ვენესუელა, სირია და არაღიარების პოლიტიკა | ხედვა თბილისიდან

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

რატომ ვერ ახერხებს თბილისი სირიასა და ვენესუელასთან ოკუპირებული რეგიონების აღიარებების გაუქმებას?

რუსეთის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ კრემლის პოლიტიკა ამ გადაწყვეტილების საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდას ისახავდა მიზნად. თბილისის პოლიტიკა კი არაღიარების პოლიტიკაში გამოიხატა, რაც ერთის მხრივ ახალი აღიარებების დაუშვებლობას, ხოლო მეორეს მხრივ – აღიარებების უკან წაღებასა და გაუქმებას ისახავს მიზნად.

დღეისთვის ჯამში შვიდმა სახელმწიფომ აღიარა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა: რუსეთმა [2008], ნიკარაგუამ [2008], ვენესუელამ [2009], ნაურუმ [2009], სირიამ [2018], ტუვალუმ [2011] და ვანუატუმ [2011]. ამათგან ბოლო ორმა სახელმწიფომ გადაწყვეტილებები 2013-2014 წლებში შეცვალეს და კვლავ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებიდან საგრძნობელი ცვლილებები მოხდა სირიასა და ვენესუელაში, თუმცა ახალ მთავრობებს თბილისისთვის მნიშნელოვან საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკულად არაფერი შეუცვლიათ.

რატომ ვერ ხერხდება ამ ცვლილებების მიღწევა? – ამ კითხვაზე პასუხი კომპლექსურია და როგორც ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი რესპოდენტები მიიჩნევენ, პრობლემები ნაწილობრივ თავად თბილისის პოლიტიკაშია და ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ცვალებადი საერთაშორისო წესრიგი, სადაც თბილისს ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ძლიერი გავლენები არ გააჩნია.

არაღიარების პოლიტიკა და სირიის წარუმატებელი მაგალითი

კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ევროპული კვლევების დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან არაღიარების მიმართულებით პირდაპირი დიპლომატიური ძალისხმევა ყოველთვის შედარებით სუსტი იყო, გამომდინარე საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არსებული შეზღუდული გავლენიდან.

ეს პოლიტიკა ძირითადად ეყრდნობოდა, პირველ რიგში, ჩვენი ძლიერი პარტნიორებისთვის პერიოდულ შეხსენებასა და თხოვნას, რომ სწორედ მათ გაეწიათ ამ საკითხზე აქტიური დიპლომატიური ზეწოლა რუსეთსა და მის პარტნიორებზე. საქართველოს ყველა მთავრობას გააჩნდა სტანდარტული დიპლომატიური ქმედებათა ნაკრები, რომელიც მოიცავდა როგორც პოზიციონირებას და საკითხის ლობირებას საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე ყველა საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლების დროს საკითხის, როგორც ქვეყნისთვის მიუღებელის, ხაზგასმას.

სირიაში 2024 წელს რეჟიმის ცვლილებამ ერთგვარი მოლოდინი გააჩინა, რომ ახალ ხელისუფლებასთან შესაძლებელი იქნებოდა აღიარების უკან წაღება. კახა გოგოლაშვილის თქმით მაშინ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურ დონეზე არ მიუმართვას სირიის ახალი  ხელისუფლებისთვის. ასეთი მიმართვა ჰქონდათ ძირითადად პოლიტიკური პარტიებისა და ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს, რასაც ვერ დავახასიათებთ, როგორც მნიშვნელოვან დიპლომატიურ ძალისხმევას.  

ამასთან, ჩვენმა საგარეო უწყებამ სირიის მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა თავის დროზე დააფიქსირა, მაგრამ არ მოუხდენია ამ ფაქტის აქტიურად გაპროტესტება საერთაშორისო ორგანიზაციებში – გაეროს, ეუთოსა თუ სხვა ფორუმებზე. თბილისის მხრიდან პასიურობის ფონზე 2025 წლის ივნისში სირიაში ვიზიტი ქონდა აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცს.

