კულტურის ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას, რაც კონფლიქტების წინაპირობა ხდება: “ნაციონალიზმს სჭირდება პატრიარქატი და დამოკიდებულია მასზე, რადგან პატრიარქატი მისთვის უზრუნველყოფს იმას, რომ ქალები გააჩენენ და აღზრდიან ახალ პატრიოტებს; მილიტარიზმს ესაჭიროება პატრიარქალური წყობა, რადგან ქალები გააჩენენ და აღზრდიან ახალ ჯარისკაცებს; ხოლო პატრიარქატს ესაჭიროება ორივე, ნაციონალიზმიც და მილიტარიზმიც, რადგან ეს ორი აყალიბებს „ჭეშმარიტად“ მასკულინურ მამაკაცს.“ შესაბამისად, ფემინიზმი, როცა პატრიარქატს ეწინააღმდეგება, იმავდროულად, ნაციონალიზმსა და მილიტარიზმს უპირისპირდება.
ამ ფილოსოფიას რამდენიმე საინტერესო კვლევაც ამყარებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნებში, სადაც გენდერული თანასწორობის და ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობის მაღალი მაჩვენებელია, შიდა შეიარაღებული კონფლიქტებიც ნაკლებად ხდება, ხოლო ის ქვეყნები, სადაც ქალთა მონაწილეობა სუსტია და მაღალია მათ მიმართ ძალადობა, უფრო მეტად ერთვებიან როგორც შიდა, ისე სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებსა და ომებში.
გენდერის, მშვიდობის და კონფლიქტის ურთიერთდამოკიდებულების აღიარება საერთაშორისო სამშვიდობო პოლიტიკის დღის წესრიგში 1990-იანი წლებიდან მოხდა. ამ დღის წესრიგის მიზანია უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა, ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა რეალური მონაწილეობა, ქალების დაცვა გენდერული ნიშნით ძალადობისგან და ა.შ.
რამდენიმე ქვეყანაში (კანადა შვედეთი, მექსიკა) ფემინისტური საგარეო პოლიტიკა სახელმწიფო სტრატეგიებში აისახა. ეს სტრატეგიები, არა მხოლოდ უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ სისტემებში ქალების წარმომადგენლობის გაზრდაზე აკეთებენ აქცენტს, არამედ მიზნად ისახავენ ქალთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, სამშვიდობო და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში მათ მონაწილეობას და უფლებების დაცვას.
საქართველო: მშვიდობა რომელიც სინამდვილეში არ არის
დღესდღეობით, საქართველოში არსებულ კონფლიქტებს სამი განზომილება აქვს: პირველი საერთაშორისო განზომილება − დასავლეთ-რუსეთის კონფლიქტი, რომელიც პირდაპირ აისახება მეორე, სახელმწიფოთაშორის განზომილებაზე, ანუ ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით − ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე. საქართველოს ხელისუფლებას ძირითადად ქართულ-რუსულ და შიდა-სახელმწიფოებრივ კონტექსტზე შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი გავლენა და უნდა ჰქონდეს შესაბამისი სტრატეგიები ორივე დონეზე სამუშაოდ.
მშვიდობის მშენებლობა, როგორ საზოგადოებრივი პროცესი, სწორედ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე მუშაობის მეთოდია. ის კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის არსებული დაპირისპირებების და უთანხმოებების აღმოფხვრას, საერთო საჭიროებებისა და ინტერესების გამოკვეთას, ამ საზოგადოებებში თანასწორობის და სამართლიანობის დამკვიდრებას, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციას და ეკონომიკური კეთილდღეობის მშენებლობას ისახავს მიზნად.
ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კონფლიქტების მოგვარების სამხედრო გზა მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები პოლიტიკითა თუ სხვა საზოგადოებრივი საკითხებით ნაკლებად ინტერესდებიან, გამოკითხული ახალგაზრდების 95% ემხრობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრას. ამავე კვლევით, ის ახალგაზრდები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქალებს შეუძლიათ პოზიტიური გავლენა იქონიონ სამშვიდობო პროცესებზე, მშვიდობის გრძელვადიან შენარჩუნებას ისინი სწორედ ქალების მონაწილეობას უკავშირებენ (56%). კონფლიქტით დაზარალებული მხარეების მიმართ ემპათია ქართველ ახალგაზრდებში საკმაოდ მაღალია. მათი უმრავლესობა (64%) მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ამჟამად მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანები კონფლიქტის ისეთივე მსხვერპლები არიან, როგორც ქართველები. სამწუხაროდ, იდენტური კვლევები არ ჩატარებულა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ბოლო პერიოდის მშვიდობის ყოველდღიური ინდიკატორების კვლევამ, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ ჩატარდა, გამყოფი ხაზების ყველა მხარეს, კარგად წარმოაჩინა, თუ რამდენად ასახავს მშვიდობის მშენებლობის ბოლო 30 წლიანი პროცესი მოქალაქეების საჭიროებებსა და ინტერესებს. მიუხედავად 30 წლიანი იზოლაციისა და გათიშულობისა, კვლევის მონაწილე ქართველების, აფხაზების და ოსების აღქმა მშვიდობაზე საინტერესოდ ემთხვევა ერთმანეთს. სოხუმში, გალში, ზუგდიდში, გორში, ცხინვალში, ახალგორსა და თბილისში ადამიანების ამბობენ, რომ მშვიდობა არის:
ომის განახლების შიშის არქონა
გადაადგილების თავისუფლება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ
მომავლის დაგეგმვის შესაძლებლობა
თანასწორუფლებიანობა და გამოხატვის თავისუფლება
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა,
აღნიშნული კვლევა ასევე აჩვენებს, რომ გორში, ახალგორში, გალში და თბილისში, ესე იგი ეთნიკურად ქართველები, საუბრობენ ნდობის აღდგენაზე, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, შერიგებაზე. რის სურვილსაც ცხინვალში და სოხუმში არ ავლენენ.
საინტერესოა, რომ კვლევის დროს, როდესაც ფასილიტაციას ქალები აკეთებდნენ, გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ქალთა მონაწილეობის ნაკლებობა გადაწყვეტილების მიღებაში, ქალთა ჯანმრთელობა და ყოველდღიური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები.
ოფიციალური თბილისის სამშვიდობო პოლიტიკის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო და დღემდე რჩება პოლიტიკური სტატუსი, ტერიტორია, სამხედრო უსაფრთხოება. ღიად თუ ირიბად, საქართველოს ხელისუფლებები, განსაკუთრებით კი, ქართული ოცნების მთავრობა, მიანიშნებდნენ, რომ რუსეთი მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის დასრულებამდე საქართველო უმწეოა იქ სამშვიდობო პოლიტიკის გაატაროს, შესაბამისად, ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო და არის სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ. ხელისუფლებების აღქმით სტატუს-კვო ასე გამოიყურება: არ აღიარება და de facto სტრუქტურების დელეგიტიმაცია. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ, მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო გართულდა მოვლენების წინასწარ განჭვრეტა და ერთიორად გაიზარდა უსაფრთხოების რისკები, საქართველოს ხელისუფლება სრულად პარალიზებულია და მხოლოდ ზედაპირულ საკითხებს გვთავაზობს განსახილველად, თუმცა გვარწმუნებს, რომ მშვიდობის შენარჩუნება ხერხდება.
მშვიდობის, ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ საქართველოს მხრიდან უფრო თამამი სამშვიდობო პოლიტიკის აუცილებლობაზე, თუნდაც ოკუპაციის პირობებში. სხვადასხვა კვლევა და კომენტარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აწარმოოს პირდაპირი დიალოგი დე-ფაქტო ხელისუფლებებთან; გაამარტივოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირების, მათ შორის ეთნიკური ქართველების, გადაადგილება; იზრუნოს მათთვის სოციალური, ეკონომიკური და საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნისა და წახალისებისათვის; ისაუბროს წარსულზე, ომის ტრავმებზე და მსხვერპლის აღიარებაზე, სამართლიანობასა და ძალადობის მიუღებლობაზე, თანასწორუფლებიანობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას თითქმის არასოდეს დაუნახავს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც პარტნიორი და მოკავშირე სამშვიდობო პროცესში, შესაბამისად, არც რეალური და შინაარსიანი დიალოგი ჰქონია მასთან. კონფლიქტებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების გავლენა სამშვიდობო პოლიტიკაზე მკვეთრად დაბალია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისათვის არის ის, რომ მშვიდობის მშენებლობა ქართულ კონტექსტში ძირითადად ნიშნავს ქართულ-აფხაზურ თუ ქართულ-ოსურ არაფორმალურ, დახურულ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც საზოგადოების მხოლოდ შეზღუდულ ჯგუფებს და რაოდენობას აქვს წვლილის შეტანის საშუალება. საზოგადოებისთვის უცნობია არა მხოლოდ ოფიციალური მოლაპარაკებების საკითხები და შედეგები (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, კარასინ-აბაშიძის ფორმატი), ასევე სამოქალაქო დიალოგის ფორმატების დღის წესრიგი და შედეგებიც.
როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური დიალოგის დახურულობამ და მონაწილეთა ვიწრო წრემ ქართულ საზოგადოებაში შექმნა ეჭვები და უნდობლობა სამშვიდობო პროცესის მიმართ, ასევე, გაამყარა „ელიტების“ მდგომარეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
კიდევ უფრო რთული ვითარებაა მშვიდობის მშენებლობის საქმეში ქალთა მონაწილეობის კუთხით. წლების განმავლობაში, გაეროს სააგენტოებისა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა გაძლიერებაზე, გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაზე, მოლაპარაკებებსა და სამოქალაქო დიალოგის ფორმატებში ქალთა ეფექტურ და შინაარსობრივ მონაწილეობაზე. თუმცა, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების კომუნიკაცია ძირითადად ცალმხრივი და ფორმალისტურია.
ქალთა მონაწილეობის ბარიერებზე საუბრისას გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2020 წ. კვლევაც, რომელიც მიუთითებს ქალთა ცოდნის არაღიარებაზე, გენდერულ სტერეოტიპებსა და ფინანსური რესურსების ნაკლებობაზე. ქალთა ორგანიზაციები მეტწილად დამოკიდებული არიან მცირეხნიან, მცირებიუჯეტიან პროექტებზე, რაც მათ ინსტიტუციური და ინტელექტუალური გაზრდის საშუალებას და გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას არ აძლევს.
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2018-2020) შესრულების ანგარიში გვაჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სახელმწიფო უწყებები ატარებენ შეხვედრებს და ტრენინგებს ქალებისთვის თუ საჯარო მოხელეებისთვის, დაუსრულებლად მუშაობენ სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებაზე, თუმცა, საბოლოოდ არც ქალთა მონაწილეობა გაზრდილა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არც დევნილი ქალებისა და ახალგაზრდები ჩართულობა გაიზარდა პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში, არც კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა საჭიროებების და პრიორიტეტების რეალური გათვალისწინება ხდება ოფიციალურ მოლაპარაკებების პროცესში. შესაბამისი უწყებები კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს უტარებენ ტრენინგებს ბიზნესის დაწყებასა და მართვაში, ლიდერობაში, ფინანსურ მენეჯმენტში, თუმცა, იმის გამო, რომ მწირია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები (სესხების თუ გრანტების სახით) და ის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა (გზები, სასმელი წყალი, საბავშვო ბაღები და ა.შ.) და სოციალური გარანტიები (მინიმალური ხელფასი, სამართლიანი გადასახადევის სისტემა, ადეკვატური პენსია, უმუშევრობის დაზღვევა, საბანკო სერვისების სამართლიანი რეგულირება და ა.შ.), რომელიც ქალების ეკონომიკური საქმიანობის საფუძველი უნდა გახდეს, ეს პროგრამები ძირეული ცვლილებების მიზეზი არ ხდება. ამ პროცესიდან კი სრულად ამოვარდნილნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალები, უგულებელყოფილია მათი ხედვები და საჭიროებებიც.
საინტერესოა, რომ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშების მიხედვით, ყველაზე წარმატებული უწყება გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სისტემაში ქალთა საჭიროების გათვალისწინების საქმეში არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა მონაწილეობა სამხედრო სტრუქტურაში წარმატებით იზრდება, მაშინ როდესაც ქალთა მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში და გადაწყვეტილების პროცესში კვლავ დაბალია.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ატარებს საინფორმაციო თუ საკონსულტაციო შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ქალთა ორგანიზაციების მონაწილეობით. სახელმწიფო მინისტრის აპარატში შექმნილია მუდმივმოქმედი „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო“ და ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება – მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმა“. თუმცა, ეს შეხვედრები არის ცალმხრივი და ფორმალური, და მიზნად ისახავს არა სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებების გაცნობას და პოლიტიკის საკითხებზე შინაარსობრივ დისკუსიას, არამედ, მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რასაც მთავრობის წარმომადგენლები ჩათვლიან საჭიროდ. სამწუხაროდ, რამდენადაც კონფლიქტებთან დაკავშირებული პოლიტიკა და მოვლენები არ იცვლება, ინფორმაციაც შეხვედრიდან შეხვედრამდე იგივე შინაარსის რჩება.
