არდა ინალ-იფა: ქართულ-აფხაზურ არაფორმალურ დიალოგში მონაწილეთა წინადადებები მიმართულია აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის დაძლევისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის სტიმულირებისკენ

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

Abkhazia-Inform

ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა არდა ინალ-იფამ „Абхазия-Информ“-თან ინტერვიუში ისაუბრა ბელგრადში გამართული კონფერენციის მონაწილეთა ინიციატივებსა და ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის მონაწილეთა წინადადებებზე.

– ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა „ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის მონაწილეთა წინადადებები“. შემდეგ, თავის გადაცემა „საუბარში“ ინალ ხაშიგმა ასტამურ ტანიასთან ერთად საუბრა ამ ინიციატივაზე და „ლაიმჰაუსის“ პლატფორმის ფარგლებში ქართულ-აფხაზური დიალოგის პროცესზე. ვიცით, რომ უკვე მრავალი წელია თქვენ სამოქალაქო დიალოგის მონაწილე ხართ. თუ შეიძლება მოგვიყევით ბელგრადში გამართულ კონფერენციაზე და პროცესზე, რომელმაც კონკრეტული იდეების განვითარება მოიტანა.

არდა ინალ-იფა: უნდა ითქვას, რომ ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის პროცესი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომის დასრულებიდან მალევე დაიწყო. შეხვედრების ორგანიზატორები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები იყვნენ: „საერთაშორისო განგაში“, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი (პარლამენტის დეპუტატების მონაწილეობით), გაეროს სხვადასხვა დეპარტამენტი, გაეროს მოხალისეები, კალიფორნიის უნივერსიტეტი, „შერიგების რესურსები“, ევროპის საბჭო და სხვები. ხანდახან პროცესები პარალელურად მიმდინარეობდა, ხანდახან ერთი ორგანიზაციის მიერ დაწყებულ დიალოგს, სხვა აგრძელებდა. ერთი სიტყვით, ომის შემდგომი ათწლეულების განმავლობაში, ასობით ექსპერტი, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ შეხვედრებში, რომლებიც ეძღვნებოდა კონფლიქტის ანალიზს, მის გამომწვევ მიზეზებს, მშვიდობიანი მომავლის ხედვასა და მრავალ სხვა საკითხს.

ყველას კარგად ახსოვს ნდობის აღდგენისთვის გამართული რამდენიმე შეხვედრა, რომლებიც გაეროს ეგიდით მიმდინარეობდა და რომელშიც ორივე მხრიდან მოქმედი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები მონაწილეობდნენ. ეს შეხვედრები იმართებოდა სტამბოლში, ათენსა და იალტაში. მსგავს ინიციატივებს პირველ რიგში სამშვიდობო მიმართულება ჰქონდა. ფართოდ არის ცნობილი „შლაინინგის დიალოგის პროცესი“, რომელშიც რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები „უჰალსტუხოდ“, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესის ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ. სწორედ ამ მოედანზე დაიწყო განხილვა საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმებისა, რაც დღეს ჟენევის დისკუსიების მთავარი საკითხია.

