კავკასიის კონფლიქტების ტრანსფორმაცია: დასავლური სამყაროდან რუსულისკენ

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

„რუსეთის მზარდი როლი სამხრეთ კავკასიაში და დასავლეთის გავლენის დაქვეითება საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, როგორც რეგიონის ერთადერთი გაცხადებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის მქონე სახელმწიფოს. რუსეთის მიზანი საქართველოსთან მიმართებაში უახლოეს მომავალში იქნება არა მხოლოდ სუვერენული საგარეო პოლიტიკის შეფერხება, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეფერხება“.

Publika


ფართოდ გავრცელებული მანტრის საწინააღმდეგოდ, რომ პოსტსაბჭოთა კონფლიქტების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, ყარაბაღის მეორე ომმა, უმრავლესობისთვის მოულოდნელად, რადიკალურად შეცვალა ომამდე არსებული სტატუს-კვო.

გაყინული კონფლიქტის მოულოდნელი გალღობა რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ერთგვარი კულმინაცია და იმავდროულად ამ პროცესების შედეგი გახლდათ.

ამერიკის შეერთებული შტატების გადაღლილობის თუ მისი პოლიტიკის ჯერ ახლო აღმოსავლეთითა და შემდგომ აზია-წყნარი ოკეანეთით რეორიენტაციას, რუსეთის მზარდ რევიზიონიზმს და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ეროზიას, კავკასიაში კონფლიქტების „რეგიონალიზაცია“ და მისი მართვის დასავლური ინსტრუმენტების მკვეთრი შემცირება მოჰყვა.

ომის დასრულების შემდეგ ბუნდოვანი რჩება, რა ბედი ეწვევა კონფლიქტის მართვის მანამდე არსებულ დასავლურ ინსტრუმენტს  – ეუთოს მინსკის ჯგუფს, მაშინ, როდესაც 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების  ერთ-ერთი პუნქტით, რუსეთმა ყარაბაღში სამშვიდობო ძალების განთავსება და „მშვიდობისმყოფელის“ როლის მორგება მოახერხა.

ომის შედეგად, კიდევ ერთმა რეგიონულმა მოთამაშემ – თურქეთმა, რომლის სამხედრო და პოლიტიკურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად განაპირობა საბრძოლო კამპანიაში გამარჯვებულის ბედი, ასევე გაზარდა საკუთარი პრესტიჟი და გავლენა სამხრეთ კავკასიაში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთქმედება ყარაბაღის ომის დროს, კარგად ჯდება ბოლო წლებში ორ სახელმწიფოს შორის, სხვა თეატრებზე ჩამოყალიბებულ და გამოცდილ ფორმულაში, რომელიც თანამშრომლობა – კონკურენციის ნაზავია და მნიშვნელოვანწილად არა სტრატეგიულ, არამედ ორი ქვეყნის ლიდერების პრაგმატულ გათვლებს ეფუძნება.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთქმედების ამ ფორმულის წარმატებით მუშაობა, როგორც წესი, დასავლური ინტერესების შესუსტების (იმპლიციტურად თუ ექსპლიციტურად) ხარჯზე ხდება და სავარაუდოა, რომ იგივე ეფექტი ექნება კავკასიაშიც.

რუსეთის როლისა და გავლენის ზრდა სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით საგანგაშოა საქართველოს უსაფრთხოებისთვის, როგორც რეგიონის ერთადერთი გაცხადებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის მქონე სახელმწიფოსთვის.

ამ ფონზე, როგორც გია ნოდია მართებულად შენიშნავს, უცნაურია, რომ ყარაბაღის მეორე ომზე დაწერილი სტატიების უმრავლესობა გვერდს უვლიან საქართველოს კონფლიქტების საკითხს და არ ახსენებენ, რა შესაძლო გავლენას მოახდენს ყარაბაღის მეორე ომი კონფლიქტებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში.

ჩემი აზრით, ამ „უცნაურობის“ სათავე 2008 წლის აგვისტოს ომში და მის შედეგებშია საძიებელი. სწორედ აგვისტოს ომით დაიწყო კავკასიის კონფლიქტებში გეოპოლიტიკური პროცესების ადგილობრივი კონფლიქტების დინამიკაზე შეუქცევადი დომინირება, რომელმაც დასრულებული სახე ყარაბაღის მეორე ომის დროს მიიღო.