დასკვნა: რა იქნება შემდეგ?
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ, კვლავ განაახლა შიშები და ტრავმები საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოსთვის რუსეთის დამარცხება და ახალ პოლიტიკურ და სამხედრო რეალობაში საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრა ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხია. სამწუხაროდ, საპირისპირო სენტიმენტები და სურვილებია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში. იქ შიშობენ, რომ რუსეთის დასუსტების და დამარცხების შემთხვევაში საქართველო შეეცდება სამხედრო გზით გადაჭრას კონფლიქტი და ეს ადგილობრივ ელიტაში და საზოგადოებაშიც უსაფრთხოების საბაზისო წუხილებს წარმოშობს.
შიშის როლი კონფლიქტების გაჩაღებასა თუ გაჭიანურებაში არაერთი კვლევის და ანალიზის საგანი გამხდარა. აფხაზების და ოსების მიერ საქართველოს მიმართ შიშის დაძლევა უნდა იყოს მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს სახელმწიფოსათვის. ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლოდროინდელი სპეკულაციები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ კიდევ უფრო ამძიმებს აფხაზეთსა და ოსეთში გაბატონებულ შიშებს, უნდობლობას და მტრის ხატს საქართველოს სახით. არც საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ერთ-ერთი პოლიტიკოსის „დაპირება“ აჩენს ნდობას, რომ ის ხოცავდა და გააგრძელებენ ხოცვას აფხაზეთში, თუნდაც ეს „დაპირება“ რუსი პოლიტიკოსისკენ იყოს მიმართული.
შიშის დაძლევის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ნდობის აღდგენის რამდენიმე გზა შეიძლება არსებობდეს: უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებამ და ზოგადად, საზოგადოებამ აფხაზები და ოსები არა მხოლოდ რუსეთის პროპაგანდის მსხვერპლებად და მარიონეტებად უნდა დაინახოს, არამედ, აქტორებად, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი საჭიროებები, ინტერესები, შიშები, შეზღუდვები, ტრავმული გამოცდილებები და მისწრაფებები. რუსეთის დასუსტების შემთხვევაშიც კი, ეს ყველაფერი არ გაქრება. ამავე კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ უნდა ესაუბრებოდნენ de facto ლიდერებს, პოლიტიკურ ელიტებს, თუ საჯარო უწყებების წარმომადგენლებს და ცდილობდნენ საერთო ინტერესების და თანამშრომლობის სფეროების მოძებნას.
სახელმწიფოს ნებისმიერი სტრატეგია თუ სამშვიდობო პოლიტიკა ნაკლოვანი იქნება, თუ ის კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხებს (მაგალითად, გადაადგილებას, ვაჭრობას, პირადობისა და სამგზავარო დოკუმენტებს, და ა.შ.) მხოლოდ გეოპოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოების პრიზმით დაინახავს. ზემოთ ნახსენებმა ყოველდღიური მშვიდობის კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ გამყოფი ხაზის ყველა მხარეს, კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანებს აქვთ მსგავსი საჭიროებები, წუხილები და მშვიდობის კონკრეტული ხედვები. სწორედ მათი პერსპექტივების გათვალისწინება იქნებოდა თანამშრომლობისა და ურთიერთობების ნორმალიზების საწინდარი.
უმნიშვნელოვანესია გაგრძელდეს სამოქალაქო დიალოგის ფორმატების სისტემატური მხარდაჭერა. თუმცა, ამ დიალოგში ჩართულმა ქართულმა, აფხაზმა და ოსმა სამოქალაქო საზოგადოებამ კრიტიკულად უნდა გაიაზროს 30 წლიანი სამოქალაქო დიალოგის მიღწევები, მარცხები, გამოწვევები და სტრატეგიულად იფიქროს არსებული შესაძლებლობების გამოყენების შესახებ. მშვიდობის მშენებლობის ინიციატივები უფრო ღია უნდა იყოს იძულებით გადაადგილებულ პირების, გალის და ახალგორის მოსახლეობის, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისათვის.
