დებატები აფხაზეთის ისტორიაზე ქართულ საზოგადოებაში
დებატები აფხაზეთის ისტორიაზე ქართულ საზოგადოებაში – ისტორიკოს ბექა კობახიძის ფეისბუქის პოსტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქართული ისტორიოგრაფიის ზოგიერთი ძირითადი ნარატივი.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, შეიძლება დაავიწყდეს კიდეც, რომ ქვეყანა ოცდაათ წელზე მეტია ტერიტორიული კონფლიქტებით იტანჯება. ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება რამდენიმე ფუნდამენტურ ასპექტზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ და თავს იკავებს დისკუსიისგან, რომელიც სცდება უკვე ჩამოყალიბებულ, გარკვეულწილად კომფორტულ პარადიგმას.
მედიას, განსაკუთრებით კი ყველაზე პოპულარულ ტელეარხებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც რაღაც აღსანიშნავი ხდება, როდესაც კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენების წლისთავია და როდესაც გარკვეულ პოლიტიკოსებს, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, კონფლიქტების ინსტრუმენტალიზაცია კვლავ დასჭირდებათ ხოლმე. კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს და ზოგადად ამ რეგიონებს მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია და ონლაინ-მედია საშუალება ფარავს, სოციალური ქსელებისა და მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი კი, ძირითადად, ქართულ პარტიებს შორის დაპირისპირებების განხილვით არის დაკავებული.
ამ თვალსაზრისით, ახალი თაობის ისტორიკოსის ბექა კობახიძის ფეისბუქ-პოსტი იმის შესახებ, თუ „როგორ გაუცხოვდა აფხაზეთი, როგორ ჩამოყალიბდა აფხაზი ერი და როგორ მივედით სეპარატიზმამდე“ წინმსწრები კონტექსტის გარეშე გამოქვეყნდა. პატარა ბლოგი, რომელსაც იმთავითვე არ ჰქონია პრეტენზია აკადემიურ ნაშრომზე ან სამეცნიერო სტატიაზე, იმდენად დიდი განხილვის საგანი აღმოჩნდა, რომ ამას თავად ავტორიც ვერ წარმოიდგენდა.
კობახიძის მიერ წამოჭრილ თემისთვის გვერდი, ფაქტობრივად, არავის აუვლია – რიგითი მოქალაქეებიდან გამოჩენილ აკადემიკოსებამდე, დისკუსიაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა.
ისტორიკოსმა თავისი ტექსტი მე-10 საუკუნიდან დაიწყო, რომელზეც დაწერა, რომ „გაერთიანებული საქართველო არ ყოფილა თანამედროვე ტიპის ერი-სახელმწიფო”, ხოლო ქვეყნის იდეოლოგიური საფუძვლები მოგვიანებით ქართველმა მემატიანეებმა ჩაყარეს.
შემდეგ ისტორიკოსმა ხაზი გაუსვა ქართულ და აფხაზურ ისტორიოგრაფიულ აღქმებს შორის შეუთავსებლობის ერთ-ერთ პირველ ასპექტს და აღნიშნა, რომ ლეონ II აფხაზი ერისთვის საკრალურ აფხაზ ფიგურებს შორისაა ნესტორ ლაკობასთან და ვლადისლავ არძინბასთან ერთად, ხოლო ქართველები მას ქართველ მმართველად მიიჩნევენ.
თავად კობახიძე აცხადებს, რომ თანამედროვე გაგებით, ლეონ II არც ქართველი იქნებოდა და არც აფხაზი და ის „თითქმის დარწმუნებულია“, რომ ლეონი ბერძნულენოვანი იყო. შემდეგ აფხაზეთი გაერთიანდა დანარჩენ საქართველოსთან „და ქართული კულტურულ-პოლიტიკური დომინაცია, მეათე საუკუნის ბოლოდან, ეჭვს არ იწვევს.”
ისტორიკოსი ინაცვლებს მე-15 საუკუნეში, როდესაც ერთიანი საქართველო დაიშალა და აფხაზეთი „მოწყდა“ ქართულ რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრებს, მოექცა რა ოსმალეთის გავლენის ქვეშ. კობახიძე ამტკიცებს, რომ გვიანი შუა საუკუნეების აფხაზეთმა დატოვა ქართული კულტურული და პოლიტიკური სივრცე.
კობახიძე აგრძელებს, რომ კოლონიალისტური რუსეთის იმპერია მუსლიმ აფხაზებსა და ჩერქეზებს საფრთხედ მიიჩნევდა, რაც ამ ერების მასობრივი დეპორტირებით დასრულდა. „ეს იყო გენოციდი, რომელზეც საკმაოდ ყრუდ საუბრობენ დღევანდელ აფხაზეთში”, – ასკვნის ისტორიკოსი.
