სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „ეხო კავკაზას“ ვებგვერდზე. ტექსტი და ტერმინოლოგია უცვლელადაა გადმოტანილი. ყველა უფლება ეკუთვნის „ეხო კავკაზას“. პუბლიკაციის თარიღი: 2025 წლის 2 აპრილი.
ბადრა გუნბამ ოფიციალურად დაიკავა თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა. ახალი ლიდერის ინაუგურაცია ზოგისთვის ცვლილებების სიმბოლოდ აღიქმება, სხვებისთვის კი ძველი კურსის გაგრძელებად. გუნბას რეალურ პოლიტიკურ კურსს მომდევნო ხუთი წელი განსაზღვრავს.
ყავა, „ბრეხალოვკა“ და პუტინის ბრძანება
ბადრა გუნბას დილა სოხუმის სანაპიროზე გასეირნებით დაიწყო — მასთან ერთად იმყოფებოდა რუსეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკოც იყო. ეს სცენა წინასაარჩევნო პერიოდს მოგაგონებდათ: რამდენიმე დღით ადრე, ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსით, გუნბა ამავე რუს მოხელეს შეხვდა.
დელეგაციის წევრები აფხაზეთის ახალ ლიდერთან ერთად სოხუმის ცნობილი ღია კაფის, „ბრეხალოვკის“ წინ გაჩერდნენ და ყავა დალიეს. იქვე ბადრა გუნბამ სიმბოლური საჩუქარიც მიიღო — ბაშკირტოსტანის მთავრობის თავმჯდომარემ, ანდრეი ნაზაროვმა, მას ურალის ქალაქ უფის სანაპიროს პეიზაჟის სურათი გადასცა. სწორედ იქ დგას სოხუმის კოლონადის ზუსტი ასლი.
თუმცა არაოფიციალური ჟესტების მიღმა სტრატეგიული საკითხებიც იდგა — მათ შორის, თანამშრომლობის მიმართულებები და მოსალოდნელი რეფორმები. ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე გუნბა სერგეი კირიენკოსთან ერთად ესტუმრა აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზას. ასევე, ისინი სტუმრობდნენ იქვე მიმდინარე სამშენებლო პროექტებს — სკოლასა და სპორტულ კომპლექსს.
ინაუგურაციამდე კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, ვისაც რუსეთის პასპორტი ან ბინადრობის უფლება აქვთ, რუსული მართვის მოწმობის მიღების პროცედურას ამარტივებს. სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა გუნბა პუტინს კრემლში გამართული შეხვედრისას, რომელსაც მალე მისი გამარჯვება მოჰყვა.
სანამ არჩეული პრეზიდენტი სტუმრებთან ერთად ქალაქში სეირნობდა, აფხაზეთის პარლამენტის შენობასთან წითელ ხალიჩას აფენდნენ.
ინაუგურაციის ცერემონია დღის 12:00 საათზე დაიწყო პარლამენტის დიდ დარბაზში. დარბაზი სავსე იყო — ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები და გუნბას პოლიტიკური ოპონენტებიც, მათ შორის მისი მთავარი მოწინააღმდეგე, ოპოზიციონერი ლიდერი ადგურ არძინბა. არძინბამ არჩევნებში გუნბასთან 14-პროცენტიანი სხვაობით წააგო, ხოლო მისი მხარდამჭერები ახალ პრეზიდენტს “ბინძურ“ პოლიტიკურ მეთოდებში ადანაშაულებდნენ. ცერემონიის წინა რიგებში იჯდა ყოფილი პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც ნოემბერში გამართული საპროტესტო აქციების შედეგად თანამდებობა დატოვა.
დარბაზში აფხაზეთის ეროვნული დროშის შემოტანის შემდეგ, პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ ცერემონია გახსნა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ხელმძღვანელები, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, ვენესუელისა და ნიკარაგუას ელჩები, ასევე დნესტრისპირეთის წარმომადგენლები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ხელმძღვანელები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები.
