დეკემბრის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ გალში, ენგურის ხიდთან სავაჭრო ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის ფუნქციონირებისთვის პრაქტიკულად მზად არის. აფხაზეთში სატრანზიტო ლოგისტიკური კომპანიის გენერალური დირექტორისა და აფხაზეთში მსოფლიო ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელის, ასტამურ ახსალბას ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ამ სტატიაში გთავაზობთ იმ გამოხმაურებებს, რაც თბილისში პოლიტიკოსების მიერ ამ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთდა.
ქართული ოცნების გამოხმაურება

ოფიციალური თბილისი ამ პროცესებში მონაწილეობას უარყოფს და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აფხაზეთზე სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენა სპეკულაციად შეაფასა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, გია ვოლსკიმ და ლადო ბოჟაძემ კი განაცხადეს, რომ გალში მიმდინარე მშენებლობა რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს და არც სანქციების გვერდის ავლას ცდილობს ქართული მხარე.
გია ვოლსკის თქმით, გალში მიმდინარე მშენებლობა ადგილობრივი მასშტაბის პროცესია და რაიმე სახის ერთობლივ პროცესზე საუბარი ზედმეტია, რადგან არ არსებობს დამოუკიდებელი მხარე აფხაზეთი. ეს რეგიონი ოკუპირებულია და თანამშრომლობის არანაირი ფორმატი არ არსებობს, განმარტა ვოლსკიმ. ჯერჯერობით ამ საკითხზე არც კრემლის და არც დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა.
ოპოზიციის შეფასება
საქართველოს ოპოზიციურ წრეებში ოკუპირებულ გალში სავაჭრო ტერმინალის მშენებლობა და ტრანზიტის შესაძლო აღდგენა განიხილება როგორც რუსეთის ანექსიური გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის. პოლიტიკოსთა შეფასებით, საბაჟო-სამონიტორინგო ინფრასტრუქტურის გადმოტანა ფსოუდან ენგურზე საოკუპაციო ხაზის სახელმწიფო საზღვრად ლეგიტიმაციასა და სეპარატისტული რეჟიმის ირიბ აღიარებას ნიშნავს.
ეს ლოგისტიკური ჯაჭვი, რომელიც ოჩამჩირის პორტსა და სოხუმის აეროპორტსაც აკავშირებს, არ ფლობს რეალურ ეკონომიკურ პოტენციალს საქართველოსთვის და მხოლოდ კრემლის პოლიტიკურ ინტერესებსა და „აღიარების სიმპტომების“ ხელოვნურ შექმნას ემსახურება.
პოლიტიკოსები მიუთითებენ, რომ პროცესი იმართება არაფორმალური, ჩრდილოვანი შეთანხმებებით ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესწრეებსა და რუსულ სპეცსამსახურებს შორის, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ იგნორირებასა და ელიტური კორუფციის წახალისებას ნიშნავს.
მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება ამ სახიფათო ნაბიჯებს „ნდობის აღდგენისა“ და „ეკონომიკური სარგებლის“ რიტორიკით შეფუთავს, თუმცა რეალურად ეს ქმედებები, „ბოდიშის პოლიტიკასთან“ ერთად, საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისგან მოწყვეტასა და რუსულ ორბიტაზე საბოლოო დაბრუნებას ისახავს მიზნად. დასავლური სტრატეგიული პროექტებიდან ქვეყნის გარიყვა და ენგურზე ტრანზიტის აღდგენა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოწყვლადობის ზრდას უზრუნველყოფს.
ანა წითლიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე, ოკუპირებულ გალში ტერმინალის მშენებლობასა და ენგურის ხიდზე გააქტიურებულ სატრანზიტო მიმოსვლას საქართველოს ხელისუფლებისა და რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლობის ნაწილად მიიჩნევს.
მისი განცხადებით, შეუძლებელია მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ოფიციალური თბილისის ჩართულობის ან მინიმუმ ცოდნის გარეშე მიმდინარეობდეს, რაც თავისთავად მრავალ კითხვას ბადებს ხელისუფლების რეალურ ზრახვებთან დაკავშირებით. წითლიძე ხაზს უსვამს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ენგურის ხიდზე ტრაილერების მოძრაობა საგრძნობლად გააქტიურდა;
მისი თქმით, ამ პროცესს სპეციალური ნებართვებითა და საშვებით უშუალოდ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებენ, ხოლო საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ძალოვანი სტრუქტურები, უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, რეალურად ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფენ. პოლიტიკოსის შეფასებით, 2012 წლიდან დღემდე საოკუპაციო ზოლზე 14 საგუშაგოს გაუქმებამ გზა გაუხსნა კონტრაბანდულ ნაკადებს, რაც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისა და ოკუპირებული აფხაზეთის „შავ ხვრელად“ გამოყენების საუკეთესო საშუალებაა.
ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ გალის ტერმინალი, სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაცია, ბიძინა ივანიშვილის რეზონანსული განცხადება ბოდიშის მოხდის შესახებ და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება ერთიანი პროცესის ნაწილია.
მისი მტკიცებით, ეს ქმედებები მიუთითებს რუსეთთან, სეპარატისტულ რეჟიმებთან და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიმდინარე ფარულ მოლაპარაკებებზე, რომელთა მიზანიც ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის გადახედვა და მათი დე-ფაქტო აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯებია.
პოლიტიკოსის თქმით, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში საზოგადოება სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია და მოკლებულია შესაძლებლობას, იცოდეს, რა დათმობებზე მიდის ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე.
გიორგი შაიშმელაშვილი, თავისუფლების მოედანი

პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შაიშმელაშვილი, მიიჩნევს, რომ აფხაზეთის გავლით ტრანზიტის შესაძლო აღდგენა ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროცესია, რომლის შესახებაც ხელისუფლება საზოგადოებასთან ღიად არ საუბრობს.
მისი შეფასებით, გადაწყვეტილებების მიღება არა სახელმწიფო ინსტიტუტების — საგარეო უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ უსაფრთხოების სამსახურის — არამედ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული არაფორმალური ბიზნესჯგუფების დონეზე ხდება.
შაიშმელაშვილი ვარაუდობს, რომ გალის ტერმინალში ჩადებული ინვესტიციები სწორედ ამ არაფორმალურ წრეებში მიღწეულ წინასწარ შეთანხმებებზე მიუთითებს, სადაც მთავარი მოტივაცია არა სახელმწიფოებრივი სარგებელი, არამედ კონკრეტული აქტორების ფინანსური ინტერესები და, შესაძლოა, კორუფციული გარიგებებიცაა.
პოლიტიკოსის აზრით, ტრანზიტის აღდგენა ცალსახად რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რადგან ეს მოსკოვს დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლისა და ახალი „შავი ხვრელის“ შექმნის საშუალებას მისცემს, რაზეც თბილისს თვალის დახუჭვა მოუწევს.
იმისთვის, რომ საზოგადოებამ ეს პროცესი მიიღოს, ხელისუფლება, შაიშმელაშვილის პროგნოზით, პროპაგანდისტულ მანევრს მიმართავს და პირად ფინანსურ სარგებელს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯის“ საბურველით შეფუთავს.
მოსალოდნელია აქცენტების გაკეთება ნდობის აღდგენაზე, სახალხო დიპლომატიასა და დევნილების დაბრუნებაზე, რაც სინამდვილეში მხოლოდ პროცესის გასამართლებლად გამოყენებული რიტორიკა იქნება, რადგან ამგვარი იდეოლოგიური მომზადების გარეშე სატრანზიტო მიმოსვლის გახსნა პოლიტიკურად რთული იქნება ამავდროულად, არსებობს საფრთხე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2011 წლის ჟენევის შეთანხმება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს და კრიტიკოსებს სააკაშვილის ხელისუფლების დროს დადებული ხელშეკრულების აღსრულებით უპასუხოს, რომლის მიხედვითაც ტვირთები გალსა და ფსოუზე უნდა შემოწმებულიყო.
თუმცა, რეალურად, ტვირთების ეფექტური მონიტორინგი ფსოუზე შეუძლებელი იქნება, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესული პროდუქცია რუსეთის შიდა რეგიონებში ან მესამე ქვეყნებში გაურკვეველი მარშრუტებით გადანაწილდება ზღვით, საჰაერო თუ სახმელეთო გზებით.
გიორგი შაიშმელაშვილი ხაზს უსვამს, რომ მრავალმხრივი სამოქალაქო პროტესტის ფონზე არსებობს სერიოზული რისკი, რომ აფხაზეთზე ტრანზიტის აღდგენის საკითხი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩეს ან საზოგადოებას სერიოზული პროტესტის გამოხატვის რესურსი არ ეყოს.
მისი დასკვნით, პარტია, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს და „ღალატის კომისიებს“ ქმნის, ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის რეალური აღდგენის გარანტი. პირიქით, ეროვნულ ინტერესებთან მსგავსი გაუმჭვირვალე თამაში გამოიწვევს იმას, რომ საქართველო საბოლოო მოწყდება ევროატლანტიკურ სივრცეს, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხერხდება.
