1989 წლის ცხელი გაზაფხული აფხაზეთში

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთის ომის ქრონიკა

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ვებ-გვერდზე. სტატიის სათაური, ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია უცვლელად. ყველა უფლება ეკუთვნის “სოციალური სამართლიანობის ცენტრს”. გამოქვეყნების თარიღი: 27 სექტემბერი, 2024 წელი.

ავტორი: გაბრიელ ჩუბინიძე

ვპასუხობ თქვენს ფარულ გასროლასტყვიამფრქვევიდანგაზეთ ლიტერატურული საქართველოდან“, 1989 წლის 26 მაისს თქვენმა ტყვიამფრქვევისეულმა საფანტმაცოტათი შემარყია.

ტყვიამფრქვევს ვარქმევ თქვენს გაზეთსრადგან ის შორსმსროლელიამისი მასშტაბები სწვდება მთელს ჩვენს რესპუბლიკასხოლო მე კი გესვრით მცირეკალიბრიანიდან (რაიონული გაზეთი ბზიფი“), მაგრამ გაითვალისწინეთრომ ის ძლიერად ისვრისხვდება პირდაპირ თვალში და არა წარბზე.

ძვირფასო კოლეგავ, გურამ ფანჯიკიძევ! გამჭვირვალობა გამჭვირვალობისთვის, მაგრამ უნდა ვწეროთ ჭეშმარიტება!“

ამ განცხადების ავტორი აფხაზეთის მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირების წევრი, ანატოლი ვოზბაა. ის ამ ტექსტით პასუხობს ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის, გურამ ფანჯიკიძის სტატიას, რომელშიც ავტორი ეხმაურება სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერის, ალან ჩოჩიევის წერილს, რომლითაც მან მხარი დაუჭირა აფხაზ კოლეგებს. ვრცელ სტატიაში, ავტორი გასცდა სამხრეთ ოსეთის საკითხს და გადასწვდა აფხაზეთსაც, მათ შორის, გააკრიტიკა გაზეთ „ბზიფში“, ანატოლი ვოზბას მიერ მანამდე გამოქვეყნებული სტატიაც. შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ ციტატად მოხმობილი ვოზბას წერილი პასუხის-პასუხის-პასუხია.

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, საქართველოს მწერალთა კავშირის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. მხატვრული  ნაწარმოებების განხილვისა და ბეჭდვის მიღმა, გაზეთში იბეჭდებოდა ერთმანეთზე გადაჯაჭვული ისტორიული და პოლიტიკური წერილებიც. „ლიტერატურულ საქართველოს“ დიდი წვლილი შეჰქონდა საზოგადოებაში ეროვნული თემატიკის წინ წამოწევასა და მასთან დაკავშირებული თემების აქტუალიზებაში.

გაზეთი, რომელიც ადრე აპოლიტიკური ხასიათის იყო და ხელოვნების პროპაგანდით იყო დაკავებული, 1980-იანი წლების მიწურულს ქართული ეროვნული, თუ ნაციონალისტური დისკურსის მწარმოებელთა ავანგარდში აღმოჩნდა. 1988 წელთან შედარებით, 1990 წელს, ტირაჟი გაოთხმაგდა. ის გამოწერილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მეექვსე-მეშვიდე ოჯახს (აქედან ყოველ მე-5 ეთნიკურად ქართველს). 1989-1990 წლებში, გამომწერთა რაოდენობა გაორმაგდა რესპუბლიკის იმ ტერიტორიებზე, სადაც შეინიშნებოდა ეთნიკური დაძაბულობა – ასეთია აფხაზეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. საპირისპიროდ, გამომწერები თითქმის არ ჰყოლიათ არაქართულ რაიონებში, მაგალითად, გუდაუთაში, ჯავასა და ჯავახეთში.

მსგავს როლს, აფხაზურ საზოგადოებაში, ასრულებდა გუდაუთის რაიონული გაზეთი „ბზიფი“, რომელიც ნაწილობრივ რუსულ და აფხაზურ ენებზე გამოდიოდა. „ლიტერატურული საქართველოსგან“ (ან სხვა ნებისმიერი მაღალტირაჟიანი ქართული გაზეთისგან) განსხვავებით, „ბზიფის“ ტირაჟი გაცილებით დაბალი იყო, თუმცა ის სრულიად საკმარისი იყო აფხაზეთში მცხოვრები აფხაზური მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (ან მათ საწარმოებლად).

გაზეთების (სავარაუდოდ, ტელე-რადიო მაუწყებლობისაც) როლი, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ. ყოველდღიურად, სხვადასხვა გაზეთში (როგორც ქართულ, ისე აფხაზურ), ერთი-მეორის მიყოლებით იწერებოდა ურთიერთბრალდებებით სავსე სტატიები.

ყველაფერი ლიხნის წერილით დაიწყო, როცა, 1989 წლის 18 მარტს, გუდაუთის რაიონში შეკრებილმა ათიათასობით აფხაზმა საერთო წერილი გაგზავნა მოსკოვში. ქართველებისადმი სხვადასხვა ისტორიულ ბრალდებებზე დაფუძნებით, ისინი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს წარმოაჩენდნენ მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობად, ამ ლოგიკაზე დაფუძნებით კი, ითხოვდნენ პოლიტიკური სტატუსის ამაღლებას მოკავშირე რესპუბლიკამდე (რასაც ორივე მხარე აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფად აღიქვამდა). წერილში ვკითხულობთ: „ეთხოვოს სსრკ-ის კპ ცკ უმაღლეს საბჭოსა და სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს, რათა აღდგენილ იქნეს სსრ აფხაზეთის სტატუსი იმ ფორმაში, როგორსაც ის წარმოადგენდა ვ. ლენინის ეპოქაში 1921 წელს“.

ქართულმა რეაქციამ არ დააყოვნა – მალევე, აფხაზეთში ქართველების საპროტესტო აქციები დაიწყო. 4 აპრილს, აფხაზეთში მცხოვრები ქართველების სოლიდარობის მიზნით, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ორგანიზებით აქციები დაიწყო თბილისშიც. დემონსტრანტები ლიხნის წერილზე ხელმომწერთა დასჯას მოითხოვდნენ, ასევე საუბრობდნენ აფხაზეთში ქართველთა შევიწროებებისა და, ცენტრის მიერ, ქართველების წინააღმდეგ, დისკრიმინაციული საკადრო პოლიტიკის შესახებ. აპრილის დღეებში, მრავალი შინაარსის ტრაფარეტი ჩანდა აქციებზე: „შეწყდეს ტერორი ქართველთა წინააღმდეგ საქართველოში!“,  „შეწყდეს აფხაზეთის რუსიფიკაცია“, „შეწყდეს ისტორიის ფალსიფიკაცია“. გაისმოდა ანტიაფხაზური მოწოდებებიც, რომელთა მიხედვითაც აფხაზები „სტუმარი ხალხი“ იყო, აქედან გამომდინარე, მათ არ უნდა ჰქონოდათ პრეტენზია ტერიტორიულ თუ სხვა ტიპის პრივილეგიებზე. რამდენიმე დღეში დემონსტრაციების მთავარი მოთხოვნა შეიცვალა და წინა პლანზე გადმოვიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

1989 წლის 9 აპრილს, მოსკოვმა, სისხლში ჩაახშო დემონსტრაცია და კონტროლი აღადგინა ქალაქზე. მათი გამარჯვება მოკლევადიანი აღმოჩნდა, რეალურად, მოსკოვმა, ქართველი საზოგადოების თვალში სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია – საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველოს კომუნისტურმა პარტიამაც კი, რიტორიკის დონეზე ცენტრისგან გამიჯვნა დაიწყო. თბილისში სიტუაცია ნელ-ნელა მშვიდდებოდა, ხოლო ძალაუფლება ეროვნული მოძრაობის ხელში გადადიოდა. მკვეთრად შესუსტდა ცენზურა საინფორმაციო საშუალებებზე, რითაც, საჯაროდ, ქართულ-აფხაზურმა დისკუსიებმა სრულიად სხვა მასშტაბს მიაღწია.