იმ პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან ყველაზე შესამჩნევი ნაბიჯი იყო პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ვიზიტი თურქეთში, სადაც მან თურქულ მხარეს სირიის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტის დამყარებაში შუამავლობა შესთავაზა.

დღევანდელი მონაცემებით ამ მიმართულებით არანაირი პოზიტიური ცვლილება კვლავ არ იკვეთება.

ცვლილებები ვენესუელასა და ლათინური ამერიკის რეგიონში

2026 წლის სამი იანვრის დილას შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას პრეზიდენტი დააკავეს და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ქვეყნის მართვას განუსაზღვრელი ვადით თავად შეუდგნენ.

პრეზიდენტ მადუროს დაკავების შეფასებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ განვითარებული მოვლენები ვენესუელას მიერ აფხაზეთის უკანონო აღიარების გაუქმებას გამოიწვევდა. თბილისის ამ განცხადებას ოკუპირებული სოხუმიდან, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოდისეი ბიგვავამ იმავე დღესვე უპასუხა და განაცხადა, რომ აფხაზეთისთვის აღიარება თვითმიზანი სულაც არ არის.

ვენესუელაში მომხდარმა ამბებმა შესაძლოა აღიარების მხრივ  ცვლილებები გამოიწვიოს, თუმცა ამ პროცესისთვის ორი მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებაა საჭირო – კონკრეტულად როგორი ცვლილებები მოხდება ვენესუელას ხელისუფლებაში და თავად თბილისის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები რამდენად აქტიური იქნება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიერ სირიაში რეჟიმის ცვლილების შემდგომ დაგვიანებული რეაგირებით თუ ვიმსჯელებთ არ ჩანს რომ არაღიარების პოლიტიკა თბილისისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. ვენესუელაში რეჟიმის ცვლილებაზე გაკეთებული განცხადებაც ძალიან ზოგადი იყო.

ბუნებრივად იბადება კითხვა – იმ სიტუაციაში როდესაც საქართველოს ხელისუფლება ღია კონფრონტაციაშია დასავლეთთან და თვითიზოლაციის გზას ადგას, რამდენად შესაძლებელია დასავლელი პარტნიორების გარეშე ვენესუელის და სირიის ახალ ხელისუფლებაზე ზემოქმედება რომ მათ შეცვალონ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გადაწყვეტილება? პასუხი არის – არავითარი! თბილისშიც  მშვენივრად იციან რომ დასავლეთთან კონფრონტაციული პოლიტიკის დამსახურებით ამ საკითხზე ზედმეტად თავს არავინ შეიწუხებს.

რაც შეეხება როგორც სირიის ისე სამომავლოდ ვენესუელას ახალ რეჟიმებთან ურთიერთობას – კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ სწორედ ეს უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხი და აქტიურად უნდა მუშაობდნენ, როგორც დასვლეთის, ასევე – თურქეთის ხელისუფლებასთან, რომ დაამყარონ აქტიური კონტაქტები ახალი რეჟიმის წარმომდგენლებთან და მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. თუმცა ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო ამის გაკეთება ადვილი არ იქნება.

კახა გოგოლაშვილის თქმით ვენესუელას მთავრობისადმი მიმართვა, ამ ეტაპზე მოკლებულია პრაქტიკულ მიზანშეწონილობას, ვინაიდან ადგილზე ხელისუფლება რეალურად არ შეცვლილა და ახალი საგარეო კურსი ჯერ არ გამოცხადებულა.

ასეთ პირობებში მათთან მსგავსი თხოვნით ან მოთხოვნით შესვლა შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს. შესაბამისად, აუცილებელია ჯერ განისაზღვროს, თუ რა საგარეო მიმართულებას აირჩევს ვენესუელა ახალ ეტაპზე, და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს მათთან დიპლომატიური ინტერაქციის ფორმა და მეთოდი.