გახარია საქართველოსთვის

პარტია “გახარია საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ გალის ტერმინალის ამუშავება ემუქრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აძლიერებს საოკუპაციო პროცესებს.
ამასთან, თუკი “ქართული ოცნება” დათანხმდება ამ ე.წ. ტერმინალში საქართველოს ტერიტორიის გავლით შევიდეს ტვირთები, ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის იურიდიულ საფუძვლებსაც საფრთხეს უქმნის და მსგავსი ნაბიჯი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი იქნება.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ გალის სავაჭრო ტერმინალს, ამ შემთხვევაში სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დატვირთვაც შესაძლოა გაუჩნდეს, რაც პერსპექტივაში ნიშნავს, რომ თანდათანობით, ტერმინი “საოკუპაციო ხაზი” “სახელმწიფო საზღვარით” ჩანაცვლდება და “ქართული ოცნების” საშუალებით გაფორმდება ამ ძირძველი ქართული ტერიტორიების ანექსია.
ალექსანდრე რაქვიაშვილი, გირჩი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივას ამ ეტაპზე არარეალისტურად მიიჩნევს. მისი თქმით ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის დე-ფაქტო აღიარების ტოლფასი იქნება, ხოლო ეს საკითხი ქართული საზოგადოებისთვის მტკივნეული და შესაბამისად პოლიტიკური პრობლემის შემქმნელია მთავრობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აშენებული ტერმინალი შესაძლოა მასშტაბური ინვესტიციებს არც საჭიროებდა, რაქვიაშვილის აზრით, თავად ფაქტი, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული თანხები დაიხარჯა, სერიოზულ ეჭვებსა და რისკებს ბადებს, რაც საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებასა და მყისიერ რეაქციას საჭიროებს.
პოლიტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სატრანზიტო გზის გახსნით ადმინისტრაციულ საზღვარზე ტვირთების შემოწმების პუნქტის გაჩენა ამ ხაზს სახელმწიფო საზღვრად აქცევს, რაც საბოლოოდ აფხაზეთთან ურთიერთობის იმგვარ ფორმას ჩამოაყალიბებს, რომელიც ოკუპირებული რეგიონის აღიარების პრეცედენტი გახდება.
ალექსანდრე რაქვიაშვილი სკეპტიკურად უყურებს იმ მოსაზრებას, თითქოს რუსეთთან ვაჭრობის განვითარებამ შესაძლოა კრემლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისკენ უბიძგოს;
მისი შეფასებით აფხაზეთზე ამ ფორმით სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენით საქართველო ირიბად აღიარებს აფხაზეთს, რაც შემდგომში ქვეყნისთვის გამოუსწორებელ პოლიტიკურ ზიანს მოიტანს.
ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მონაკვეთზე სატრანზიტო ვაჭრობა არ ფლობს იმხელა ეკონომიკურ პოტენციალს, რომ ასეთი მაღალი პოლიტიკური რისკის გაღება გამართლებული იყოს, მით უმეტეს, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს იმგვარი ბენეფიციარი ჯგუფი, რომლის ინტერესიც მთავრობას მსგავს სახიფათო ავანტიურაზე წასვლას აიძულებდა.
რაქვიაშვილის ანალიზით, რუსეთის სტრატეგია მიმართულია „აღიარების სიმპტომების“ ხელოვნურად შექმნისკენ, როგორიცაა სხვადასხვა მცირე ქვეყნების მიერ აფხაზეთის აღიარებები, სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაცია, რკინიგზის მოწესრიგება. სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენის მცდელობაც ამ სიმპტომის შექმნის მცდელობაა, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ დამკვიდრდეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ილუზია.
საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ტრანზიტის აღდგენა დაუშვებელია, რადგან ეს პროცესი ქვეყნისთვის სერიოზულ რისკებს გააჩენს.
თეონა აქუბარდია, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე

თეონა აქუბარდიას შეფასებით, ოკუპირებულ გალში ტერმინალის მშენებლობა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისა და საქართველოს სუვერენიტეტზე მორიგი შეტევის ნათელი გამოხატულებაა.
პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ტერმინალის მშენებლობა საიდუმლო არ იყო, რადგან ამ პროცესის შესახებ ბევრმა ისედაც იცოდა, მათ შორის – ვიდეოკადრებით, თუმცა მთავარ პრობლემად პოლიტიკური სტატუსი და კრემლთან შესაძლო ფარული გარანტიები რჩება.