როგორც უკვე აღინიშნა, 9 აპრილის შემდგომ, თბილისში, სიტუაცია ასე თუ ისე დაწყნარდა, თუმცა მთელი თავისი სიმძაფრით გაგრძელდა აფხაზეთში. ეთნიკურად ქართული მოსახლეობა სხვადასხვა რაიონში (ოჩამჩირე, სოხუმი, გაგრა) პერიოდულად აწყობდა აქციებს და ლიხნის წერილზე ხელმომწერთა დასჯას მოითხოვდა. ყველაფერს ემატებოდა თბილისში მომხდარი ტრაგედიის კონტექსტი. კერძოდ, მიანიშნებდნენ, რომ აპრილის აქციები აფხაზების გამო დაიწყო. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებდა ტრაგედიის შემდგომი აფხაზური პოზიციაც, რომელშიც ისინი პირდაპირ იმეორებდნენ მოსკოვის პროპაგანდას – აფხაზები ტრაგედიაში დემონსტრანტებს ადანაშაულებდნენ, მათ რადიკალების მიერ გასულელებულებად მოიხსენიებდნენ, სიკვდილის მიზეზებად კი ჭყლეტას ასახელებდნენ.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, სოხუმში, პროტესტის ცენტრად აფხაზეთის უნივერსიტეტი იქცა. გაფიცული ქართული სექტორის სტუდენტები ლიხნის წერილზე ხელმომწერი პედაგოგების მიერ საკუთარი ხელმოწერის უკან გაწვევას მოითხოვდნენ – ყველაზე მეტად კი ეს ეხებოდა უნივერსიტეტის რექტორს, ალეკო გვარამიას. როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, აფხაზეთის უნივერსიტეტის შექმნამ და მისმა თანმდევმა არსებობამ, დიდი წვლილი შეიტანა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაღრმავებაში.

ფაქტობრივად, თითქმის მთელი ათწლეულის განმავლობაში, ის იყო ჯერ ჩუმი, შემდეგ კი, ღია დაპირისპირებების სივრცე. წინამდებარე სტატია შექმნილია კონტენტ ანალიზის მეშვეობით – კერძოდ, დამუშავდა ქართული, რუსული და აფხაზური პერიოდიკა. დამუშავდა საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცული საარქივო დოკუმენტაცია, გაანალიზდა უკვე არსებული სამეცნიერო და არასამეცნიერო ლიტერატურა, მათ შორის, ინტერნეტწყაროები და ბოლოს ზეპირი ისტორიებიც ჩაიწერა.

აფხაზეთი 1970-იანი წლების მიწურულს

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი თითქმის საუკუნეზე მეტს ითვლის. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად მას ეთნიკური სახე არ ჰქონია, სოციალურ-პოლიტიკურ ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტი იყო. დროის გასვლასთან ერთად, მან შეითვისა ეთნიკური განზომილებაც, რამაც კონფლიქტი სრულად შთანთქა. საბჭოთა კავშირი, მართალია, გაცხადებულად სოციალურ-კლასობრივი იდეოლოგიის გამტარი სახელმწიფო იყო, მაგრამ პრაქტიკაში, „ნაციონალური“ ხაზი გაცილებით ძლიერი და ყოვლისმომცველი იყო, ვიდრე კლასობრივი. საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა განსაზღვრავდა არა მხოლოდ ტერიტორიებსა და რესპუბლიკებს, არამედ კლასებსაც.

იმპერია იყოფოდა განვითარებულ და განუვითარებელ ერებად, რომლებსაც შესაბამისი წვდომა ჰქონდათ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პრივილეგიებთან. საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტიტულურ ერად აფხაზები იყვნენ მიჩნეული. აქედან გამომდინარე, აფხაზები ხელოვნურად წინაურდებოდნენ პარტიულ თუ სხვა ბიუროკრატიულ პოზიციებზე. უკვე მოგვიანებით, როცა კონფლიქტმა დაუფარავი სახე მიიღო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მეტად უცნაური სიტუაცია შეიქმნა. ფაქტობრივად, მთავრობაში (ისევე როგორც დაბალ ბიუროკრატიულ პოზიციებზე) გაჩნდა ორი ეროვნული „კლანი“, რომელსაც სახელმწიფოს მოწყობის ორი სხვადასხვა ხედვა, მიზანი და მისი მიღწევის გზები ჰქონდა არჩეული.

მიუხედავად ამისა, აფხაზები, ეკონომიკური და სოციალური განვითარებით, ჩამორჩებოდნენ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა იყო.

1979 წლისთვის, აფხაზეთში მხოლოდ 3 სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუტი იყო: აფხაზეთის, დიმიტრი გულიას სახელობის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი; სოხუმის, მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობების ინსტიტუტი. პირველი, კვლევითი ინსტიტუტი იყო და არ ჰქონდა სასწავლო განყოფილება. პედაგოგიური სასწავლო გახლდათ, მაგრამ მკვეთრად შეზღუდული სიმძლავრეებით, ხოლო სუბტროპიკული მეურნეობების ინსტიტუტი ტექნიკური მიმართულების იყო, თანაც, რატომღაც, მასში ძირითადად ქართველები სწავლობდნენ (მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა რუსული სექტორიც).

1979 წლის მონაცემებით, აფხაზების მხოლოდ 1.4%-მა იცოდა ქართული ენა, მაშინ როცა რესპუბლიკაში, ჰუმანიტარული პროგრამების უდიდესი ნაწილი ქართულად ისწავლებოდა. 1960-იან წლებში, აფხაზი სტუდენტების დაახლოებით 1/3 რესპუბლიკის მიღმა იღებდა განათლებას, ქართველი სტუდენტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8% იყო. 1960-იან წლებში, წლიდან-წლამდე იზრდებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩარიცხული აფხაზი სტუდენტების რაოდენობა (პიკს მიაღწია 1967-68 წლებში – 2500 სტუდენტი), 1970-იან წლებში კი კლება დაიწყო. კიდევ უფრო დაბალი იყო უნივერსიტეტის მეორე საფეხურზე (დღევანდელი ენით, მაგისტრატურა) სწავლების პროცენტულობა და ის მხოლოდ 34%-ს შეადგენდა.

