როგორ იყენებს “ქართული ოცნება” ტერიტორიული მთლიანობის თემას წინასაარჩევნოდ

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბანერები. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მისი მთავარი პრიორიტეტია. “ქართული ოცნება” ამომრჩეველს ჰპირდება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ყოფილი ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას 2008 წლის აგვისტოს ომის გამო

ხელისუფლებაში ყოფნის 12-წლიან ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ ამ თემის გამოყენება დაიწყო.

რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში? შეიძლება თუ არა რუსეთთან დაახლოება საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნებაში დაეხმაროს?

“ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირება

„ჩვენი ერთ-ერთი, უმთავრესი ამოცანა, ეროვნული ამოცანა, გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა. ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად, ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობის განხორციელება გახდება აუცილებელი“, – ეს სიტყვები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის უმდიდრეს ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ის 12 წელია არაფორმალურად მართავს საქართველოს.

14 სექტემბერს, ოკუპირებულ ცხინვალთა ახლოს, ქალაქ გორში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ივანიშვილმა ქართულ მხარეს აგვისტოს ომის წამქეზებელი უწოდა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა:

“26 ოქტომბრის დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან,  როდესაც ომის ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”, – თქვა  ბიძინა ივანიშვილმა.

იმ ფონზე, რომ ბოლო წლებში საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა რუსეთს, ბევრმა ასეთი განცხადებები მიიღო სიგნალად, რომ მოსკოვი მზად არის დაეხმაროს თბილისს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობების გაუმჯებესებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს იმართება. ეს არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კურსს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პრორუსულ “ქართულ ოცნებასა” და პროდასავლურ ოპოზიციას შორის უწევს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა. მას ამომრჩეველთა მხოლოდ 32% უჭერს მხარს. პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად „ქართულ ოცნებას“ ხმების 60%-ზე მეტი სჭირდება.
ექსპერტების შეფასებით, ეს არჩევნები გადაწყვეტს არა მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას, არამედ მის საერთაშორისო ურთიერთობებს. თუ “ქართული ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება. ასეთი გზავნილები უკვე ღიად ისმის. თბილისსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკვე ისეც შესამჩნევად გაცივდა, საქართველოს ხელისუფლების მოსკოვთან დაახლოებისკენ მიმართული ქმედებების გამო.

რატომ გაჩნდა წინასაარჩევნო დაპირებებში ტერიტორიული მთლიანობის თემა?

მოვაჭრეები თამაშობენ ნარდს. თბილისი, მშრალი ხიდი, 2024წ. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა სოციოლოგიური კვლევით, ერთ-ერთია ქვეყნის მთავარ პრობლემებს შორის. მაგალითად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2023 წლის მარტის კვლევაში, გამოკითხულები დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას  ქვეყნის გამოწვევების პირველ სამეულში ასახელებდნენ. ამიტომ, ეს თემა ხშირად ხდება საარჩევნო, პოპულისტური დაპირებების საგანი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ თემას რამდენიმე მიზნით იყენებს. მათ შორის, სხვა აქტუალური საკითხებიდან – ეკონომიკური პრობლემები, მაღალი უმუშევრობა და მზარდი სიღარიბე, ყურადღების გადასატანად.

„თუ დავაკვირდებით საქართველოს უახლეს წარსულს, ყველა ხელისუფლება, როდესაც პოპულარობის ყველაზე დაბალ ნიშნულს უახლოვდება, ტერიტორიული მთლიანობის თემის შემოტანას ცდილობს წინასაარჩევნო პერიოდში. შესაბამისად, ეს არც ახალია და არც უცნობი“, – ამბობს ვანო აბრამაშვილი, რომელიც მრავალი წელია იკვლევს კონფლიქტებს.

გია ნოდია, პოლიტოლოგი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

პოლიტოლოგი გია ნოდიაც ფიქრობს, რომ რეალური ცვლილებები, რაც კონფლიქტის მოგვარების შანსებს გაზრდიდა, არ მომხდარა:

უბრალოდ, არჩევნებს სჭირდება ამ თემის განახლება”.

რუსეთთან დაახლოება და მისი გავლენა ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე

ეჭვები, “ქართული ოცნების” პრორუსულობაზე, მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გაჩნდა. ბოლო წლების მოვლენებმა და უკრაინის ომმა, ეს აშკარა გახადა. საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მეტიც, ოფიციალურმა თბილისმა გააკრიტიკა კიევი და პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი იმის გამო, რომ თითქოს უკრაინულმა მხარემ ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება. ღიად გამკაცრდა „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა დასავლელი ელჩებისა და ლიდერების მიმართ.