აქუბარდიას განმარტებით, აღნიშნული ტერმინალი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რადგან 2011 წლის ჟენევის შეთანხმებისგან განსხვავებით, რომელიც ტვირთების მონიტორინგს ფსოუსა და ზუგდიდში ითვალისწინებდა, გალში საბაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა დე-ფაქტო საზღვრის ფსოუდან ენგურზე გადმოწევას ნიშნავს.
ეს პროცესი პირდაპირ ემსახურება რუსულ-აფხაზურ ინტერესს და ამუშავების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შესაძლო აღდგენის პერსპექტივა ოჩამჩირიდან გალამდე, რაც დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირების შემთხვევაში რუსეთს ირანთან და სხვა რიგ ქვეყნებთან დამატებითი სატრანზიტო მარშრუტების გახსნის საშუალებას მისცემს.
აქუბარდია იხსენებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადრეული ინიციატივა იყო, რომელიც აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გვერდის ავლით განიხილებოდა.
ახლა კი მას შემდეგ, რაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში დადანაშაულება კრემლის შემდეგ ივანიშვილის პარლამენტმა ყალბად დაამტკიცა, დაუჯერებელი არ არის რომ ეს იყოს გამიზნული კრემლის კიდევ ერთი მოთხოვნის შესასრულებლად, რაც ე.წ. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერას გულისხმობს და ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დასაწყისია.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამ გზით მათ შორის შესაძლოა ფინანსურ სარგებელს ელოდეს, თუმცა ამის ფასი ქვეყნის დე-ფაქტო ოკუპაციის დე-იურე აღიარებამდე მიყვანა იქნება.
საერთაშორისო ასპარეზზე კი საქართველო მზარდი იზოლაციის წინაშე დგას. მაშინ, როდესაც რეგიონის სტაბილურობა და დასავლური გავლენების შენარჩუნება „შუა დერეფნის“ პროექტზე გადის, საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ პროცესებიდან გარიყულია — პრეზიდენტ ტრამპთან კომუნიკაციის არარსებობა და შუა დერეფნის საკითხზე ევროკავშირის ეგიდით გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ქვეყნის იგნორირება ამის დასტურია.
თეონა აქუბარდიას დასკვნით, შიდა დაპირისპირებით დასუსტებული და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო რუსეთს საშუალებას აძლევს, საბოლოოდ დაასრულოს თავისი სტრატეგიული მიზანი: დემოკრატიის ავტორიტარიზმად გარდაქმნა, ევროპულ მისწრაფებებზე უარის თქმის იძულება და ქვეყნის სამ ნაწილად დაშლის გზით მისი საკუთარ გავლენის სფეროში სრული დაბრუნება.
თუმცა იქამდე სანამ ჯერ კიდევ მძლავრია წინააღმდეგობა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, იმედი არის, ისევე როგორც იმედი იმისა, რომ რუსეთი ამ დიდ ომში საწადელს ვერ მიაღწევს ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში.
მედეა ტურაშვილი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის

მედეა ტურაშვილი, მოძრაობის სოციალური დემოკრატიისათვის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გალის ტერმინალი ცალკეულად არ უნდა განვიხილოთ და ის მიბმულია სოხუმის აეროპორტს, ოჩამჩირის პორტსა და მათ ფუნქციონირებას.
მოძრაობა მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით ქართულ და რუსულ მხარეებს შორის საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სწორედ ამ პროცესში გაიცა გარკვეული პოლიტიკური გარანტიები, რომლის გარეშეც გალის ტერმინალის მშენებლობის ფინანსურ რისკს არავინ გაიღებდა. ენგურზე სატრანზიტო მიმოსვლა და გალის ტერმინალის ამუშავება ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისებას გამოიწვევს.
რუსეთისთვის ეს სქემა დასავლური სანქციების გვერდის ავლის საშუალება იქნება, ხოლო ქართულ მხარეს ამ პროცესით ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესები თუ იხეირებენ და ამ გზით ელიტური კორუფცია გაიზრდება. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ქართველებსა და აფხაზებს, ტურაშვილი მიიჩნევს, რომ მათთვის ამ პროცესიდან სარგებელი მინიმალური იქნება.
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენა საზეიმოდ არ მოხდება და საქართველოს მთავრობა ზედმეტი პრობლემის თავიდან არიდების მიზნით ამ პროცესს ნელ-ნელა, თავდაპირველად მცირე მასშტაბის ტვირთბრუნვით დაიწყებს.
ამ ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი ის იქნება, რომ საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროინტეგრაციის პროცესს, გაიზრდება ევროპულ ეკონომიკისაგან იზოლაცია და ამავე დროს გაიზრდება რუსეთის ეკონომიკაზე საქართველოს დამოკიდებულება.