ამ ყველაფერიდან გამომდინარე, 1979 წელს, მხოლოდ 259 აფხაზი მეცნიერი და მკვლევარი იყო. განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ნაწილობრივ აისახებოდა აფხაზი საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურაზეც – მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, სოფლის მეურნეობაში ჩართულობით, აფხაზები ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებდნენ.

1977-78 წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის შექმნისა და მიღების პარალელურად, აფხაზური ინტელიგენციისა და პარტიულ მუშაკთა ნაწილმა, 1977 წლის 17 დეკემბერს, მოსკოვში წერილი გაგზავნა. თორმეტგვერდიანი წერილი სავსეა საქართველოსადმი სხვადასხვა ისტორიული ბრალდებით. ეს ბრალდებები შეეხება: „1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ, აფხაზეთის საბჭოების იძულებით დამხობას; ტერიტორიული სტატუსის დაქვეითებას; „ბერიავშჩინას“ – ანუ აფხაზეთში პროქართული საკადრო პოლიტიკის ძალადობრივად გატარებას; აფხაზური სკოლების დახურვას; აფხაზური ენის სტატუსის დაქვეითებასა და მის ქართულ ანბანზე გადაყვანას; ქართულ დემოგრაფიულ „ექსპანსიას“; ქართული ისტორიოგრაფიის მიერ აფხაზეთის ქართულ პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეში წარმოდგენას. გარდა ისტორიული ბრალდებებისა, ყურადღება გამახვილებულია სოციალურ ასპექტზეც – დიდი ადგილი ეთმობა სხვადასხვა გზით, აფხაზების ჩაგვრის საკითხს, ისევ და ისევ ქართველების მხრიდან. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, ისინი მოსკოვისგან ითხოვდნენ აფხაზური ტელე-რადიო მაუწყებლობის, ბეჭდური ორგანოსა  და უნივერსიტეტის გახსნას, და, უმნიშვნელოვანესად, აფხაზეთის რუსეთთან შეერთებას.

საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ რადიკალურ ზომებს მიმართა – წერილზე ხელისმომწერთა ნაწილი მოხსნა დაკავებული თანამდებობიდან და პარტიიდანაც კი გარიცხა. 1978 წლის მაისში, აფხაზეთში მიმდინარე კრიზისის გამო, სოხუმს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი საკადრო და ორგანიზაციული მუშაობის საკითხებში, ივან კაპიტანოვი ესტუმრა. მან გაიზიარა აფხაზების წუხილები, დააკმაყოფილა რიგი მოთხოვნები (მათ შორის, უნივერსიტეტის შესახებ), თანამდებობებზე აღადგინა წერილზე ხელმომწერნი, თუმცა აფხაზეთისთვის სტატუსის შეცვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამას სოხუმსა და სხვა ქალაქებში, დაძაბულობა არ განუმუხტავს, მან თითქმის მთელი წელი გასტანა. აფხაზები მასობრივად და უკანონოდ ცვლიდნენ ქართულ ტოპონიმიკას, შეურაცხყოფდნენ სხვადასხვა გამოჩენილი ქართველის ძეგლებს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებებსაც.

ქართულმა მოსახლეობამ, ინტელიგენციამ თუ დისიდენტებმა, საქართველოს კომუნისტური პარტიის უკანდახევა მარცხად აღიქვა. მით უმეტეს მაშინ, როცა პარტია როგორც ღია, ისე დახურულ შეხვედრებზე, თავს არიდებდა აფხაზეთის საკითხზე საუბარს. ამ მიზეზთა ერთობლიობის საფუძველზე, სხვადასხვა სოციალურ თუ ინტელექტუალურ ჯგუფს გაუმყარდა არგუმენტი, რომ აფხაზებს მხარს უჭერდა და აქეზებდა მოსკოვი, ხოლო თბილისი ვერ იცავდა ქართულ ინტერესებს აფხაზეთში.

აფხაზების მსგავსად, დემოგრაფიული საკითხები აქტუალური იყო ქართულ მოსახლეობაშიც, განსაკუთრებით, დისიდენტურ წრეებში. მათთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ ჰქონდა დაკავებული ეთნიკურ უმცირესობას (აფხაზებს) არაპროპორციულად მეტი თანამდებობა აფხაზეთში, ეთნიკურ უმრავლესობასთან (ქართველები) შედარებით და ცენტრალური ხელისუფლება რატომ აკმაყოფილებდა მათ სხვადასხვა „არალეგიტიმურ“ მოთხოვნას.[18] დღის წესრიგში შემოდიოდა რუსიფიკაციის საკითხიც და ის, რომ აფხაზეთში რუსული ენა იყო დომინანტური. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1980-90-იან წლებში და მრავალი აზრისა თუ პოლემიკის საგნად იქცა. ინტელიგენციაში სულ უფრო პოპულარული ხდებოდა  ეთნოტერიტორიალიზმის ქართული იდეაც და ისტორიული ხედვაც, რომელშიც აფხაზეთი ექსკლუზიურად ქართულ მიწად იყო მიჩნეული, ხოლო აფხაზი – „ჩამოსახლებულ“ ჯგუფად – „სტუმრად“.

სწორედ მსგავსი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე, 1979 წელს შეიქმნა აფხაზეთის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დაფუძნებას მწვავე  პოლემიკა მოჰყვა ჯერ კიდევ მის გახსნამდე. დავობდნენ იმის შესახებ, თუ რა უნდა რქმეოდა უნივერსიტეტს – აფხაზები ითხოვდნენ მისთვის „აფხაზეთის“ სახელი მიენიჭებინათ, არგუმენტად კი იშველიებდნენ ჩრდილო კავკასიის პრაქტიკას, სადაც ყველგან ავტონომიური რესპუბლიკის სახელია გამოყენებული. ქართველები კი მისთვის სიტყვა „სოხუმის“ მინიჭებას მოითხოვდნენ და მიანიშნებდნენ, რომ აფხაზებს დაწესებულების დასახელებაში სიტყვა „აფხაზეთის“ გამოყენებით საქართველოსგან სიმბოლური დისტანცირება სურდათ.

აფხაზეთის უნივერსიტეტი სამ ენობრივ სექტორად დაიყო – რუსული (40%), ქართული (30%) და აფხაზური (30%). ქართულ და აფხაზურ ენებზე, სხვა ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები ვერ საუბრობდნენ, ამიტომ, ამ ორს ეთნიკური განზომილება ჰქონდა, რუსულ სექტორზე მოხვედრა კი შეეძლო ყველას, რადგან აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა  რუსულ ენაზე საუბრობდა. გარდა ამისა, თბილისის ხელშეწყობით, რუსეთში არსებულ უნივერსიტეტებს, აფხაზი სტუდენტები უგამოცდოდ უნდა მიეღოთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი გამოიყო 500 ადგილიანი კვოტა აფხაზეთისთვის (რამდენად გულისხმობდა ეს მხოლოდ ეთნიკურად აფხაზს, უცნობია).

