“იშვიათად რომელიმე ერის მიმართ ამდენი კომპლიმენტარული რამ დაწერილიყოს, როგორც ეს ქართულ ლიტერატურაშია აფხაზების მიმართ,” ამბობს გურამ ოდიშარია.
მწერალი საუბრობს აფხაზი ადამიანის ხატზე ქართულ და ქართველი ადამიანის ხატზე აფხაზურ ლიტერატურასა და კულტურაში.
საუბრის მთავარი თემა შეეხება, თუ როგორ არიან წარმოდგენილნი აფხაზები და ქართველები ორივე ერის კულტურასა და ხელოვნებაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ ე.წ. “სახალხო დიპლომატიის” რესურსი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
მწერალი ასევე განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას ერების დაახლოება და როგორ უკავშირდება ერთმანეთს ქართული და აფხაზური კულტურები.
კომპლიმენტარული დამოკიდებულება აფხაზებისადმი ქართულ ლიტერატურასა და კულტურაში “ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოდის,” ამბობს ოდიშარია.
“კოხტა კაცი აფხაზივით, სიტყვის კაცი აფხაზივით, დახვეწილი აფხაზივით – აფხაზი ქართულ წარმოდგენაში ყოველთვის იყო სიმბოლო ზნეობრივი, დაუწერელი კანონით მცხოვრები ადამიანის”, აღნიშნავს მწერალი.
გურამ ოდიშარია, რომელიც თავად აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა, ასევე იხსენებს თუ რა დამოკიდებულება არსებობდა აფხაზურ საზოგადოებაში ქართველების მიმართ.
“თუ ქართველი და აფხაზი ქმნიდა ოჯახს, ამაყობდა როგორც აფხაზური მხარე, ისე ქართულიც, და ეს არ არის გადამეტებული,” იხსენებს მწერალი.
“ომის შემდეგ დიალოგი ჩვენ შორის ძალიან გართულდა,” ამბობს მწერალი, “თუმცა ამ დროსაც იწერებოდა ლექსები აფხაზურ პოეზიაში, რომ ჩვენ ამ ომით საშინელება დაგვემართა”.
“აფხაზურ ლიტერატურაში ქართველებთან მიმართებაში, ძირითადად, გამოსჭვივის, რომ ჩვენ ყველაზე მეტი სიახლოვე გვაქვს ფასეულობებთან მიმართებაში – რა არის სიყვარული, რა არის ერთგულება, რა არის ცუდკაცობა, რა არის ვერაგობა და ტკივილი და ა.შ.,” ამბობს ოდიშარია.
“სწორედ ამიტომაც იყო ეს ომი ამხელა ტრაგედია და სწორედ ამიტომ იყო ასეთი დაბნეულობა მის გარშემო”, ასკვნის მწერალი.
ომის შემდგომ ვითარებაზე საუბრისას ოდიშარია აღნიშნავს, რომ აფხაზურ “ლიტერატურაში გამოჟონა საყვედურმა” იმ ტრაგედიის გამო, რაც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის მოხდა. “მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ავირიდებდით ამ ომს,” ფიქრობს მწერალი.
“ომის დასრულების შემდეგ ყველაზე რთულია ურთიერთობების აღდგენა და ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კულტურა, ხელოვნება და ლიტერატურაა,” ასკვნის ოდიშარია, რომელიც ინტერვიუში ასევე იმ პროექტებზეც საუბრობს, რომელთაც ახლა ახორციელებს აფხაზ კოლეგებთან ერთად.