აკადემიკოსი ბატონობის გაუქმებით აგრძელებს და აცხადებს, რომ საქართველოში აშენდა რკინიგზა და დაიწყო ურბანიზაცია, მაგრამ აფხაზეთში რკინიგზა რუსეთიდან, კერძოდ კი ნოვოროსიისკიდან მოვიდა. კობახიძე თვლის, რომ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო აფხაზეთის რუსულ და არა ქართულ სივრცეში ინტეგრაციას.
საბჭოთა ეპოქაზე საუბრისას, ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ აფხაზი ბოლშევიკების ლიდერი ნესტორ ლაკობა აფხაზების კოლექტიურ მეხსიერებაში „პატრიოტი, აფხაზი ნაციონალისტი და გმირია“, მაგრამ სინამდვილეში ის „წითელი ფეოდალი იყო“ და ნაციონალური ინტერესები არ ანაღვლებდა.
ბერია-სტალინის პერიოდთან დაკავშირებით კობახიძე ხაზს უსვამს რეპრესიებს აფხაზი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე ამტკიცებს, რომ ქართველებს ამაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, რადგან ეს ორი ადამიანი მხოლოდ ეთნიკურად იყვნენ ქართველები, მაგრამ სინამდვილეში საოკუპაციო სახელმწიფოს წარმოადგენდნენ და ყველაზე დიდი ზიანი სწორედ საქართველოს მიაყენეს.
შემდეგ ისტორიკოსი საუბრობს პავლე ინგოროყვას თეორიაზე, რომლის მიხედვით, აფხაზები ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში გვიან შუა საუკუნეებში გადმოსახლდნენ. მისი თქმით, ეს თეორია დღემდე აყალიბებს ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებას რეგიონის შესახებ. ეს ნაშრომი ვერ უძლებს ვერანაირ მეცნიერულ კრიტიკას, ფიქრობს კობახიძე.
კობახიძე აგრძელებს, რომ ინგოროყვას თეორიის მომხრეები კვლავ დომინირებენ თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში, ხოლო ქართველების შეცდომები კარგად გამოიყენეს აფხაზმა ნაციონალისტებმა, რომელთაც რუსეთი აქტიურად უჭერდა მხარს 1991 წლიდან.
კობახიძემ ბლოგი დაასრულა აფხაზეთიდან ქართველების სრულ ეთნიკურ წმენდაზე საუბრით, აღნიშნა რა რომ დღეს აფხაზეთი ჩამოყალიბდა ფაშისტურ ერთეულად, რომელიც ამაყობს ეთნიკური წმენდით და არ აქვს არანაირი სიმპათია გალის მცხოვრებთა მიმართ.
კობახიძემ რამდენიმე შესაძლო ნაბიჯი წარმოადგინა აფხაზეთის რეინტეგრაციისთვის, თუმცა დასძინა, რომ რუსეთის მარცხის გარეშე ეს შეუძლებელია.
კობახიძის პოსტმა ქართულ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება გამოქვეყნისთანავე ჰპოვა. საზოგადოება სულ მცირე სამ ნაწილად დაიყო: ისინი, ვინც ძირითადად მხარს უჭერდა ისტორიკოსის მიერ შემუშავებულ იდეებს; ვინც ნაწილობრივ დათანხმდა, მაგრამ მხარი დაუჭირა პოსტის ზოგად იდეას ისტორიული ნარატივების გადახედვაზე; და ისინი, ვინც კატეგორიულად არ დაეთანხმა კობახიძეს და “საქართველოს მტრების ინტერესების” დაცვაშიც კი დაადანაშაულა.
ამ სამი სეგმენტიდან თითოეული სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს მოიცავდა და იდეოლოგიურ ჯგუფების შიგნითაც კი, რომლებიც, როგორც წესი ყველა ფუნდამენტურ საკითხზე თანხმდებიან, ადამიანებმა განსხვავებულ პოზიციები დაიჭირეს. პოსტმა მოახერხა არა მხოლოდ მეგობრებისგან მტრების შექმნა, არამედ კობახიძის წინააღმდეგ იმ ადამიანების გაერთიანებაც, რომლებიც, როგორც ქართული გამოთქმა ამბობს, „ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან“.
მაგალითად, ქართველმა ჰუმანიტარმა მეცნიერმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა გიგი თევზაძემ, რომელიც მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკოსად შეიძლება ჩაითვალოს, კობახიძის პოსტთან (ბექა კობახიძემ ფეისბუქ-ანგარიში გააუქმა, რის გამოც მისი პოსტი, პოსტის გაზიარებები და მას თანდართული კომენტარები ქსელში აღარ მოიპოვება. თუმცა, თავად სტატია დაწერილია მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო. – ავტ.) დაკავშირებით დაწერა, რომ „რუსი აგენტები ან სასარგებლო იდიოტები მუშაობენ“.
