რუსეთიდან აფხაზეთში ფრენები
1 მაისს რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი ავიარეისი განხორციელდა – ფრენა მოსკოვის “ვნუკოვოს აეროპორტიდან” სოხუმის ახლადაღდგენილი აეროპორტისკენ შესრულდა. 1993 წლის ომის შემდეგ ეს პირველი ფრენაა, რომელიც სოხუმის აეროპორტმა მიიღო.
ავიაკომპანიას, რომელმაც აფხაზეთის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა, «ЮВТ Аэро» ეწოდება და ის ევროპული სანქციების ქვეშ არის. სანქციების ქვეშაა ასევე ის სხვა ავიაკომპანიებიც, რომელთაც სოხუმის მიმართულებით რეგულარული რეისები აქვთ დაგეგმილი.
სოხუმის აეროპორტის თემა, როგორც რუსულ, ისე ქართულ და აფხაზურ პოლიტიკურ ველში დიდი ხანია განიხილება. თბილისში ჯერ აეროპორტის აღდგენას, შემდეგ კი განახლებულ ავიამიმოსვლას მოსკოვსა და სოხუმს შორის მრავალმხრივი რეაქცია მოჰყვა.
ამ სტატიაში ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოხმაურებები მოვკრიბეთ – რა რეაქცია ჰქონდა თბილისს რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ავიამიმოსვლის აღდგენაზე?
ოფიციალური უწყებები
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
1 მაისს განცხადება გააკეთა “სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ”, რომლის მიხედვით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის განხორციელებული ფრენები “არ არის სერტიფიცირებული” და ეს “საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა”.
“იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა”, ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფრენების წამოწყებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. განცხადების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო.
სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული ავიაკომპანიის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ავიარეისის “უკანონოდ” შესრულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ,
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენები გაეროს წესდებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევაცაა, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია.
პოლიტიკოსები
ლევან დავითაშვილი
პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო გმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით სოხუმის აეროპორტის ოპერირებას.
“კომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, საქართველოში ვერ ოპერირებენ. გამოყენებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სანქცირებული კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, ჩვენ მათზე ვერ გვექნება გავლენის მოხდენის საშუალება – ეს არის ობიექტური გარემოება”, განაცხადა დავითაშვილმა.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე დაამატა, რომ ისინი ყოველთვის ღიად აფიქსერებენ პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და “ეს რუსული მხარისთვისაც გასაგებია”.
თეონა აქუბარდია
ოპოზიციური პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, როდესაც ივანიშვილის “ოცნება” დასავლეთს და გამოგონილ “ომის პარტიას” უცხადებს ომს, კიდევ უფრო მკაფიოა მათი სიცრუე სუვერენიტეტის გამტკიცებასა და მათ შორის, სუვერენიტეტის დაცვის ირგვლივ.
“ბუნებრივია, ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას “ოცნება” ჩუმი თანხმობით ხვდება”, აცხადებს აქუბარდია.
ჯემალ გამახარია
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, სოხუმის აეროპორტი ეს რუსული აეროპორტია და ანექსიის შემადგენელი ნაწილი.
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო იქნება სამხედრო დანიშნულების, ვიდრე სამოქალაქო – საქართველო, ევროკავშირი, ნატო, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ჩაერთონ, რომ შეწყდეს ექსპლუატაცია,” განაცხადა გამახარიამ.
ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება
თინა ხიდაშელი
ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებლის თინა ხიდაშელის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა რომ გააჩნდეს, აფხაზეთში აღდგენილი საჰარეო მიმოსვლის საპასუხოდ, რუსეთსა და საქართველოს შორის ყველა ფრენას გააუქმებდა.
“ეს არის ერთადერთი ადეკვატური ზომა ასეთ დროს და მერე გააკეთონ რუსებმა არჩევანი, რა ურჩევნიათ მათ მოქალაქეებს – სოხუმში იფრინოს შვიდმა კაცმა, თუ შვიდი ათასმა საქართველოს დანარჩენი აეროპორტები გამოიყენონ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იყენებენ”, განაცხადა ხიდაშელმა.
კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიზაციები
საერთო განცხადება გაკეთდა კონფლიქტებზე მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. განცხადების მიხედვით, საქართველოში რუსული ავიაკომპანიები თავისუფლად ოპერირებენ და ქართული ოცნების ხელისუფლებას გააჩნია უამრავი ბერკეტი, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსულ მხარეზე, ამის არ გამოყენება კი დანაშაულია.
“მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ე.წ. ხელისუფლებისგან მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეაჩეროს რუსული განგრძობადი ანექსია! ასევე მივმართავთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს რათა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორების ჩართულობით მაქსიმალურად გაიზარდოს წნეხი ოკუპანტ ქვეყანაზე, რათა შევაჩეროთ განგრძობადი ანექსიის პროცესი”, წერია განცხადებაში.
ზაზა ბიბილაშვილი
„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თანხმობის გარეშე აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფრენები ვერ აღდგებოდა. “სოხუმის აეროპორტი შევარდნაძის დროს დაიხურა და „ოცნებამ“ „მიაღწია“ იმას, რომ მისი მმართველობის დროს სოხუმის აეროპორტი გაიხსნა”, განაცხადა ბიბილაშვილმა.
“სუს-ისთვის აფხაზეთი პრობლემა არ არის. ვიღაცას რომ იტაცებენ, რას აკეთებენ? განცხადებას ავრცელებს და ცხელ ხაზს ააქტიურებს. პრესცენტრია თუ სუს-ი? სახელმწიფოს უშიშროება მორღვეულია, რადგან ერთი ოჯახის კეთილდღეობასა და სიმშვიდეს ემსახურება და ერთი კონკრეტული სახელმწიფოს, ოღონდ არა საქართველოს, გეოპოლიტიკურ მიზნების გამყარებას საქართველოში”, დაასკვნა ბიბილაშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილი
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ ფრენები, ძირითადად, ტვირთების გადასაზიდად იქნება გამოყენებული. სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციისადმი მოსკოვის ინტერესს ზაქარეიშვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული სანქციებით ხსნის.
“აეროპორტზე სერიოზულად საუბარი მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. მანამდე, თავად რუსეთი ამბობდა, რომ ეს არარენტაბელური იყო, რადგანაც სოჭის აეროპორტი არსებობდა. როგორც კი ომი დაიწყო და რუსეთის სამხრეთის აეროპორტები დაიხურა, სოხუმის აეროპორტზე საუბრებიც აქტიურად დაიწყო. უნდა ითქვას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ ეს აეროპორტი საკმაოდ მალე აღადგინეს”, ამბობს ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგი ასევე შეეხო საქართველოს როლს და რეაქციას სოხუმის აეროპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით: “დიდი ალბათობით, ეს არის კოლაბორაცია. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო მძაფრ განცხადებებს გააკეთებს, ლავროვისთვის მარტივი იქნება თქმა: ‘უკაცრავად, მეგობრებო, აქ თქვენი ინტერესებიც არის ჩართული – ფულის ნაწილი თქვენს ჯიბეებში მიდის’. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ ზუსტად იცის, როგორ გამოეხმაურება რუსეთი მის მძაფრ განცხადებებს, როგორც აეროპორტზე, ისე გალის ტერმინალზე. მე ვფიქრობ, რომ აქ ქართული კომპანიების და ფირმების ინტერესიცაა და გარკვეული ტიპის საერთო პროექტები ხორციელდება”.