პრორუსული ნარატივი კიდევ უფრო გაღრმავდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისას და შემდეგ, უკვე წინასაარჩევნო კამპანიაში.

ამავე დროს, საქართველოს მთავრობის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და არაფორმალურ მმართველ ივანიშვილს, არც ერთხელ უხსენებიათ რუსეთი და პუტინი, როგორც ოკუპანტი, თავიანთ მრავალრიცხოვან საარჩევნო გამოსვლებში.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გაეროში გამოსვლისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას, კობახიძემ ამ თემაზე ისე ისაუბრა, რომ რუსეთი არ უხსენებია.

საქართველოს შიგნით ასეთი პოზიცია სერიოზულ აღშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით მათ შორის, ვინც ევროინტეგრაციის მომხრეა. გამოკითხვების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას.

ამიტომ, ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას უწევს მანევრირება პროდასავლურ იმიჯსა და მოსკოვთან დაახლოებისკენ მიმართულ რეალურ ქმედებებს შორის. მაგალითად, საარჩევნო ბანერები ევროკავშირის დროშებით გააფორმა.

იურისტი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

იურისტი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემაზე აქცენტით ხელისუფლება რუსეთთან დაახლოების გამართლებას ცდილობს.

მისი დაკვირვებით,  ეკონომიკური ფასი, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხშირად ამართლებს რუსეთთან დაახლოებას, საკმარისი აღარ არის:

ქართულ ოცნებას“  სჭირდება პოლიტიკური ბენეფიტების ჩვენებაც.  ის ცდილობს  ტერიტორიული მთლიანობის თემა გამოიყენოს როგორც არგუმენტი”.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებია. ეს ტერიტორიები, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად, რუსეთს აქვს ოკუპირებული.
ამ კონფლიქტების შედეგად 300 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი. მათი უმეტესობა დღემდე ვერ ახერხებს დაბრუნებას.
ოკუპირებულმა რეგიონებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მაგრამ, ამას მხოლოდ რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ოთხი ქვეყანა აღიარებს.
საერთაშორისო თანამეგობრობა აგრძელებს ამ ტერიტორიების საქართველოს ნაწილად აღიარებას, მაგრამ თბილისი მათ რეალურად ვერ აკონტროლებს.

როგორ რეაგირებს მოსკოვი?

მიუხედავად “ქართული ოცნების” მცდელობისა, წარმოაჩინოს, რომ თითქოს მოსკოვი დათმობებისთვის მზადაა, კრემლიდან სულ სხვა შინაარსის განცხადებები ისმის.

რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხაზგასმით ამბობე, რომ არ აპირებენ მხარი დაუჭირონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თბილისის კონტროლში დაბრუნებას.

„ამ მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა“, – თქვა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბრისას,

იგივე აქცენტები იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაში. ლავროვმა გაეროს ტრიბუნიდან მიანიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ელაპარაკოს აფხაზებს და ოსებს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, თუ თავად ეს ქვეყნები დაინტერესდებიან ამით. 

“საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს. მათ თქვეს, რომ “ჩვენ გვინდა შერიგება, ისტორიული”. რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ამ ქვეყნების გადასაწყვეტია: აფხაზეთისაც და სამხრეთ ოსეთისაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, მათ შორის გარკვეული კონტაქტები გარდაუვალია… მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვიქნებით დასახმარებლად”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 28 სექტემბერს, გაეროში, ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

რეაქცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

საჯარო გამოხმაურებები აფხაზეთსა და ცხინვალიდან უფრო ბოდიშის თემაზე  იყო. 

ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შერიგებისკენ ნებისმიერი ნაბიჯი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მათ დამოუკიდებლობას აღიარებს. თუმცა, ხაზი გაუსვეს, რომ მათი პოლიტიკური სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება.

ივანიშვილმა ბოდიშის თემა 14 სექტემბერს გააჟღერა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ წარმომადგენელმა იური ვაზაგოვმა მეორე დღესვე განაცხადა, რომ ისინი ელიან არამხოლოდ სიტყვიერ განცხადებებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, სადაც მთავარ საკითხად კვლავ უსაფრთხოების გარანტიებზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების მიღწევა რჩება“.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება უშუალოდ აფხაზეთის რესპუბლიკას არ ეხება, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი განცხადება, თუ ის გამყარდება რეალური ნაბიჯებით შერიგებისკენ, დაეფუძნება წარსული შეცდომების გადაფასებას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებისთვის ბოდიშის მოხდას, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმას და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, შეიძლება გახდეს მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი“, – ნათქვამია  განცხადებაში, რომელიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა  16 სექტემბერს.