შემდეგ სპიკერმა ფიცის დადებისთვის ბადრა გუნბა მიიწვია. დარბაზში აპლოდისმენტების ფონზე შესულმა გუნბამ ტრადიციისამებრ აფხაზურ ენაზე დადო ფიცი. ახალმა პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე სამსახური და ე.წ. რესპუბლიკაში მშვიდობის დაცვა იკისრა. ამის შემდეგ სპიკერმა მას ხელისუფლების სიმბოლოები გადასცა — სახელმწიფო ბეჭედი, ხმალი, რომელიც მისი, როგორც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის როლს აღნიშნავს, და აფხაზური თხელი კვერთხი — ალაბაში.
რუსეთზე გაკეთებული აქცენტები
გუნბას სიტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. გამოსვლა აფხაზურ ენაზე დაიწყო და შემდეგ რუსულზე გადაერთო. სიტყვაში მან 2025 წელი აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობის წლად გამოაცხადა. გუნბამ ასევე აღნიშნა, რომ „სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ“, აფხაზეთის თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა მისი დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ — და მოგვიანებით, უკვე რუსეთის მხარდაჭერით, სხვა ქვეყნების მხრიდანაც.
„ეს ეპოქალური მოვლენა მჭიდროდ არის დაკავშირებული აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის — სერგეი ბაგაფშის — სახელთან“, — აღნიშნა გუნბამ თავის სიტყვაში.
სიტყვით გამოსვლისას გუნბა ასევე შეეხო 1992–1993 წლების აფხაზეთის ომს, რომელიც, მისი შეფასებით, აფხაზეთს სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორიულ შესაძლებლობას აძლევდა. მისი თქმით, ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია საზოგადოებამ დაძლიოს შიდა დაპირისპირება და გაერთიანდეს დიდ მიზნებზე ფოკუსირების ირგვლივ. ამ კონტექსტში, როგორც ჩანს, მან ირიბად მიანიშნა ნოემბრის მოვლენებზე, რამაც ქვეყნისთვის ვადამდელი არჩევნები განაპირობა.
„ძალადობისკენ მოწოდება ყოველთვის მარცხით და საზოგადოების იმედგაცრუებით მთავრდება. დემოკრატია არ არის ყველაფრის ნებადართულობა — ეს არის სახელმწიფოს ნორმებისა და ინსტიტუტების პატივისცემა,“ — განაცხადა გუნბამ.
ინაუგურაციის სიტყვაში გუნბამ პოლიტიკური კურსის ძირითადი პრიორიტეტებიც დაასახელა: საკონსტიტუციო უფლებების დაცვა, სახელმწიფო მმართველობის რეფორმა და სოციალური პროგრამების განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთთან პარტნიორობას — ქვეყანასთან, რომელიც, გუნბას თქმით, „დღეს იბრძვის საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებისთვის“.
ახალმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვლადიმირ პუტინს პირადად — როგორც მხარდაჭერისთვის, ისე აღიარებისთვის. პუტინის ხსენებამ დარბაზში ტაში გამოიწვია.
გუნბას შემდეგ სიტყვით გამოვიდა სერგეი კირიენკო. მან წაიკითხა ვლადიმირ პუტინის მილოცვა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთის ახალ ლიდერს მოსკოვში, 9 მაისს, გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ეპატიჟებოდა:
„რუსეთისა და აფხაზეთის ძმური ხალხები საერთო ისტორიით არიან დაკავშირებულნი. ჩვენთვის განსაკუთრებული, მარადიული მნიშვნელობა აქვს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ამ დღეს რუსები და აფხაზები თავიანთ პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავენ გამარჯვების გმირი თაობის მიმართ. გეპატიჟებით 2025 წლის 9 მაისს, მოსკოვში, დიდი გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. მოხარული ვიქნები, თუ ამ სიმბოლურ დღეს რუსეთის დედაქალაქში მიგიღებთ,“ — აღნიშნულია პუტინის გზავნილში.