მადუროს დაკავებამ ლათინური ამერიკის რეგიონში დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი ბოლომდე სრულად მაინც არ იკვეთება. სერგი კაპანაძე, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი აღნიშნავს, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ დაიწყო პატიმრების გათავისუფლება და დიდია შანსი, რომ ეს პროცესი მივიდეს ხელისუფლების ჩანაცვლებამდეც, თუმცა, ამ ეტაპზე ამ დასკვნის გაკეთება ნაადრევი და რთულია.

უფრო მეტი სიცხადე იკვეთება ვენესუელას საგარეო პოლიტიკაზე და ისიც ძლიერ მოთამაშეებთან მიმართებაში. აშშ-ს პრეზიდენტმა ძალიან ნათლად დაანახა ვენესუელას ადმინისტრაციას, რომელიც მადუროს დაკავების შემდეგ ადგილზე რჩება, რომ კარაკასს მოუწევს გაითვალისწინოს ამერიკის ინტერესები. ეს პირველ რიგში ეხება ნავთობის მოპოვებას და ექსპორტს, ასევე, ჩინეთთან და ამერიკის მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას.

რაც შეეხება რუსეთს – ფაქტია, რომ მისი იმიჯი და რეპუტაცია ძალიან დაზიანდა, რადგან მის მიერ მიწოდებულმა თავდაცვის სისტემებმა სრული კრახი განიცადეს. სერგი კაპანაძის მიხედვით რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდების გაჩერებაც აჩვენებს, რომ ტრამპი არ აპირებს ასე მარტივად რამეზე გაურიგდეს რუსეთს, მით უმეტეს, რომ მოსკოვს ლათინურ ამერიკაში თითქმის არ გააჩნია ბერკეტები, რომლითაც ამერიკის სამხედრო და სავაჭრო ძალას წინააღმდეგობას გაუწევს.

უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის კონტინენტზე პრო-რუსული მემარცხენე მთავრობების როლი მცირდება, რისი ბოლო მაგალითიც ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებია.

თბილისის დასუსტებული საერთაშორისო პოზიციები

სირიაში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში აშკარად იკვეთება თბილისი პასიურობა. აქ გასათვალისწინებელია არამხოლოდ შეცვლილი საერთაშორისო წესრიგი, არამედ თავად თბილისის დასუსტებული საერთაშორისო პოზიციები. ასადის რეჟიმის ცვლილებასა თუ მადუროს დაკავებას თბილისი პრაქტიკული თვითიზოლაციის პირობებში შეხვდა.

ევროკავშირთან თუ შეერთებულ შტატებთან დისტანცირება, დასავლეთის ღია კრიტიკა და პრემიერ მინისტრ კობახიძის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერება და გადავადება არაერთი კუთხით შეიძლება შეფასდეს, მაგრამ ცხადია, რომ არაღიარების პოლიტიკაში საერთაშორისო მხარდაჭერას საკვანძო ფუნქცია ქონდა, ხოლო ეს მხარდაჭერა დღეს დიდი რისკის ქვეშ დგას.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების მხარდამჭერ ქვეყნებში ხელისუფლებების ცვლილებები ერთგვარ იმედისმომცემ პერსპექტივებს ქმნის, მაგრამ თბილისის მხრიდან არაეფექტური, დაგვიანებული თუ პასიური ნაბიჯები მიზნის მიღწევაში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას ქმნიან.

მსგავსი სტატიები

სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც აღიარებს. ჟურნალისტი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ ეს დიასპორის გავლენაა.
"ჩეგემსკაია პრავდას" მორიგ ვიდეოში ჟურნალისტი და წამყვანი ინალ ხაშიგი ისტორიკოს ასტამურ ტანიასთან ერთად კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.
თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, შესაძლოა, აფხაზეთსა და სირიას შორის პირდაპირი საზღვაო კომუნიკაცია დამყარდეს.