რაც შეეხება პროცესს, რომელშიც დღეს ვმონაწილეობთ მე და ჩემი კოლეგები, ილუზიის ეტაპის შემდეგ, როდესაც თითოეულ მხარეს ეგონა, რომ შეძლებდნენ ოპონენტის გადარწმუნებას პოლიტიკურ საკითხებში, მოვიდა კონფლიქტის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად მუშაობის აუცილებლობის გაგება. საქართველოს, მისი მხარდამჭერი მოკავშირეებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიციის გამო, აფხაზეთის მცხოვრებლების შესაძლებლობები შეზღუდულია – მაგალითად, შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება, საზღვარგარეთ მედიცინასა და განათლებასთან წვდომა, ასევე დაბლოკილია პირდაპირი საერთაშორისო კავშირები და ინვესტიციები აფხაზეთში და ა.შ. ამიტომ, დიალოგის ფარგლებში ბევრი შეხვედრა სწორედ აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პრობლემას და მის დასაძლევად საერთაშორისო მიდგომების ცვლილების აუცილებლობას მიეძღვნა. დაისვა აფხაზეთის წარმომადგენლების საერთაშორისო პროცესებში ჩართვის, მათი მნიშვნელოვან საერთაშორისო მოედნებთან წვდომის საკითხი და სხვა. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია და რომლებსაც აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის დაწესებული შეზღუდვები უსამართლოდ მიაჩნიათ. სწორედ მათთან ვაწარმოებთ დიალოგს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პრეზიდენტის დროს, ჩვენი შეხვედრების შედეგებს აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებთან განვიხილავდით და მათი მხრიდან გაგებასა და მხარდაჭერას ვნახულობდით.

– გასაგებია, რომ დიალოგის მთავარი მიზანი ურთიერთგაგების მიღწევა და მშვიდობის განმტკიცებაა, მაგრამ მოახერხეთ თუ არა რაიმე პრაქტიკული შედეგის მიღწევა, თუ ყველაფერი საუბრებით შემოიფარგლა?

არდა ინალ-იფა: დიახ, მართალი ხართ – დიალოგში ჩვენი მონაწილეობის მთავარი მიზანია მივაწოდოთ როგორც ქართულ მხარეს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და დიპლომატებს ინფორმაცია კონფლიქტის ისტორიისა და საფუძვლების, თანამედროვე აფხაზეთის მისწრაფებების შესახებ. დიალოგის ფარგლებში ხდება იდეების დატესტვა, აფხაზეთის განბლოკვის სასარგებლოდ არგუმენტების მოძიება, სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონულ პროცესებში აფხაზეთის თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხებში მოკავშირეების მოსაძიებლად. ასევე არის დიალოგის გარკვეული პრაქტიკული შედეგებიც. პირველ რიგში, ეს არის სტუდენტებისთვის ევროპის ქვეყნებში სტაჟირებისა და მაგისტრატურის გავლის შესაძლებლობის გაჩენა. ბევრს გაუგია ბრიტანული ჩივნინგის სტიპენდიების შესახებ.

უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს კურსდამთავრებულებს ბრიტანულ უნივერსიტეტებში მაგისტრატურაზე მოწყობის შესაძლებლობა აქვთ, ერთი წლის წინ გაჩნდა ციურიხის უნივერსიტეტში გრძელვადიანი სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც. ჩვენი სტუდენტები იქ მიდიან არა საქართველოდან, მათ არ სჭირდებათ სხვისი მისამართის ან არა თავისი ქვეყნის მითითება, რადგან ონლაინკითხვარში სპეციალურად შეიქმნა გვერდი – სამხრეთი კავკასია. არის სხვა კონკრეტული შედეგებიც, მაგალითად, ეკოლოგიის ინსტიტუტის წყლის რესურსების მონიტორინგისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით მომარაგებაში დახმარება; ჩვენი ალპინისტების თანამშრომლობის ჩამოყალიბება საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტებთან – სამთო მაშველებთან; ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის შესახებ აფხაზური სამეცნიერო ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანი საარქივო მასალების გადაცემა  და ზოგიერთი სხვა პროექტი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ აფხაზეთიდან შეხვედრების მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გამოვიდნენ სხვადასხვა გავლენიან საერთაშორისო მოედანზე, რომლის წყალობითაც დღეს საერთაშორისო ექსპერტულ და დიპლომატიურ წრეებში აფხაზეთის პოზიციისა და მისწრაფებების ზედაპირული გააზრება დიდწილად დაძლეულია. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით გამართული დიალოგის წყალობით.

– ვინ მუშაობდა წინადადებებზე?