კავკასიის კონფლიქტები: გეოპოლიტიკური და ლოკალური განზომილება

ყარაბაღის ხანგრძლივი კონფლიქტის დინამიკაზე დაკვირვება და ანალიზი, კიდევ ერთხელ ააშკარავებს კავკასიაში კონფლიქტების დასავლური კონცეფციებით გადაწყვეტის წარუმატებლობებსა და გეოპოლიტიკურ პროცესებს შორის (კერძოდ, რუსეთის ინტერესს, კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე გავლენის ბერკეტად გამოეყენებინა), არსებულ კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებას.

აკადემიური დისკუსია და პოლიტიკური კამათი იმის თაობაზე – ამ ორ ფენომენს შორის რომელი იყო პირველადი და რომელი რომელს განაპირობებდა, ალბათ არასდროს დასრულდება საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს შორის და საბოლოო ჯამში ღირებულებით არჩევანამდე დადის.

ერთნი, (პირობითად) საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის სკოლის წარმომადგენლები, კავკასიის კონფლიქტების მიზეზებსაც და მათ შესაძლო მოგვარებასაც მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და დასავლეთ-რუსეთის მეტოქეობის პრიზმაში ხედავენ.

ხოლო მეორენი, (პირობითად) ლიბერალური სკოლის წარმომადგენლები, კონფლიქტების გააზრებისას, რეგიონის ქვეყნებში პოლიტიკური სისტემების უმწიფრობას, ლიბერალური დემოკრატიის სისუსტესა და ნაციონალიზმის საკითხებს უსვამენ ხაზს.

ყარაბაღის მეორე ომის გამოცდილებამ, გააძლიერა პირველი ჯგუფის წარმომადგენელთა არგუმენტები, რომლებიც (ზოგიერთ შემთხვევაში) რუსეთის როლის აბსოლუტიზაციით კონფლიქტებში საკუთარი სახელმწიფოს როლისა და შეცდომების რაციონალიზაციას ახდენდნენ და შეასუსტა იმ ადამიანების არგუმენტები, რომლებსაც კავკასიაში კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირება რუსეთის მიუხედავად და მის გარეშე შესაძლებლად მიაჩნდათ.

დღეისათვის, კავკასიის თანამედროვე კონფლიქტების არსებობის თითქმის ოცდაათი წლის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ ორივე ჯგუფი ვითარებას ზედმეტად ამარტივებდა და მნიშვნელოვანია მოვლენების დინამიკაში გააზრება-კონტექსტუალიზაცია.

აშკარაა რომ  რეგიონის კონფლიქტებში რუსეთის საწყისი ეტაპიდანვე ჩართულობის მიუხედავად, მისი ნეგატიური გავლენის ბერკეტები და შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განსხვავდება 1990-იან წლების დასაწყისში და 2000-იანი წლების მეორე დეკადაში.

შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების წარუმატებლობას ყოველთვის და მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები განაპირობებდა, ვითარებას სრულად ვერ ასახავს.

ხშირად, თავად კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მოქმედების არა კონსენსუსებზე დაფუძნებული ლოგიკა უშლიდა ხელს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ყველასთვის მისაღებ ფორმულებზე შეთანხმებას.

შედეგად, რუსეთის ინტერესები და რეგიონის ელიტების სტრატეგიული ახლომხედველობა ერთმანეთზე „ურთიერთგამაძლიერებელ“ ეფექტს ახდენდნენ, რომლითაც ძირითადად რუსეთი სარგებლობდა.

იმავდროულად, რუსეთის მზარდი რევიზიონიზმის, დასავლეთში შიდა პრობლემების ზრდისა და შესაბამისად კავკასიაში მისი გავლენების შესუსტების ფონზე, რეგიონის კონფლიქტების მოუგვარებლობის ახსნა, მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის პოლიტიკური ფაქტორებით, 90-იანი წლების ლიბერალური ენთუზიაზმის პარადიგმაში „ჩარჩენის“ შედეგია, რომელიც პრინციპულად ვერ ხედავდა რევანშიზმისა და ძალის შეუზღუდავი გამოყენების ალბათობას გლობალურ მსოფლიო წესრიგში

კონფლიქტების მართვის დასავლური ინსტრუმენტების ჩანაცვლება რეგიონში

ყარაბაღის მეორე ომის შესახებ დაწერილ სტატიაში, ლორენს ბროერსი აღნიშნავს, რომ  კონფლიქტი ყარაბაღში სხვა კავკასიური კონფლიქტებისგან, მათ შორის იმითაც განსხვავდებოდა, რომ ერთადერთი იყო, რომელიც „უნიპოლარულ მეხსიერებას“ ინახავდა და მისი პოლიტიკური დარეგულირების საერთაშორისო მექანიზმები ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებულ ლიბერალურ იდეალებს ეფუძნებოდა.