აფხაზეთის უნივერსიტეტი, გათვლილი იყო არა მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებთათვის, არამედ დასავლეთ საქართველოსთვისაც. მეტიც, მასში აბარებდნენ ისინიც, ვინც თბილისში ვერ ეწყობოდნენ. არა მხოლოდ შედარებით დაბალი კონკურენციის გამო, არამედ იმის გამოც, რომ იქ ფულის სანაცვლოდ „მოწყობაც“ მარტივი იყო. საზოგადოდ ცნობილი იყო აფხაზეთის უნივერსიტეტში გამეფებული კორუფცია, განსაკუთრებით დიდ შემოსავალს ტოვებდა რუსული და ქართული სექტორები. მხოლოდ იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვედრა 10.000-15.000 რუბლამდე ჯდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეცადინეობები სამივე ჯგუფისთვის ერთ შენობაში მიმდინარეობდა, ხშირად აკადემიური პერსონალიც კი იგივე იყო, მათ შორის, აფხაზურ სექტორში, სადაც წესით და რიგით სწავლება აფხაზურ ენაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ პრაქტიკაში რუსულად მიმდინარეობდა.

შეიძლება ითქვას, რომ 1980-იან წლებში, აფხაზების და აფხაზეთში მცხოვრებთა წვდომა უმაღლეს განათლებაზე, წინა ათწლეულებთან შედარებით, გაცილებით გაიზარდა.

დუმილი და ბუნდოვანება

1989 წელი საქართველოსთვის მძიმე გამოდგა. ერთი მხრივ, 9 აპრილის ტრაგედიამ სრულად შეცვალა საზოგადოება და სახელმწიფო, მეორე მხრივ კი, წელი სავსე იყო ეთნიკური დაძაბულობებითა და ადამიანური ტრაგედიებით. 19 აპრილს, მაღალმთიან აჭარაში, სოფელ წაბლანაში, მეწყერი ჩამოწვა და 23 ადამიანი დაიღუპა. ამის პარალელურად, საქართველოს საზღვრებს მიღმა, ყარაბაღის კონფლიქტი აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც უშუალოდ აისახა ქვემო ქართლზე, სადაც სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შესაძლო ურთიერთდაპირისპირების რისკები კრიტიკულად იყო გაზრდილი. სამხრეთ ოსეთში ძალას იკრებდა „ადამონ ნიხასის“ სეპარატისტული მოძრაობა, აფხაზეთში კი ქართულ-აფხაზური დაპირისპირება სრულიად ახალ ფაზაზე ინაცვლებდა.

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა აპრილის დღეებიდან, მით უფრო ძლიერდებოდა ქართული ეროვნული მოძრაობა, რომელიც საკუთარი ნაციონალისტური ხედვებით, ლოზუნგებითა თუ განცხადებებით, კიდევ უფრო ძაბავდა სიტუაციას. საქართველოს კომუნისტურ პარტიას არ გააჩნდა სათანადო ხედვა აფხაზეთში სიტუაციის დარეგულირებისთვის, მისი ერთადერთი სტრატეგია პრობლემის მიჩქმალვა უფრო იყო. თავის მხრივ, სამთავრობო პრესაში, პირველად, საჯაროდ გაკრიტიკდა ხელისუფლების გაუგებარი დუმილი: „საკითხავია, ვის ვუხვევთ თვალს?

ეს ამბები 2 აპრილს დაიწყო. ათი დღე ისე გავიდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, არავითარი რეაგირება. სტუდენტთა სრულ იგნორირებას მოჰყვა ის, რომ მათ შეუერთდნენ პროფესორ-მასწავლებლები. ამის შემდეგ, მართალია, დაიწყო დიალოგი, მაგრამ მას არაკეთილსინდისიერი, ზოგჯერ კი დამამცირებელი ფორმა ჰქონდა“ – წერს შოთა ლაშხია, აფხაზეთის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგე, პროფესორი.

მსგავსი მოსაზრება გამოითქვა 1989 წლის 14 აპრილს, აფხაზეთის საოლქო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე: „სამწუხაროდ, პარტიული ორგანიზაციები ჩვენში ვეღარ ეწევიან საზოგადოებრივი პროცესების დინამიკას და ამის შედეგად – შეიძლება პირდაპირ ითქვას – დაკარგეს მდგომარეობის კონტროლი, წააწყდნენ სრულად უმართავ, ის კი არა, ძნელად გასათვალისწინებელ სიტუაციას. ეს გახდა ფაქტორი, რომელმაც განაპირობა თბილისში მომხდარი ტრაგედია“.

სტუდენტების პროტესტი (უერთდებოდნენ პროფესორ-მასწავლებლებიცა და სკოლის მოსწავლეებიც), რომელიც 3 აპრილს სოხუმის საკათედრო ტაძართან დაიწყო, არ წყდებოდა. აქციები სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა – მოთხოვნა კი ძალიან მარტივი იყო: გაეხმო უკან საკუთარი ხელმოწერა რექტორ გვარამიას. სახელმწიფო საერთოდ დუმდა ამ საკითხზე, ისევე როგორც ყველა იმ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რომელიც აფხაზეთში ეთნიკურ დაძაბულობაზე მიანიშნებდა. მაგალითად, სრულად მიიჩქმალა ფაქტი, რომელიც 1 აპრილს დაბა ლესელიძეში მოხდა – საპროტესტო აქციიდან მომავალი ქართველებით სავსე ავტობუსს თავს დაესხნენ. პრესაში საუბარია 14 დაშავებულზე, მაგრამ დოკუმენტებში დასტურდება 21 ადამიანის დაშავება, მათგან 7-ს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, თანაც, თავს დაესხნენ ორ სხვადასხვა ავტობუსს, არა ერთხელ, არამედ ორჯერ. დამალვის მიუხედავად, ინფორმაცია მთელ საქართველოს მოედო, მეორე დღესვე სოხუმში მასშტაბური აქციაც დაანონსდა.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიული ორგანოები აქტიურად განიხილავდნენ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, ოფიციალური პირები ხვდებოდნენ გაფიცულებს, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია საჯაროდ მაინც არ მიეწოდებოდა. ადგილობრივი პრესა ორგანოების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მუშაობდა, ამავე დროს, ოპერატიული მუშაობების შედეგად, დგინდებოდა ყველა აქტიური სტუდენტისა თუ აკადემიური პერსონალის ვინაობა.

არავინ საუბრობდა გაფიცვის მიზეზებსა და მოტივებზე, რომ აღარაფერი ითქვას თავად პროცესსა და მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე. 25 აპრილს, გაფიცვას, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. თუ სამთავრობო პრესას დავუჯერებთ, მათი მოთხოვნა პირველ აპრილს მომხდარი ფაქტის დამნაშავეთა დასჯა იყო. თბილისიდან მივლენილი პირები (მათ შორის, განათლების მინისტრი გურამ ენუქიძე) სტუდენტებს მოუწოდებდნენ შეეწყვიტათ გაფიცვა და დაბრუნებულიყვნენ აუდიტორიებში, მაგრამ მათ ხმას არავინ ისმენდა. თავის მხრივ, არც აფხაზები მიდიოდნენ კომპრომისზე – სიტუაცია ჩიხში შევიდა.

ქალაქში, ისევე როგორც მთელ რესპუბლიკაში, ვრცელდებოდა ათასგვარი ჭორი თუ პროვოკაცია, მათ შორის, ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოხუმში, რუსულ ენაზე, მკვეთრად შოვინისტური შინაარსის შემცველ პროკლამაციებს, რომელიც იმდენად მძიმე შინაარსის იყო, რომ აფხაზეთში მოქმედმა ყველა ფორმალურმა თუ არაფორმალურმა ჯგუფმა დაგმო და გაემიჯნა მას.