არდა ინალ-იფა: რთულია ყველას დასახელება, ვინც მონაწილეობდა განხილვის პროცესში, სხვადასხვა იდეისა და წინადადების წამოყენებაში, რადგან წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, დიალოგის პროცესში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობების საკითხში, მონაწილეები რჩებიან დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციებზე. 

აფხაზი მონაწილეები გამოდიან იმ პოზიციიდან, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია და განხილვას არ ექვემდებარება. ამასთან, მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო იზოლაცია არა მხოლოდ უსამართლოა და აფერხებს აფხაზეთის განვითარებას, არამედ აღრმავებს კონფლიქტურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რომელიც მთავარი დაბრკოლებაა დეიზოლაციის საკითხში. ბელგრადში გამართული დიალოგის მთავარმა მონაწილეებმა გადაწყვიტეს წარმოედგინათ სხვადასხვა ეტაპზე გამოთქმული იდეები, შეეჯამებინათ და გამოექვეყნებინათ წინადადებების სახით. აფხაზური მხრიდან ძირითადი მონაწილეები იყვნენ არდა ინალ-იფა, ასტამურ ტანია, ლიანა კვარჩელია, ინალ ხაშიგი და სხვები, თუმცა, ლიანა და მე ბელგრადში ბოლო შეხვედრაზე არ ვიყავით. ჩვენ ყველა პირადად ვმონაწილეობთ დიალოგში და არანაირი ხელშეკრულების გაფორმებას არ ვაპირებთ, ეს არ არის ჩვენი უფლებამოსილება და ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ეს წინადადებები შეიძლება ექსპერტებისა და პოლიტიკოსების განხილვის საგანი იყოს და ვისურვებდით, რომ მათი არსებითი განხილვა მოხდეს.

– რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ახლა საკუთარი წინადადებების გამოქვეყნება?

არდა ინალ-იფა: ყარაბაღის მეორე ომი და მისი შედეგები გვეუბნება, რომ კონფლიქტის გაყინვა – მშვიდობის გარანტია არ არის. მიმდინარეობს რთული გეოპოლიტიკური პროცესები და გარდატეხები, სიტუაცია სწრაფად იცვლება და ჩვენ წინმსწრებად უნდა ვიმოქმედოთ, ვიყოთ პროაქტიულები სამშვიდობო დღის წესრიგისა და ეკონომიკური განვითარების საკითხების ხელშეწყობაში. დღეს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქმნება მექანიზმი 3+3-ის ფორმატში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო + რუსეთი, თურქეთი, ირანი) სამხრეთ კავკასიაში პროცესების დასარეგულირებლად. ეს ფორმატი გამორიცხავს, კერძოდ, აფხაზეთის მონაწილეობას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონის შესახებ გადაწყვეტილებებს ჩვენ გარეშე მიიღებენ. ჩვენ ხომ იმისკენ მივისწრაფვით, რომ აფხაზეთი რეგიონული პროცესების თანაბარუფლებიანი აქტიური მონაწილე იყოს. და ამ თვალსაზრისით, დიალოგის მონაწილეთა მიერ ჩამოყალიბებული წინადადებები მიზნად ისახავს აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის დაძლევას და რეგიონულ თანამშრომლობაში მისი მონაწილეობის საკითხის პოპულარიზაციას.

მეორე მხრივ, კომუნიკაციების განბლოკვა, რაზეც საუბარია წინადადებებში, შეიძლება გახდეს საკითხი, რომლის გადაჭრითაც არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ საქართველოც, რუსეთიც, სომხეთიც და მთლიანად რეგიონიც იყოს დაინტერესებული.

რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა შეიძლება იყოს და უნდა იყოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი. კარგია, როდესაც ასეთ იდეებს რეგიონის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ახმოვანებენ, მაგრამ როდესაც ასეთ წინადადებებს კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანები ახმოვანებენ, მათი ხმა გაცილებით ხმამაღალი ხდება და მეტი შანსია, რომ ის რეგიონულმა მოთამაშეებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამაც გაიგოს.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.