საკუთარი განცხადებისას კირიენკომ ხაზი გაუსვა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „ისტორიულ კავშირს“, და აღნიშნა, რომ აფხაზეთი 1992–1993 წლებში „პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად შეეჯახა ნამდვილ ნეონაციზმს“.
„გვაერთიანებს გმირი შვილები — აფხაზეთისა და რუსეთის, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯვნას არ საჭიროებენ და შეუძლებელიცაა. მოხალისეები და მებრძოლები, რომლებმაც 1992–1993 წლების ომში თავიანთი სიცოცხლე აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის გასწირეს, ნამდვილ ნეონაციზმს ებრძოდნენ. მაშინ უკვე არსებობდნენ იმ დაჯგუფებების წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთი დღეს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვის. რუსი მოხალისეები, რომლებიც იმ ომში დაიღუპნენ, უეჭველად რუსეთის გმირები არიან, მაგრამ ისინი ასევე აფხაზეთის შვილებიც არიან. ზუსტად ისე, როგორც 53 აფხაზი მებრძოლი, რომლებიც სუვერენიტეტის დასაცავად უკრაინაში იბრძვიან,“ — თქვა კირიენკომ.
ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი. მან ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სუვერენიტეტის აღიარების გზაზე შეხვდათ და აღნიშნა, რომ ამ პროცესში რუსეთის როლი ორივე რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტად განსაზღვრულია. ისიც, როგორც სხვა გამომსვლელები, შეეხო ომს უკრაინაში.
ბადრა გუნბამ ოფიციალურად დაიკავა პრეზიდენტის პოსტი და წინ ხუთწლიანი მმართველობა ელის. თუმცა, როგორც აფხაზეთის უახლესი ისტორია აჩვენებს, არც ერთ პრეზიდენტს არ მიუღწევია სრული ვადის ბოლომდე.
რუსეთი უკვე იწყებს გავლენის გაძლიერებას: პირველი მაისიდან სოხუმის აეროპორტში რეგულარული რეისების შესრულება დაიწყება, ხოლო აფხაზეთში რუსეთის შსს-ის საგზაო პოლიციის ერთეული ამოქმედდება. ინაუგურაციის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ბადრა გუნბასა და სერგეი კირიენკოს შორის განხილული იქნა პარტნიორობის პერსპექტივები ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. ყურადღების ცენტრში იყო ცხოვრების დონის გაუმჯობესების დაპირება — ადმინისტრაციული ბარიერების შემცირების გზით.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, პეტრ ტოლსტოიმ, რომელიც ინაუგურაციას ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ესწრებოდა, აღნიშნა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის იხსნება „ახალი გვერდი ისტორიულად მეგობრულ და კეთილგანწყობილ ურთიერთობებში“. მისი თქმით, რუსეთი გეგმავს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც აფხაზეთის მოსახლეობას „რეალურ სარგებელს“ მოუტანს.
თუმცა, ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური დახმარება, რაც ერთ ნაწილს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განმტკიცების სიმბოლოდ მიაჩნია, სხვებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია რუსეთზე სრული დამოკიდებულებისკენ.
პროსახელისუფლებო Telegram-არხები გუნბას ინაუგურაციას „ახალ საწყის წერტილად“ მოიხსენიებენ და ხაზს უსვამენ რესპუბლიკის მზადყოფნას, კიდევ უფრო დაახლოვდეს მოსკოვთან. მაგრამ საზეიმო რიტორიკის მიღმა რჩება მთელი რიგი გამოწვევები — პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური პრობლემები და შიდა დაპირისპირება.
როგორც ხელისუფლების კრიტიკოსები აღნიშნავენ, მომავალი ხუთი წელი გამოავლენს, იქცევა თუ არა ეს ინაუგურაცია ნამდვილი ცვლილებების დასაწყისად — თუ მხოლოდ მორიგ სიმბოლურ აქტად აფხაზეთის უახლეს ისტორიაში.