მაისის პირველ ნახევარში, პროტესტი კიდევ უფრო გაიშალა. გაფიცულებმა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თეატრში დასაქმებულმა ადამიანებმა, ამავე დროს, საქმეში ჩაერთო არაფორმალური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ და შეიქმნა აქციების საორგანიზაციო შტაბი. გაფიცულები ამ ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს და საბოლოოდ ის აფხაზეთის ქართულ მოსახლეობასაც მოედო. რამდენიმე დღით, სოხუმში გაიფიცა თამბაქოს ქარხანა; „სოხუმ ხელსაწყო“; საკონდიტრო ფაბრიკა და სხვა საწარმოები. მდგომარეობა კრიტიკული იყო – ერთი მხრივ, ირღვეოდა რესპუბლიკის ყოველდღიური წესრიგი, მეორე მხრივ კი, დემონსტრანტების პროტესტმა, აშკარად ეროვნული ხასიათი მიიღო. ეს კი კიდევ უფრო ართულებდა თბილისისთვის სიტუაციას და ძაბავდა ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ატმოსფეროს, და ბოლოს – სასწავლო წელი ჩაშლის პირას დადგა.

1989 წლის 14 მაისს, სოხუმიდან თბილისში, შტაბის მიერ, 40-მდე დემონსტრანტი გაიგზავნა და საქართველოს რესპუბლიკის ახალ ცეკას მდივანს, გივი გუმბარიძეს შეხვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მან დააკმაყოფილა გაფიცულთა მოთხოვნები და 14 მაისის №343 ბრძანებულებით, აფხაზეთის უნივერსიტეტს გამოეყო ქართული სექტორი, რომელიც, თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალად გადაიქცა.

აფხაზები გამოკვეთილად ეწინააღმდეგებოდნენ უნივერსიტეტის გაყოფის იდეას, და საკუთარ პოზიციებს „საბჭოთა ინტერნაციონალიზმის“ ლოგიკით ხსნიდნენ, თუმცაღა ეს ძნელად თუ შეიძლება ჩაითვალოს რეალობად. მეორე მხრივ, როგორც ზურაბ პაპასკირი საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, გაყოფის იდეას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა – მათ შორის იყო აკაკი ბაქრაძეც, რომელიც, მისი თქმით, სტუდენტებს მოუწოდებდა, რომ ბრძოლა უნივერსიტეტის შიგნით გაეგრძელებინათ და ასე ებრძოლათ აფხაზეთის უნივერსიტეტისთვის.1989 წლის 2 აპრილს დაწყებული საპროტესტო მოძრაობა აფხაზეთში, 14 მაისს აფხაზეთის უნივერსიტეტის გაყოფით დასრულდა. მოვლენებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია ხედვა, თუ როგორ უნდა დაერეგულირებინა ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებული დაპირისპირება. მათი რეაქცია შეუსაბამო იყო იმ საფრთხეებთან, რაც გაფიცვას თან სდევდა.

ბეჭდურ მედიაში მოვლენების მიჩქმალვამ, კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და შექმნა გაურკვევლობის ატმოსფერო, რამაც წაახალისა სხვადასხვა ჭორის გავრცელება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გაუცხოვდა საზოგადოებისგან.

ქართველი დემონსტრანტები უკან არ იხევდნენ, მათი მიზანი მარტივი იყო – დასჯილიყვნენ ქართველოფობიურ წერილზე ხელმომწერნი. პარალელურად, კომპრომისზე არც აფხაზური მხარე მიდიოდა. შედეგად, აფხაზეთის უნივერსიტეტი გაიყო (მოგვიანებით გაიყო თეატრიც, საფეხბურთო კლუბიც და სხვა ორგანიზაციები თუ გაერთიანებები), მაგრამ მას არ მოჰყოლია სიტუაციის დეესკალაცია, პირიქით, ის კიდევ უფრო გამწვავდა, რამაც ყველაფერი 1989 წლის ივლისის სისხლიან დაპირისპირებამდე მიიყვანა.

ცვლილებები იმპერიის ცენტრსა და პერიფერიაში

1989 წელს საბჭოთა კავშირში, პერესტროიკის დაწყებიდან უკვე მესამე წელი იყო დაწყებული. დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში, მოსკოვისთვის, არაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით: ეკონომიკა ეცემოდა, პროდუქტების დეფიციტი უფრო და უფრო იზრდებოდა; მწვავდებოდა ეთნოკონფლიქტები; სსრკ თმობდა გეოპოლიტიკურ პოზიციებს; ბიუროკრატიული სისტემა რღვევას განიცდიდა. თავის მხრივ, კონფლიქტი მწიფდებოდა მოსკოვშიც და უკვე იკვეთებოდა ორი პოლიტიკური ცენტრი: რადიკალი კომუნისტები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ იმპერიის ამგვარ დასუსტებას, და მიხეილ გორბაჩოვი საკუთარი გუნდითა და „გარდაქმნის“ იდეით.

გორბაჩოვმა უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რეფორმირება დაიწყო. მისი მიზანი, კომუნისტური პარტიისთვის, ერთპარტიული, პოლიტიკური გავლენის შემცირება იყო. ამას, ერთი მხრივ, უფრო დემოკრატიული უნდა გაეხადა ქვეყანა, თანაც, მეორე მხრივ, ეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიც გახლდათ, რადგან ამ გზით ის ჩამოიშორებდა ე.წ. რადიკალებს, კომუნისტური პარტიის ელიტას, რომელიც ვერ ეგუებოდა საბჭოეთის ასეთ დასუსტებას და სულ უფრო და უფრო უკმაყოფილო იყო მიხეილ გორბაჩოვის მმართველობით.

ეს იყო მოუხერხებელი ორდონიანი სტრუქტურა, რომელიც შედგებოდა სახალხო დეპუტატთა კონგრესისგან — ერთგვარი მუდმივი საკონსტიტუციო კონვენტისგან და პატარა „სამუშაო პარლამენტისგან“, უზენაესი საბჭოსგან, რომელიც  კონგრესიდან შეირჩეოდა. მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კონგრესის თავმჯდომარის (გორბაჩოვი) მიერ ნომინირებული კანდიდატი საჭიროებდა ხმის მიცემის გზით დადასტურებას, რის შემდეგაც ის დეპუტატების წინაშე სხვა სამთავრობო პოსტებზე ნომინანტებს წარადგენდა. თავდაცვის სამინისტროსა და КГБ-ს ხელმძღვანელებს, იაზოვსა და კრიუჩკოვს, ასევე მოუწიათ გამოცხადება და კითხვებზე პასუხის გაცემა დადასტურების პროცესის ფარგლებში.

ახალ ორგანოში 2225 დეპუტატი შევიდოდა, რომლებიც აირჩეოდნენ ტერიტორიული, ეროვნულ-ტერიტორიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. 1989 წლის 11-24 მარტის განმავლობაში, მთელ საბჭოთა კავშირში არჩევნები ჩატარდა და ახალი პარლამენტი დაკომპლექტდა. საქართველოდან სხვადასხვა კანდიდატთან ერთად, გუდაუთის რაიონიდან არჩეულ იქნა ვლადისლავ არძინბაც, რომელიც მანამდე აფხაზეთის ასსრ ეროვნებათაშორისი და ინტერნაციონალური აღზრდის საკითხების საბჭოს თავჯდომარე იყო. სახალხო დეპუტატთა ყრილობის პირველი სხდომა 25 მაისს დაინიშნა.