კერძოდ, საუბარია ეუთოს მინსკის ჯგუფზე, რომელიც კონფლიქტის დარეგულირების პროცესში 1992 წლის მარტიდან მონაწილეობდა. 1997 წლიდან ჯგუფს მუდმივი სამეული – ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი თანათავმჯდომარეობდა, ხოლო წევრები – ბელორუსი, გერმანია, თურქეთი, იტალია, ფინეთი და შვედეთი იყვნენ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად.

კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოსტ ცივი ომის დროინდელი იდეალებით ნასაზრდოები ეუთოს მინსკის ჯგუფის ლოგიკა ეფუძნებოდა დაშვებას, რომ პასუხისმგებელი აქტორები, (სეცესიის გარეშე) ხალხთა თვითგამორკვევისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპის დაცვით, კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ფორმულას იპოვიდნენ.

ეუთოს მინსკი ჯგუფის ნაყოფიერი მუშაობის წლები, სწორედ 1990-იან წლების უნიპოლარული მომენტისთვის დამახასიათებელ ენთუზიაზმს ემთხვევა, როდესაც ჯგუფმა მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების რამდენიმე – „პაკეტური“, „ეტაპობრივი“ და „საერთო სახელმწიფოს“ ფორმულა შესთავაზა.

თუმცა, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა ნაციონალისტური სენტიმენტები და „ყველაფერი ან არაფერი“ მოქმედების ფილოსოფია ვერ და არ მოერგო კონფლიქტების მართვის ეუთოსეულ იდეალებს.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის წარუმატებელი მცდელობა საკუთარი მოსახლეობა „ეტაპობრივი“ ფორმულისა და კონფლიქტის მოგვარების კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტის მნიშვნელობაში დაერწმუნებინა, რომელიც მას თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა.

ეუთოს მიერ კონფლიქტის გადაწყვეტის უკანასკნელი მცდელობა 2007 წელს მხარეებისთვის წარდგენილი, ე.წ. „მადრიდის პრინციპების“ დოკუმენტი გახდა, რომელიც 2009 წელს დაზუსტდა.

თუმცა, ამ დროისთვის უკვე სახეზე იყო ზემოთ აღწერილი გეოპოლიტიკური ტენდენციები, იქნება ეს დასავლეთის „გადაღლა“, რუსეთის გავლენების ზრდა სამხრეთ კავკასიაში, თუ კონფლიქტის მხარე სახელმწიფოებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დინამიკა, რომლებიც საგრძნობლად ამცირებდა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივებს.

2009 – 2020 წლებში ყარაბაღში არსებული მყიფე მშვიდობის მართვაში სასწორის პინა დასავლური მექანიზმებიდან სამხედრო შემაკავებლისკენ გადაიხარა, სადაც რუსეთი, როგორც კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარის ერთ-ერთი მთავარი შეიარაღებით მომმარაგებელი, წამყვან  როლს თამაშობდა.

კონფლიქტების მენეჯმენტის დასავლური ინსტრუმენტების „ჩანაცვლება“ და 1990-იანებში ჩამოყალიბებული სტატუს-კვოს ძალისმიერი გზით შეცვლა, საქართველოს კონფლიქტებში კიდევ უფრო ადრე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მოხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით ყარაბაღისგან, სადაც კონფლიქტის მხარეებს ორი სუვერენული, (შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირებული) სახელმწიფო წარმოადგენდა, საქართველოს კონფლიქტების შემთხვევაში, დასავლური მედიაციის ინსტრუმენტები, იმთავითვე სუსტი იყო.

ბალკანეთის სხვადასხვა ომში ჩართულობის საბაბითა და რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ, მართალია თავი შეიკავა  სრულმასშტაბიანი სამშვიდობო (შეიარაღებული) ძალების საქართველოში განთავსებისგან, მაგრამ უკვე 1993 წელს გაერომ სადამკვირვებლო მისია (UNOMIG) გახსნა, რომლის მანდატი ერთი წლის შემდეგ გაფართოვდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სამშვიდობო ძალების (რეალურად რუსული) საქმიანობის მონიტორინგიც მოიცვა.

რაც შეეხება კონფლიქტს სამხრეთ ოსეთში, იქ „დასავლეთის ყოფნა“ ეუთოს მისიით იყო უზრუნველყოფილი 1992 წლიდან. მისიის მანდატი სცდებოდა კლასიკური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგის ფუნქციას და უფრო მხარეთა შერიგების, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივობას გულისხმობდა.

როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებაზე, ყარაბაღის მსგავსად საერთაშორისო მედიაციით (ან მხარდაჭერით) კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების ყველაზე დინამიკური პერიოდი 1994-2006 წლებზე მოდის. ამ პერიოდში, სხვადასხვა ეტაპზე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის არაერთი ფორმულა განიხილებოდა და რამდენჯერმე მხარეები ახლოს იყვნენ მათ ხელმოწერასთანაც.

საქართველოში დასავლეთის მედიაციით მიმდინარე სამშვიდობო პროცესების წარმატება-წარუმატებლობაზე არაერთი ლოკალური გარემოება ახდენდა გავლენას, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმა მას ეგზოგენურმა შოკმა, ვლადიმერ პუტინის რევიზიონიზმმა მიაყენა, რომელმაც 2007 წლის ცნობილ „მიუნხენის სიტყვაში“, დასავლეთს ოფიციალურად განუცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა შედეგების გარეშე არ ჩაივლიდა.

სამწუხაროდ, იმ დროისთვის არსებული სამშვიდობო ფორმატები და დასავლური ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 აგვისტოს ომის თავიდან ასარიდებლად, რომლის შედეგებმა მანამდე არსებული ყველა მექანიზმის რადიკალური რევიზია გამოიწვია.

სამშვიდობო პროცესებში არასაკმარისი თუ არახელსაყრელი პროგრესის გამო 1993-2008 წლებში, საქართველოს პრაქტიკულად ყველა ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება, ხშირად აკრიტიკებდნენ კონფლიქტების მართვის აგვისტოს ომამდელ მექანიზმებს და მათი ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობას, ე.წ. ინტერნაციონალიზაციაში ხედავდნენ.

თუმცა, აგვისტოს ომის შედეგად, ნანატრი „ინტერნაციონალიზაციის“ ნაცვლად, „ინტერ-Russia-ონალიზაცია“ მივიღეთ. ამ ფონზე აშკარაა, რომ გაეროს და ეუთოს მისიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტების დარეგულირების დასავლური იდეალების გავრცელებაში.

თუმცა, ამ ყველაფრის გააზრება, ახლა, რეტროსპექტულად ბევრად იოლია, ვიდრე იმ დროს როცა, აგვისტოს ომის სახით კავკასიაში „უნიპოლარული მომენტის“ დასასრულის დასაწყისი დგებოდა, რომელმაც დასრულებული სახე ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მიიღო.

ყარაბაღის მეორე ომის შედეგების გავლენა საქართველოს კონფლიქტებზე და არა მხოლოდ

კონფლიქტების დარეგულირების,  მართვისა და ტრანსფორმაციის საკითხებზე ყარაბაღის მეორე ომს საქართველოზე, პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია. რადგან ამ მიმართულებით თბილისს მანევრის შესაძლებლობა ისედაც მკვეთრად ჰქონდა შემცირებული აგვისტოს ომის შემდეგ.

თუმცა, ის გეოპოლიტიკური ტენდენციები, რომლებიც ყარაბაღის მეორე ომის დროს მკაფიოდ გამოიკვეთა, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებენ იმ დაშვებას, რომელსაც პერსპექტივაში საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების  სტრატეგია ეფუძნება.

დაშვების არსი მდგომარეობს შემდეგში – დემოკრატიული საქართველო ხდება ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და იძენს მიზიდულობის ისეთ ხარისხს, რომელიც შესაძლებელს ხდის აფხაზებთან და ოსებთან ერთიანი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ფორმულაზე შეთანხმებას.

ასეთი ჰიპოთეზური მომავლის დადგომამდე, კი გრძელდება იმ „ჩართულობისა და არაღიარების პოლიტიკის“ პრინციპებზე დაფუძნებული ღონისძიებების განხორციელება, რომელსაც აგვისტოს ომის შემდგომი სტრატუს-კვო, კონკრეტულ შემთხვევაში მოგვცემს.

რუსული რევიზიონიზმის ზრდის კვალდაკვალ, დასავლური გავლენების შემცირება რეგიონში და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში დემოკრატიზაციის ნეგატიური დინამიკა, ზემოთ აღწერილ ჰიპოთეზურ მომავალს, კიდევ უფრო ქიმერულს ხდის.

მართალია, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები ყარაბაღის მეორე ომამდე გაჩერდნენ ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის არსებულ „რუხ ზონაში“, მაგრამ ამ ომმა თავისი შედეგებით, წერტილი დაუსვა ტრანზიციის ტელეოლოგიურ პარადიგმას, რომლის მიხედვითაც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები გარემოებათა გარკვეული ლოგიკით ავტორიტარიზმიდან-ლიბერალურ დემოკრატიაში გადაინაცვლებდნენ.