მშვიდობის მშენებლობაში ქალთა მონაწილეობა საუბარს უნდა გასცდეს და რეალურ მონაცემებსა თუ შედეგებში აისახოს. ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმები არა მხოლოდ ტრენინგებზე და შეხვედრებზე, არამედ კონკრეტული შედეგების მიღწევაზე უნდა იყოს ორიენტირებული. კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადგილობრივ დონეზე მეტწილად ქალები და ქალთა ორგანიზაციები მუშაობენ, შესაბამისად, მშვიდობის მშენებლობაში მათი მონაწილეობა, პერსპექტივების მოსმენა და შინაარსობრივი წვლილის შეტანა უაღრესად მნიშვნელოვანია.
ამავდროულად, აუცილებელია მშვიდობის მშენებლობის ინსტრუმენტები გაფართოვდეს და პოლიტიკის ცვლილების ამოცანა მოიცვას. მაგალითად, კრიტიკულად დგას სამშვიდობო განათლების საკითხი. სამშვიდობო განათლება არის ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში ეთნიკური და რელიგიური ნაციონალიზმის, შოვინიზმის, პატრიარქატის, მილიტარიზმის, ექსკლუზიის გააზრების და დაძლევის საშუალება. საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე საინტერესო ინიციატივა და მნიშვნელოვანია ეს მცდელობები გაფართოვდეს, ინსტიტუციონალიზდეს სახელმწიფოს მიერ და ის ასევე დაიწყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში. არაერთი კვლევა მიუთითებს, რომ საქართველოს განათლების სისტემას ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების სწავლების სერიოზული გამოწვევა აქვს, რადგან ვერც სასკოლო სახელმძღვანელოები და ვერც პედაგოგები ვერ ახერხებენ სათანადოდ გაცნონ მოსწავლეებს ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება და სხვადასხვა ჯგუფების ღვაწლი ისტორიასა და საერთო კულტურის შექმნაში.
იგივე შეიძლება ითქვას მედიასა და კომუნიკაციის სხვადასხვა მედიუმებზე. მედია, კერძოდ კი სოციალური მედია მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სოციალური ქსელი, რამდენადაც ის ვირტუალურ ბრძოლის ველად არის გადაქცეული და ასაზრდოებს შიშებს და სიძულვილს, იმდენადვე აჩვენებს, რომ ქართველ, აფხაზ და ოს მომხმარებლებს ბევრი აქვთ სასაუბრო და ის ეფექტური ინსტრუმენტია მშვიდობის იდეების და ცოდნის გასავრცელებლად.
მნიშვნელოვანია, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ შექმნას კონფლიქტებთან და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებული კრიტიკული ცოდნა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით ისაუბროს ძალადობაზე, უთანასწორობაზე, კონფლიქტების სტრუქტურულ მიზეზებსა და მშვიდობის მიღწევის გზებზე და ინტერესებზე. ცხადია, რომ ანალოგიური პროცესი უნდა წარიმართოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონშიც. მხოლოდ ცოდნაზე დამყარებული ხედვებით და მშვიდობის ინტერესების უკეთესი წარმოჩინებით არის შესაძლებელი, მშვიდობის მშენებლებმა (peacebuilders) მოიშორონ გულუბრყვილოს იარლიყი, რომელიც მას შეუქმნა მხოლოდ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტატუსზე ფოკუსირებულმა პოლიტიკამ ხელისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მხრიდან.
რომ შევაჯამოთ, მშვიდობა არ არის ომის არ არსებობა; ის გრძელვადიანი, მტკივნეული და დემოკრატიული პროცესი, რომელიც თანასწორობის, სამართლიანობის, სოციალური სამართლიანობის მიღწევის მცდელობებს მოიცავს და დემოკრატიული ინსტიტუტების და საზოგადოების მშენებლობას ისახავს მიზნად. ბოლო პერიოდში, მშვიდობის პოლიტიზირებამ და მისმა ინსტრუმენტალიზებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რამდენად აცდენილია პოლიტიკური პროცესები საზოგადოებრივ საჭიროებებსა და ინტერესებს. ასევე, ვხედავთ, რომ მშვიდობა, როგორც იდეა და ღირებულება ჩაკარგულია პოლიტიკურ კინკლაობასა და მტრობაში. არადა, სწორედ არსებული გამოწვევებისა და მზარდი რისკების ფონზე, უნდა ვფიქრობდეთ და ვთანხმდებოდეთ მშვიდობის შინაარსზე და მშვიდობის დღის წესრიგზე, როგორც ქვეყნის გადარჩენის, განვითარებისა და პროგრესის წინაპირობაზე.