მის მოსაზრებას მხარი აუბა მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ექსპერტმა გურამ ნიკოლაშვილმა, რომელმაც დაამატა, რომ „ამბიციური“ ისტორიკოსი ფუჭად კარგავს თავის ნიჭს „ლაიქებისთვის და სკრინშოტებისთვის“. ეს შეიძლება ერთადერთი შემთხვევა იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როდესაც ეს ორი ადამიანი, რომლებიც „ორი განსხვავებული სამყაროს” სიმბოლოა, მოკლე დროით ჰარმონიაში თანაარსებობდნენ.
ქართული საზოგადოების პროდასავლურმა, ლიბერალურმა სეგმენტმა კობახიძის პოსტზე ორი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია გამოავლინა – ლიბერალებისა და ე.წ. ლიბერალური მედიის ნაწილმა მხარი დაუჭირა მის პოსტს, ხოლო მეორე ნაწილმა ისტორიკოსი „რუსულ-აფხაზური ნარატივის“ პროპაგანდირების გამო გააკრიტიკა.
პირველ ნაწილმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტებისადმი არსებული მიდგომები მოძველებულია, კობახიძის მცდელობა ახალი აკადემიური და საჯარო დისკუსიის პროვოცირების კი აუცილებელი. რაც შეეხება კრიტიკოსებს, ზოგიერთი მათგანი იქამდეც მივიდა, რომ ისტორიკოსი „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენებაში“ დაადანაშაულა.
კობახიძეს ძირითადად მხარი დაუჭირეს ახალგაზრდა თაობის ისტორიკოსებმა, ექსპერტებმა, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტების მოგვარების სფეროში, მკვლევარებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ რეფორმებს ქართულ აკადემიაში, ქართულმა მედია საშუალებებმა, რომლებიც აქტიურად აშუქებენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც თვლიან, რომ ისტორიოგრაფიულ მიდგომაში ცვლილებებია საჭირო.
ისტორიკოსის მიერ წამოჭრილ დისკუსიას გამოეხმაურა უმსხვილესი ოპოზიციური ტელეარხი „მთავარი არხი“. წამყვანმა ეკა კვესიტაძემ საჯაროდ მადლობა გადაუხადა კობახიძეს „ისტორიის გავრცელების ფუნქციის“ შეთვისებისთვის. კვესიტაძემ კობახიძე თავის გადაცემაში მიიწვია და სოლიდური სატელივიზიო დრო დაუთმო თავის მოსაზრებებზე სასაუბროდ.
თუმცა, იმ წრეებშიც კი, სადაც კობახიძეს ყველაზე მეტად დაუჭირეს მხარი, გარკვეული სეგმენტი მისი თეზისების გაზიარებას სიფრთხილით მოეკიდა. ზოგადად, ე.წ. ლიბერალური საზოგადოების ეს კონკრეტული სეგმენტი ყოველთვის სკეპტიკურად ეკიდება საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტების იმაზე უფრო ღრმა ანალიზს, ვიდრე უბრალოდ განცხადება, რომ „ყველაფერი რუსეთის ბრალია”.
საქართველოში (და მის ფარგლებს გარეთაც) თითქმის ყველა თანხმდება, რომ რუსეთის უკიდურესად უარყოფითი როლის გარეშე კონფლიქტების მოგვარება გაცილებით მარტივი იქნებოდა, მაგრამ ბევრი არ იზიარებს უშუალოდ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ისტორიული თუ თანამედროვე პრობლემატიკის კვლევის საჭიროებასაც.
გასაგებია, რომ კობახიძე ე.წ. ძველი თაობის ისტორიკოსებისა და ქართული საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის, მათ შორის პრო-სახელისუფლებო აქტივისტების, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. თუმცა, პრო-სახელისუფლებო ექსპერტები და აქტივისტების კრიტიკის სამიზნე კობახიძეს, დიდი ხანია, უფრო მისი მმართველი პარტიისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისთვის ხდება და არა წმინდა აკადემიური მოსაზრებების გამო.
ისტორიკოსი მრავალი მიმართულებით გააკრიტიკეს, მაგალითად – „ისტორიული უზუსტობებისთვის“, „ქართული ისტორიის ფაბრიკაციისთვის“, „აფხაზური ნარატივის გამეორებისთვის“, „აკადემიური დისკუსიის არააკადემიურ სივრცეში გადატანისთვის“, „სეპარატიზმის წახალისებისთვის“, „უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ ყოფნისთვის,“ „ისტორიული უმეცრობისთვის“, „ისტორიული წყაროების ზედმიწევნით არ ცოდნისთვის“ და ა.შ.