სახალხო დეპუტატთა ყრილობა, არა მხოლოდ ფორმალური ორგანო ხდებოდა, არამედ რეალური პარლამენტის ფუნქციასაც ითავსებდა, რომელშიც დეპუტატები საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებდნენ. ფაქტობრივად, გამომსვლელებს, პირველად საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ეძლეოდათ საშუალება მიემართათ 286 მილიონიანი აუდიტორიისთვის. აფხაზებს, ცენტრში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები და მისგან გამომდინარე სამოქმედო სივრცე უტოვებდათ იმედს, რომ გადაიხედებოდა რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი, თანაც მაშინ, როცა არძინბა ინიშნებოდა (და დაინიშნა კიდეც) სსრ კავშირის უმაღლეს საბჭოში, ეროვნებათა საბჭოს წევრად.

აფხაზეთის უნივერსიტეტის გაყოფის შესახებ, გაზეთებში ინფორმაცია მეტად შეზღუდულად გაშუქდა. განსაკუთრებით კი დუმდა ქართული პრესა, უფრო სწორედ, ხელისუფლების მიერ მართული პრესა, რომლის წინაშეც ძალას იკრებდა ეთნოკონფლიქტი და რომელიც მათთვის უკონტროლო იყო.

15 მაისს უკვე აფხაზებმა გამართეს აქცია სოხუმში. როგორც გაზეთი „ბზიფი“ იუწყება, აქციაზე ხალხი ლენინისა და გორბაჩოვის სურათებით გამოვიდა და „ლენინის ნაციონალური პოლიტიკის – საერთო სახალხო მეგობრობისა და თანასწორობის პრინციპების მიყოლას“ ითხოვდა. საკუთარ არგუმენტაციას „ლენინურ“ პრინციპებსა და „პერესტროიკის“ იდეაზე აგებდნენ. მეტიც, უნივერსიტეტის გაყოფის წინააღმდეგ, ერთ-ერთ მიზეზად ასახელებდნენ მის ეკონომიკურ არარენტაბელურობას, რაც მათი თქმით, ეწინააღმდეგებოდა „ხოზრასჩიოტის“ პოლიტიკას. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზები, რიტორიკის დონეზე „პერესტროიკის“ პატრიოტებად რჩებოდნენ.

საქართველოს კომუნისტური პარტია ვერ უწყობდა ფეხს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობის თვალში, პარტია ვერ იცავდა აფხაზეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებებს, თავის მხრივ, დაცვის ფუნქცია აიღო ეროვნულმა მოძრაობამ, რომლის ნაციონალისტური დისკურსი ცეცხლზე ნავთის დასხმას უფრო ჰგავდა. აფხაზებს ავტონომიურ რესპუბლიკაში საკუთარი პოლიტიკური პოზიციების დათმობის ეშინოდათ – კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ქართულ მოსახლეობაში (ისევე როგორც ეროვნულ მოძრაობაში) თუნდაც ეთნიკური ნიშნით კანდიდატების შერჩევა (უფრო სწორედ მისი არაპროპორციულობა) უმცირესობის მიერ, უმრავლესობის დისკრიმინაციად აღიქმებოდა. ამ საკითხზე, ღიად და საჯაროდ პირველად 31 მაისს გაზეთ „სახალხო განათლებაში“ დაიწერა და მას აფხაზეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მეორე მხრივ, აშკარაა, რომ პარტია ვერ მართავდა სიტუაციას და არ ჰქონდა სიტუაციის დეესკალაციის ხედვა. განსაკუთრებით საინტერესოა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის გაზეთების შედარება, რომელიც სამ ენაზე გამოდიოდა: ქართულად – „საბჭოთა აფხაზეთი“; რუსულად – „Советская Абхазия“; აფხაზურად – „Апсны Капш“. მაისის მეორე ნახევრიდან, რუსულ ვერსიაში, ჩნდება და ხშირდება აფხაზური ნაციონალისტური რიტორიკა, მაშინ როცა ქართულენოვანი გაზეთი დუმდა და უფრთხოდა ნაციონალური საკითხების რაიმე ფორმით (გარდა ოფიციალური ორგანოების განცხადებებისა) ხსენებას.

1989 წლის მაისში, საქართველოს ეროვნული მოძრაობის უკიდურესად გაძლიერების პარალელურად, საქართველოს კომუნისტური პარტიაც კი,  ელექტორატის შესანარჩუნებლად, იძულებული გახდა ეროვნული დისკურსი შეეთვისებინა. თუკი აფხაზებს მოსკოვში მიმდინარე პროცესებზე ჰქონდათ სწორება, თბილისი მისგან დისტანცირებას იწყებდა. გადაწყდა, რომ ხელისუფლების ნებართვით, მთელ საქართველოში აღნიშნულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი.

პრესაში თითქმის ცენზურის გარეშე იწერებოდა ანტისაბჭოთა შინაარსის სტატიები, მათ შორის, სამინისტროთა ბეჭდური ორგანოების მიერაც კი. გააქტიურდა ყველა ის თემა, რაზეც ადრე საუბარი აკრძალული იყო. ამ თემებს შორის იყო 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა და იმ მითების გაფანტვა, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი საქართველოს პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ, ისტორიის გადასაწერად აწარმოებდა.

15 მაისს, სოხუმში გამართულ აფხაზურ მიტინგზე, აფხაზეთში 26 მაისის აღნიშვნის საკითხი დაისვა, რაზეც, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა ვლადიმერ ხიშბამ, ხალხს განუმარტა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არ იგეგმებოდა. თბილისში, 26 მაისი აღიქმებოდა წართმეული დამოუკიდებლობის დღის გახსენებად, რომელიც ქართველ ხალხს უნდა დაებრუნებინა. აფხაზეთში მან შეითავსა ანტიაფხაზური დისკურსიც – ქართველების ეროვნული ზეიმი, ერთობისა და ძალის დემონსტრირებისა სეპარატისტების წინააღმდეგ. აფხაზები, როგორც საჯაროდ, ისე ოფიციალურ შეხვედრებზე, ითხოვდნენ, რომ ღონისძიებები არ ჩატარებულიყო აფხაზეთში, ამბობდნენ – „უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული ისტორიული მდგომარეობაც, საბჭოთა ხელისუფლების დამყარება აფხაზეთში 1918 წელს, დაბადება და დროებითი მარცხი აფხაზეთის კომუნისა, საბჭოთა ხელისუფლებისა გუდაუთაში, გაგრასა და სამურზაყანოში“.

აფხაზური ისტორიოგრაფია, მაშინაც და დღესაც, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს ოკუპაციის წლებად მიიჩნევდა, აქედან გამომდინარე, მათთვის 26 მაისს არ ჰქონდა ის ღირებულება, რაც ქართველებისთვის, შინდისფერი დროშა კი „ნეგატიურად“ აღიქმებოდა, მითუმეტეს, ისედაც დაძაბულ კონტექსტში, როგორიც 1989 წლის მაისში იყო.

