მოსაზრება აფხაზეთიდან: ჰპირდება თუ არა კრემლი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის სანაცვლოდ?

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

კანონი უცხოელი აგენტების შესახებ საქართველოში

რაც არ უნდა ლანძღონ ქართველებმა თავიანთი ხელისუფლება, ჩემი სუბიექტური აზრით, ასეთი ზერაციონალური და პრაგმატული ხელისუფლება ჩვენს მღელვარე დროში, რთულად მოსაძებნია. დასავლეთსა და რუსეთს შორის მოხვედრილი, რომელთაგან თითოეული ცდილობს მის ხელში ჩაგდებას – მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ ოსტატურად უმკლავედბა ამ გამოწვევას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში – უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ – საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ოსტატურად მანევრირებდა ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არამედ მისგან საკმაოდ აშკარა დივიდენდებიც მიიღო.

ერთის მხრივსაქართველო იქცა შემაერთებელ ზოლად რუსული პარალელური იმპორტისთვის, რამაც სერიოზულად გამოაცოცხლა ქვეყნის ეკონომიკა. და ამ თანამშრომლობამ ისეთი სანდო ფორმები შეიძინა, რომ კრემლმა, ჯერ კიდევ არ აღდგენილი დიპლომატიური ურთიერთობებით (!), საქართველო “მეგობრული სახელმწიფოების“ კატეგორიაში შეიყვანა.

მეორე მხრივ, ევროკავშირი და აშშ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი არიან ოფიციალური თბილისის ნეიტრალიტეტით, მაგრამ სიტუაცია შორს არის კრიტიკულისგან – საქართველომ მაინც მიიღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ისე, ბოლო დრომდე ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ვითარება ზოგადად იმდენად მოსახერხებელი იყო ხელისუფლებისთვის, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მას სიურპრიზს არ უმზადებდა. ოპოზიცია ზედმეტად დანაწევრებულია და “ქართული ოცნების” გამანადგურებელი გამარჯვება გარდაუვლად მოსჩანდა.

მაგრამ უცებ, “ქართული ოცნება“ მთელ ამ იდილიას საფრთხის ქვეშ აყენებს “უცხო ქვენყის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გადაწყვეტილებით, რომელსაც ბევრი აღიქვამს, როგორც “უცხო აგენტების შესახებ“ რუსული კანონის ქართულ ვერსიას.

ათიათასობით მომიტინგე თბილისში აქციებზე გამოვიდა – და არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ხალხი უბრალოდ იხმაურებს და დაიშლება.

ყველას, მათ შორის მეც, აწუხებს კითხვა: რატომ გააკეთა ეს ქართულმა ოცნებამ?

არგუმენტები, რომ მათ პოლიტიკურ პროცესებში გამჭვირვალობა სჭირდებათ, დამაჯერებლად არ ჟღერს. და ასეც რომ იყოს, მაშინ ლოგიკური იქნებოდა არჩევნების შემდეგ მსგავსი კანონპროექტის ინიციირება.

პარტიის დამფუძნებელი და “სულიერი ლიდერი“, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მსგავს რისკზე არ წავიდოდა საპატიო მიზეზებისა და მოტივების გარეშე. ასეთ მოტივად, მეჩვენება, რომ შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვის დაპირება (რომელიც აქტიურად ავრცელებს „კანონს უცხოელი აგენტების შესახებ“ მეზობელ ქვეყნებში), რომ ხელს შეუწყობს საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“. მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ – როგორც სრულიად დაქვემდებარებული ავტონომიები – არამედ ერთობლივი კონფედერაციული სახელმწიფოს გარკვეული მოდელის შექმნით.

დარწმუნებული ვარ, ამ მოდელს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ხალისით მიიღებს. ხოლო კრემლისთვის, რომელიც თავის ირგვლივ ერთგვარ “უსაფრთხოების ზონას“ აშენებს, საქართველოს კონფედერაციის იდეა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არის ძალიან მომგებიანი პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს მას საქართველო დააკავშიროს საკუთარ სრულ გავლენასთან – გახდის მას ისეთ ნეიტრალურ ტერიტორიად, საიდანაც რუსეთს საფრთხე აღარ დაემუქრება.

რასაკვირველია, არის საიდუმლო კონსულტაციები მოსკოვსა და თბილისს შორის განსაკუთრებით სანდო პირების მეშვეობით. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს არაპირდაპირი ფაქტები, მათ შორის, ჟურნალისტების მიერ ფარულად ჩაწერილი საუბარი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკისა და წარმოშობით ქართველ რუს ბიზნესმენ, დავით ხიდაშელს შორის – ამ საუბარში ხიდაშელმა ახსენა გარკვეული პროექტები აფხაზეთთან, მათ შორის კონფედერაციებთან.

არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესში თავად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც ერთგვარად იყოს ჩართული. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას თანაშემწეებს შორის 2022 წლიდან ჰყავს რუსი ბიზნესმენი ღიად ქართული გვარით – მირილაშვილი, და დარწმუნებული ვარ, რომ არც ეს არის უმიზეზოდ.

“ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების კონტექსტში მართლაც ბევრი კითხვაა და, ჩემი სუბიექტური აზრით, არ შემოიფარგლება წმინდა შიდაქართული პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებით.

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.