მოგვიანებით, 9 ოქტომბერს, შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შორის ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ, შამბამ თქვა, რომ “თუკი საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთი მიესალმება შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს”. 

და იქვე დაამატა, რომ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის “პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება”.

 დევნილების რეაქცია

აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილების უმეტესობა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა.

დალი მიქია აფხაზეთიდან დევნილია. სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. აფხაზეთი იძულებით, ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ დატოვა. ფიქრობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, დევნილთა დასახმარებლად, დაკარგული სახლების დასაბრუნებლად, ძალიან ცოტა რამ გაკეთდა.

მისი შეფასებით, დევნილების საჭიროებებს ვერასოდეს ვერცერთი მთავრობა ვერ ხედავდა, მითუმეტეს, “ქართული ოცნება”:

მათ მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ რამე გაკეთებინათ, რადგან მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული ქვეყანა ჩაიბარეს. მაგრამ, 30 ათას ადამიანს ჯერ ისევ არ აქვს ბინა. ეს იცით რას ნიშნავს? მომდევნო 30 წელი კიდევ უნდა ელოდნენ და ბევრი ამას ვეღარც მოესწრება. ისეც, ბევრი დევნილი ვერ მოესწრო თავშესაფარს, განსაკუთრებით, უფროსი თაობა”.

დალი მიქია დევნილების საკითხებზე მუშაობს და მათი განწყობები კარგად იცის. ამბობს, რომ “ქართული ოცნების” კამპანიამ, განსაკუთრებით “ბოდიშმა”, ბევრი გააბრაზა. 

“მთავრობამ აფხაზებს და ოსებს კი არა, ჩვენ მოგვიხადოს ბოდიში, 30 წელი ჯოჯოხეთში რომ ვცხოვრობთ”, – ასეთი იყო მათი რეაქცია.

ვანო აბრამაშვილი, კონფლიქტოლოგი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

ვანო აბრამაშვილის შეფასებით, დევნილების ხმა, საჭიროებები, ხილვადობა, დიდი ხანია დაკარგულია. პოლიტიკური კლასი მათ ვერ ხედავს:  

“ისინი ქცეული არიან ეკომიგრანტების მსგავს ადამიანებად, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ელოდებიან სახლს, კომპენსაციას და როდესაც მიიღებენ, იქ დამთავრდება მათი დევნილობის ამბავი. რა პირობებში ცხოვრობენ, როგორ ცდილობენ მათი ხმის გაკონტროლებას და მანიპულირებას, ამაზე არავინ არ საუბრობს ცხადია“.

ოპოზიციის დისკრედიტაცია

ტერიტორიული მთლიანობის თემის გამოყენების ერთ-ერთი მიზანი, ექსპერტების აზრით, მთავარი ოპონენტის -“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციაა.

ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ სწორედ სააკაშვილი იყო პასუხისმგებელი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაზე. ეს ნარატივი ეხმარება „ქართულ ოცნებას“ შექმნას მტრის იმიჯი, რომელზედაც ამყარებს თავის პოლიტიკურ სტრატეგიას ბოლო წლებში.

პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი. ფოტო: ინტერნეტი

პოლიტოლოგი პაატე ზაქარეიშვილი იხსენებს მსგავს კამპანიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა აზერბაიჯანისთვის საქართველოს რამდენიმე ჰექტარი ტერიტორიის დათმობაში.

მაშინ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიჭირეს ორი კარტოგრაფი, აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის წევრები. მათ ედავებოდნენ არასწორი რუკების გამოყენებას, რის შედეგადაც თითქოს საქართველომ ათასობით ჰექტარი მიწა დაკარგა.

დაიწყეს ფართომასშტაბიანი კამპანია პროპაგანდისტულ არხებზე, რომელსაც უნდა ეთამაშა ადამიანების ემოციებსა და პატრიოტიზმზე. გამოიგონეს სლოგანი „დავით გარეჯი საქართველოა“, რომელიც გამუდმებით ტრიალებდა სამთავრობო არხების ეკრანებზე.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამჯერადაც ასეთ გეგმასთან გვაქვს საქმე – პატრიოტულ განწყობებზე თამაშთან.