აფხაზების წინააღმდეგობისა და ვლადიმერ ხიშბას განცხადების მიუხედავად, 1989 წლის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, აფხაზეთში მაინც აღინიშნა. აღინიშნა შინდისფერი დროშებით, მსვლელობებით და სხვადასხვა ანტისაბჭოთა თუ ეროვნულ-ნაციონალისტური ლოზუნგით. მაგრამ იმ დღეებში, საბჭოთა მოქალაქეების მზერა, ტელევიზორებისკენ იყო მიმართული, სადაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სახალხო დეპუტატთა პირველი ყრილობა. პირველად, მომხსენებლებს არ ჰყავდათ ცენზორი და საუბრობდნენ იმას, რაც სურდათ.

ქართველი წარმომადგენლების გამოსვლა 29 მაისს დაიწყო. პროფესორმა თამაზ გამყრელიძემ, საკუთარ მოკლე სიტყვაში 1918 წელს მოპოვებული საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი ძალისმიერი დაკარგვა გაიხსენა. საკუთარ გამოსვლაში, საბჭოთა ხელისუფლება, მან, ფაქტობრივად, ოკუპანტად გამოაცხადა: „სსრკ-ს სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების რადიკალური რესტრუქტურიზაცია დამოკიდებულია ქვეყნის მთლიან პოლიტიკურ სტრუქტურაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე. საქართველოს სსრ-სთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, ჩნდება შემდეგი ფუნდამენტური საკითხები, კერძოდ, 1921 წლის თებერვალში დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის ანექსიის დაგმობა – როგორც მაისის ხელშეკრულების უხეში დარღვევისა.

1920 წლის 7 მაისს, ვლადიმერ ლენინის მიერ დამტკიცებული, დადებული შეთანხმებისა თანაბარ სუვერენულ სახელმწიფოებს შორის: დემოკრატიულ საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის. ამ შეთანხმების ფუნდამენტური პრინციპების იურიდიულად მოქმედი და თანამედროვე პირობებში აღიარება, როგორც საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის რეალური და სრული სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გარანტისა“.

30 მაისს, ის კვლავ გამოვიდა სიტყვით, ამჯერად, მთელი სესია 9 აპრილს მიეძღვნა. ყრილობის დღეებში, სიტყვით ასევე გამოვიდნენ ჯუმბერ პატიაშვილი, გივი გუმბარიძე, შალვა ამონაშვილი და სხვები. თუმცაღა ამათგან არცერთი, სიღრმისეულად არ შეხებია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს.

1 ივნისს, სიტყვით წარსდგა ვლადისლავ არძინბაც. აქამდე, აფხაზებს საკუთარი მოთხოვნების წამოსაყენებლად, წერილების წერა უწევდათ მოსკოვში – ახალ რეალობაში, კი მათ ეძლეოდათ ტრიბუნა, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირს (და არა მარტო) ფარავდა. არძინბამ, ფაქტობრივად გაიმეორა ის, რაც ლიხნის მიმართვაში ეწერა. ისტორიული და პოლიტიკური ბრალდებები საქართველოსადმი, რომელიც საბოლოოდ მთავარ მოთხოვნასთან მიდიოდა – აღდგენილიყო აფხაზეთის მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი: „ყოველივე ეს, ერთად აღებული, გახდა მიზეზი, 1989 წლის 18 მარტს სოფელ ლიხნში, ისტორიულ მოედანზე, სადაც ძველთაგანვე წყდებოდა ხალხის ბედისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, მოეწყოთ სანქცირებული მიტინგი […] მიმართვას ხელი მოაწერა 32 ათასამდე კაცმა, მათ შორის, მთელი რიგი უმაღლესი პარტიული და საბჭოთა ორგანოების ხელმძღვანელებმა, აფხაზური ეროვნების ყველა დეპუტატმა. მიმართვას ასევე მოაწერა ხელი 5 ათასზე მეტმა რუსმა, სომეხმა, ბერძენმა, ქართველმა და სხვა ხალხების წარმომადგენელმა […] გამოთქმულია თხოვნა აღდგეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი, რომელიც ჰქონდა აფხაზეთს 1921 წელს, ვ.ი. ლენინის სიცოცხლეში“.

საბჭოთა კავშირში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები, უშუალოდ აისახებოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე. აფხაზები საკუთარ მომავალს ხედავდნენ საბჭოთა კავშირის შიგნით, რომელიც ეთნიკური ნიშნით ჰპირდებოდა პრივილეგიებს, აქედან გამომდინარე, მათი პოლიტიკური რიტორიკა მოსკოვისას ემთხვეოდა და ცენტრისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობდა.

ქართული საზოგადოება კი  დამოუკიდებლობის სურვილით იყო მოტივირებული, განსაკუთრებით, 9 აპრილის მოვლენების შემდეგ. სსრ აფხაზეთის ქართული დეპუტაცია რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ანგარიში უნდა გაეწიათ თბილისიდან მომდინარე „ეროვნული გამოღვიძებისთვის“, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა დარჩენილიყვნენ საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ლოგიკაში, რადგან ის ჯერ კიდევ არსებოდა, მუშაობდა და რეგიონზე დიდ გავლენას ახდენდა. აფხაზები ღიად რჩებოდნენ პერესტროიკის მხარდამჭერებად და იყენებდნენ მის მიერ შექმნილ ახალ შესაძლებლობებს. ასეთ წინააღმდეგობრივ ვითარებაში, აფხაზეთში, ქართული პოლიტიკური ელიტა ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა და ვერ ახერხებდა მიმდინარე პროცესებზე ადეკვატურ რეაგირებას, რომელიც, როგორც მინიმუმ, განმუხტავდა სიტუაციას.

სახალხო დეპუტატების პირველი ყრილობა, ლოგიკური და ღია დადასტურებაა იმისა, თუ რისკენ ისწრაფოდა საქართველოში არსებული ორი პოლიტიკური ცენტრი, თბილისი და გუდაუთა. ორივემ, ირიბად თუ პირდაპირ, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გააჟღერა ტერიტორიული სტატუსის ცვლილების სურვილი. მართალია, ქართველი დეპუტატების გამოსვლის მთავარი მიზანი 9 აპრილის გარშემო არსებულ საკითხებს ეხებოდა, მაგრამ ეს საკითხი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მიღმა არ უნდა განვიხილოთ.

დასკვნის მაგიერ

1989 წლის 14 მაისს, საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს ნებართვით აფხაზეთის უნივერსიტეტი ორად გაიყო. შემდგომ, საბჭოთა კავშირის სახალხო განათლების სამინისტრომ, არამიზანშეწონილად მიიჩნია ეს გადაწყვეტილება, თან თბილისს შეახსენა, რომ უმაღლეს სასწავლებლებზე გადაწვეტილებებს ცენტრი იღებდა. მოსკოვის  ეს პოზიცია არავის გაუთვალისწინებია.