ძველი თაობის ისტორიკოსებმა, როგორებიც არიან, მაგალითად, თეიმურაზ გვანცელაძე და ზურაბ პაპასქირი, კობახიძის ტექსტში არსებულ „ფაქტობრივ შეცდომებს“ გაუსვეს ხაზი. ასევე მათი განცხადებით, ბერია-სტალინის ქმედებები აფხაზეთში ეთნიკური უმცირესობების მიმართ ზოგადი საბჭოთა პოლიტიკის ნაწილი იყო და გამონაკლისი არცერთი რესპუბლიკა არ გამხდარა. პაპასქირის აზრით, აფხაზეთი ყოველთვის იყო „ქართული ეთნოკულტურული, პოლიტიკური და სახელმწიფო ორგანიზმის“ ნაწილი და კობახიძეს ურჩია, მეტი წყარო წაიკითხოს.
ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე აკადემიურად შეეპასუხა კობახიძის მიერ წარმოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას, განსაკუთრებით აფხაზი ერის აქტიურ ისტორიულ ჩართულობას ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ჭიჭინაძის აზრით, აშკარაა, რომ აფხაზი ერი ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა. კომენტარებში ის მაინც გააკრიტიკეს პაპასქირმა და გვანცელაძემ პოსტის იმ ნაწილთა გამო, სადაც მან კობახაძეს მხარი დაუჭირა. ჭიჭინაძემ გვანცელაძეს უპასუხა, რომ ის მუდმივად „აფხაზეთის ისტორიის წაშლას“ ცდილობს.
როგორც მკვლევარმა დავით ბრაგვაძემ ირონიულად აღნიშნა, კობახიძის პოსტმა უფრო დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტმა. ეს დიდად გასაკვირი არ არის, რადგან ქართული საზოგადოება ნებისმიერ მოსაზრებას, რომელიც ღრმად ფესვგადგმულ შეხედულებებსა და ნარატივებს უპირისპირდება, მტკივნეულად იღებს.
ამ თვალსაზრისით, ქართული საზოგადოება დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი საზოგადოებისგან, რომელმაც თავისი სახელმწიფოებრიობა ეროვნული იდეის ირგვლივ ააშენა. თუმცა, საქართველოსთან მიმართებაში ერთი ძალიან სპეციფიკური მახასიათებელი იკვეთება. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქართველების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ყველაზე მგრძნობიარე თემაა, წითელი ხაზი თავისი ყველაზე ნათელი გამოვლინებით, მაგრამ არსებული კონფლიქტები ქვეყნის ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად აქტუალური საკითხია.
წმინდა ისტორიული თვალსაზრისით, კობახიძის ზოგიერთი ინტერპრეტაცია და ვარაუდი შეიძლება მართლაც საკამათო იყოს, მაგრამ ისტორიკოსის ბლოგის მნიშვნელობა სცილდება მისი ტექსტის ისტორიულ სიზუსტეს. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველი ხალხის კოლექტიური მეხსიერების ზოგიერთი მნიშვნელოვანი რწმენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, კობახიძემ ამ თემაზე დისკუსია ღრმა ძილის რეჟიმიდან გამოიყვანა.
პოსტის დასაწყისში ავტორმა აღნიშნა, რომ მას ორი მიზანი აქვს, ერთი საკუთარი აზრის გამოხატვა და მეორე – აფხაზეთის ისტორიის დისკურსისთვის ბიძგის მიცემა. ძნელია პროგნოზირება, მოჰყვება თუ არა კობახიძის პოსტს აკადემიური კვლევები, მაგრამ დისკუსიისთვის ახალი იმპულსის მიცემის ნაწილი ისტორიკოსმა ნამდვილად ზედმიწევნით შეასრულა.
იქნება ეს ეფექტი გრძელვადიანი თუ არა, ჩვენ ჯერ კიდევ გავიგებთ. თუნდაც ის ხანმოკლე აღმოჩნდეს, ბლოგმა უკვე მოახერხა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი მახასიათებლების გამოვლენა. მან ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არ არის სრულყოფილად მზად თავისი ისტორიის კრიტიკულად გადააზრებისთვის, მაგრამ ის მაინც ისწრაფვის ამ დისკუსიისკენ. ამ შემთხვევაში, უკვე აღარც არის საუბარი კობახიძის პოსტის სისწორესა თუ არაკორექტულობაზე, საუბარია იმაზე, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან ცდუნება, არასოდეს დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ, ის რისიც მტკიცედ გვწამს, როგორც ინდივიდებს, თუ საზოგადოებას.
ხშირად ამბობენ, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი უნივერსიტეტში დაიწყო, ორივე მხარის აკადემიკოსებს შორის. შესაძლოა, დადგა დრო, ისტორიკოსებმა თავად შეხსნან ის კვანძი, რომელიც ასე მტკიცედ შეკრეს ათწლეულების წინ.