ტერიტორიული კონფლიქტები, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ სამივე კავკასიური რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკურ ვექტორსა და პოლიტიკური სისტემის შინაარსზე.

ყარაბაღის მეორე ომმა ამ თვალსაზრისით ახალი ტენდენცია გამოკვეთა, სადაც ავტორიტარიზმი მყარად დაუკავშირდა ომში გამარჯვებასა და ტრიუმფს, ხოლო დემოკრატიზაციის ნებისმიერი მცდელობაც კი – ტერიტორიულ დანაკარგებს.

მანამდე, საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე ითვლებოდა, რომ დემოკრატიზაცია საგარეო-პოლიტიკურ არჩევანთან და შესაბამისად ნატო/ევროკავშირში ინტეგრაციასთან ერთად, ქმნიდა რუსეთის მხრიდან რადიკალური სამხედრო ნაბიჯების გადადგმის რისკს.

სომხეთის მაგალითმა აჩვენა, რომ რუსეთისთვის „წითელი ხაზია“ ნებისმიერი ალტერნატიული, დემოკრატიული, განვითარების მოდელი, მათ შორის მის სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაშიც, სადაც „ხავერდოვანი რევოლუციის“ მიზანი არა საგარეო პოლიტიკის ცვლილება, არამედ კორუფციასთან ბრძოლა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა იყო.

საქართველოსთვის, რომლის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არსებითად დემოკრატიულ განვითარებასა და შესაბამის დასავლურ მხარდაჭერაზე დგას, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მომხდარი ეს ნიუანსური ცვლილება, განსაკუთრებით სახიფათოა.

რუსეთის სამიზნე, ხილვად მომავალში საქართველოს წინააღმდეგ, არა მხოლოდ ქვეყნის სუვერენული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში ხელის შეშლა (მათ შორის კინეტიკური საშუალებებით), არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სხვადასხვა გზებით შეფერხება იქნება (ძირითადად არა კინეტიკური გზებით).

დემოკრატიის, სახალხო ლეგიტიმაციის, რევოლუციური ცვლილებების მიმართ მოსკოვის პანიკური შიში, ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახება აფხაზეთის დე-ფაქტო პოლიტიკურ ცხოვრებაზეც, სადაც რამდენჯერმე ჰქონდათ ხელისუფლების სახალხო მობილიზაციისგზით შეცვლის გამოცდილება.

სავარაუდოა, რომ ამ მიმართულებით რუსეთის ხელისუფლება უფრო ხისტი გახდება და აფხაზებს საკუთარი „სახელმწიფოებრიობის“, ისედაც შეზღუდული სივრცე, კიდევ უფრო შეეზღუდებათ. იმავდროულად, სომხეთის გამოცდილება, სხვა თვალსაზრისითაც უნდა იყოს საყურადღებო აფხაზური პოლიტიკური ელიტისთვის.

პირველი – მოიგებს ის, ვინც შესაბამის დროს დათმობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას გამარჯვებულის პოზიციიდან გააკეთებს; მეორე – გამარჯვება საერთაშორისოდ აღიარებული წესების საწინააღმდეგოდ ძვირი ჯდება და მყიფეა. გადახდილი ფასი კი ხელიდან გაშვებული დასავლური შესაძლებლობებია; მესამე – ყველაფრის ფასად საკუთარი უსაფრთხოების მხოლოდ რუსეთზე ჩამოკიდება, კონკრეტულ ვითარებაში, შეიძლება გაშვებულ შესაძლებლობებთან ერთად, უსაფრთხოების დაკარგვასაც ნიშნავდეს.

სამწუხაროდ, აღწერილი ვითარების წინასწარ განჭვრეტა და მოუგვარებელი კონფლიქტების ტვირთისგან გათავისუფლება, ქართულმა და აფხაზურმა საზოგადოებებმა, ამისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ გარემოში ვერ მოახერხეს. დღეისათვის რუსეთის სრული დომინაციის პირობებში, როდესაც რეგიონში კონფლიქტების მართვის დასავლური იდეები და შესაბამისი ინსტრუმენტები რუსულმა მშვიდობამ ჩაანაცვლა, ამის გაკეთება ბევრად უფრო რთული იქნება.

ამ ფონზე, შესაბამისი მომენტის დადგომამდე, თბილისის მთავარი მთავარი სტრატეგიული მიზანი, დემოკრატიის შენარჩუნება და ამით აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვისაც მათი იდენტობის დაცვისა და პოლიტიკური უფლებების გარანტიით, დასავლური პოლიტიკური პერსპექტივის გადარჩენაა.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.