მათ სჭირდებათ ისეთი თემა, რომელიც ყურდღებას გადაიტანს სიღარიბიდან, უმუშევრობიდან, უკრაინის ომიდან, უამრავი საკითხიდან.  ეს უნდა  იყოს ისეთი რამ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს. სულ ესაა. ამავე დროს, მათ იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებენ, ეს არც სჭირდებათ, უბრალოდ რაც შეიძლება მეტი  ამომრჩეველი უნდა მიიყვანონ არჩევნებზე“, – ამბობს იგი. 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომავალი

თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2021წ. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

აგვისტოდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება გაისმა, არც ბიძინა ივანიშვილს და არც პარტიის სხვა ლიდერს არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებენ ამ საკითხის მოგვარებას. 

აპელირებამ კონსტიტუციაში ცვლილებების საჭიროებაზე, გააჩინა ვარაუდები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის კონფედერაციის შეთავაზების შესახებ.

კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორია განუყოფელია. გაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, საერთოდ არ არის ნახსენები სამხრეთ ოსეთი. მაშინ მათ უნდა თქვან, რის გაკეთებას აპირებენ. ერთადერთი – შეიძლება სადაც წერია რომ ტერიტორია განუყოფელია, დასვა მძიმე წერტილის ნაცვლად და დაწერო, რომ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება რაღაც, მაგალითად, კონფედერაციული მოწყობის პრინციპი“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი

ექსპერტების შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ ამ ტიპის მოწყობას განიხილავს, ეს ნიშნავს, რომ  უნდა აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რაც მისთვის ძალიან რთული იქნება.

კონფედერაცია არის ორი ან ორზე მეტი სახელმწიფოს კავშირი, როდესაც სახელმწიფოები ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და რჩებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად.

„არც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და არც „ქართული ოცნება“ არ არის მზად ამაზე ისაუბროს, ამ კომპრომისზე წავიდეს“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

საზოგადოების აღშფოთების გამო „ქართულ ოცნებას“ მოუწია აეხსნა, რომ კონფედერაციის იდეა არ არსებობს:

“არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას!”- განაცხადა 6 ოქტომბერს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. თუმცა, კვლავ არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება საარჩევნო დაპირებაში.

ვანო აბრამაშვილის თქმით, კონსტიტუციური მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარების ბოლო ეტაპია. ეს საჭიროა მაშინ, თუ უკვე არსებობს შეთანხმება აფხაზებთან და ოსებთან რა ტიპის სახელმწიფო მოწყობა გვინდა, ამ ტერიტორიებიდან გასულია რუსული სამხედრო ნაწილები და მხოლოდ ბოლო აკორდია დარჩენილი:

„ამ ვითარებაში, როდესაც არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული, ეს საუბრები სრულიად ალოგიკურია. პირიქით, რუსეთის აგრესიული ქმედებები და ზეწოლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებზე სულ უფრო ძლიერდება. რუსეთი ცდილობს სულ უფრო გაღრმავდეს მისი ყოფნა ამ ადგილებში. ამიტომ, ეს დიდი პოლიტიკური ტყუილია“.

ექსპერტების აზრით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება ქართულ ოცნებას შიდა პოლიტიკურ დივიდენდებს არ მოუტანს.

“იმდენად უსაფუძვლოა ეს ლაპარაკი, რომ  ძალიან მეეჭვება, რვინმეზე დიდი გავლენა მოახდინოს.  მაგრამ შეიძლება იყოს გულუბრყვილო ადამიანების რაოდენობა, ვინც ასე იფიქრებს, ყოველ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ამის იმედი აქვს”, – ამბობს გია ნოდია.

“მაშინ, როდესაც ელემენტარული, ხედვა არ განახლებულა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ბოლო 14 წელია, უცებ ყველაზე ბოლო სტადიიდან დაიწყო მოგვარება, რა თქმა უნდა, არასწორია. ქედან გამომდინარე, არაფერი რეალური, სიღრმისეული ამის უკან არ დგას. ეს ყველაფერი არის ძალიან დროებითი და ალბათ, რამდენიმე კვირაში ამას ისე დაივიწყებს “ქართული ოცნება” და არავის ემახსოვრება, როგორც „გარეჯი საქართველოა“ , – დასძენს ვანო აბრამაშვილი.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.