აფხაზეთის უნივერსიტეტის გაყოფა სტრუქტურულად და ბიუროკრატიულად მარტივი არ აღმოჩნდა. როგორც ზემოთაც აღინიშნა, აქამდე აკადემიური პერსონალი ორივე (სამივე) სექტორზე იყო დასაქმებული. გაყოფის შემდეგ კი, ბევრი თავისუფალი საათი დარჩა, რომელიც მასწავლებელს ითხოვდა. ქართულ სექტორში, ეს განსაკუთრებით ეხებოდა ტექნიკურ და უცხო ენების საგნებს.

მიუხედავად ამისა, ფორმალურად, თსუ-ს სოხუმის ფილიალში 17 კათედრა დაარსდა. აფხაზეთის უნივერსიტეტიდან, 1989 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 2057 სტუდენტი გადავიდა, აქედან ნახევარი სტიპენდიანტი იყო, ხოლო 1989-90 სემესტრისთვის 315 სტუდენტის მიღება გადაწყვიტეს.

უნივერსიტეტი პოლიტიკური მოტივით გაიყო, რომელშიც სიღრმისეულად არც კი განხილულა ის შედეგები, რაც აფხაზეთში განათლების სისტემას მიადგებოდა. თავის მხრივ, უნივერსიტეტი არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ უმაღლესი განათლების სივრცედ. საბჭოთა ნაციონალურ პოლიტიკაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ეროვნული კულტურებისა და ინტელიგენციის შექმნასა და გაძლიერებას, რაც ვერ მოხდებოდა უმაღლესი დაწესებულებების გარეშე, სადაც უნდა „წარმოებულიყვნენ“ ახალი მეცნიერები. 

ქართულ-აფხაზურ კონტექსტში, აფხაზებს საკუთარი თვითმყოფადობის გასაძლიერებლად, აუცილებლად სჭირდებოდათ ადგილობრივი უნივერსიტეტის დაარსება, რითაც აფხაზი ერი, სრულყოფილდებოდა. 1979 წელს აფხაზეთის უნივერსიტეტის (და არა მხოლოდ) გახსნამ, არათუ დააკმაყოფილა აფხაზთა მოთხოვნები, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში გაზარდა კიდეც. უნივერსიტეტმა და მასში წარმოებულმა ცოდნებმა, კიდევ უფრო გაამყარა აფხაზების თვითიდენტიფიკაცია, რამაც, თავის მხრივ, გააძლიერა ადგილობრივი ნაციონალიზმი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცალკე აღებული უნივერსიტეტი არ შეიძლება გამხდარიყო პრობლემა – სამაგიეროდ, საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა, რომელიც ერის პრიმორდიალურ გაგებას აწარმოებდა, ქმნიდა ისტორიის კონფლიქტურ გაგებას, რომელშიც ისტორია იარაღად იყო ქცეული. ფაქტობრივად, მთელი ათწლეულების განმავლობაში, აფხაზეთის უნივერსიტეტში, მუდმივი სამეცნიერო კამათი მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ ვის „ეკუთვნოდა“ აფხაზეთის მიწა (აქედან გამომდინარე, ვის უნდა ჰქონოდა პრივილეგიები) – ქართველს თუ აფხაზს. ფაქტობრივად, უნივერსიტეტი იქცა სივრცედ, რომელშიც ორი ეროვნული ისტორიოგრაფია ერთმანეთს უპირისპირდებოდა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 1980-იან წლებში, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობიდან, არცერთი არ დაწყებულა საზოგადოების მუშათა ფენიდან – პირიქით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მოძრაობები, უმაღლესი ჰუმანიტარული განათლების მქონე ადამიანების მიერ იმართებოდა. თავის მხრივ, პროტესტებში, დიდ როლ ასრულებდა უნივერსიტეტები, ასე იყო 1956 წელს, როცა, საქართველოში, სტალინის სახელის დასაცავად, სტუდენტობა გამოვიდა დემონსტრაციაზე, და ასე იყო 1978 წელს, ე.წ. ენის დაცვის დღეს.

1989 წელს, საქართველოს კომუნისტური პარტია მძიმე ვითარებაში იყო. მას არ ჰქონდა გამოცდილება ემართა რესპუბლიკაში დაწყებული ეთნოკონფლიქტები. თავდაპირველად, მისი ერთადერთი რეაქცია ფაქტების საზოგადოებისგან დამალვა იყო – ზუსტად ისე, როგორც ადრე, ნებისმიერ კრიზისულ დროს აკეთებდნენ ხოლმე. განსხვავებით, თუნდაც 1978 წლის პროტესტებისგან, როდესაც მასობრივი გავრცელების საინფორმაციო საშუალებების მხრიდან, საზოგადოებას თითქმის არ მიეწოდებოდა არანაირი ინფორმაცია, 1989 წელს კონტექსტი სრულიად შეცვლილი იყო. ამ პერიოდში, ქართული და აფხაზური ეროვნული მოძრაობები ძალას იკრებდნენ; პრესაში უკვე ჟონავდა ნაციონალისტური რიტორიკა, ხოლო სოციალური უკმაყოფილება მთელ რესპუბლიკას იყო მოდებული. 

9 აპრილის ტრაგედიამ, ქართული საზოგადოების სრული რადიკალიზება გამოიწვია, რამაც გააქრო კომპრომისის სივრცე. პარტია ვერ პასუხობდა ქართული საზოგადოების გაზრდილ მოთხოვნებს, მართალია, მათ ნელ-ნელა დაიწყეს ეროვნული რიტორიკის გათავისებაც, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეს თვითდესტრუქციას უფრო ჰგავდა – მეტიც, ისინი აფხაზების წინააღმდეგ, ადეკვატურ რეაგირებასაც კი ვერ ახერხებდნენ. საქართველოს კომუნისტურ პარტიას, ერთი მხრივ, ანგარიში უნდა გაეწია საზოგადოების ეროვნული მოთხოვნებისთვის, დაპირისპირებოდა მოსკოვს, აფხაზეთში კი, აფხაზური სეპარატისტული მოძრაობა შეეჩერებინა, ხოლო, მეორე მხრივ, ფეხი უნდა აეწყო ცენტრში (მოსკოვში) მიმდინარე ცვლილებებისთვის.

განსხვავებით ქართველი კომუნისტებისგან, აფხაზები გაცილებით უკეთეს სიტუაციაში იყვნენ – მათი ნაციონალისტური რიტორიკა, კარგად ერწყმოდა ცენტრში მიმდინარე ცვლილებებს. მოსკოვმა, მართალია, სსრკ-ს არსებობის პერიოდში, მაინც არ გადახედა რესპუბლიკის სტატუსს, თუმცა პროცესის მომავალმა განვითარებამ აჩვენა, თუ შემდგომში, ვისკენ გადაიხარა მათი სიმპათიები.

საბოლოო ჯამში, თბილისმა დააკმაყოფილა ქართველ სტუდენტთა მოთხოვნა და უნივერსიტეტი ეთნიკურ ნიადაგზე გაყო, რითაც საქართველოს კომპარტიამ კრიტიკული შეცდომა დაუშვა. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაამძიმა აფხაზეთში არსებული ვითარება. ამჯერად, აფხაზებმა დაიწყეს აქციები. 15-16 ივლისს ეს ყველაფერი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორდღიან შეტაკებებს, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე კი დაშავდა – ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, პირველი მსხვერპლის ათვლას შეუდგა.

აფხაზეთის ომის ქრონიკა

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.